მუხლი, რომლის საფუძველზეც აქციაზე 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის ორ ახალგაზრდას 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, პარლამენტმა გასულ წელს – მარტის აქციების შემდეგ – დაჩქარებული წესით მიიღო.
„2024 წლის 14 მაისს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის დროს საბა მეფარიშვილმა და ომარ ოკრიბელაშვილმა როგორც ფიზიკური ძალის, ასევე, ლითონის ძალაყინის გამოყენებით დააზიანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ლითონის კონსტრუქციის ბარიერი, რამაც გამოიწვია 400 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი“, – ვკითხულობთ ბრალის შესახებ დადგენილებაში.
ადვოკატ თათია კონიაშვილის განმარტებით, ორივე მათგანის ბრალდების ოქმში პირდაპირ წერია, რომ ფაქტობრივი ზიანი იყო 250 ლარი, ხოლო 150 ლარი არის ხელობის.
23 წლის საბა მეფარიშვილსა და 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილს პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის გ-ქვეპუნქტით წარუდგინა. ეს ნაწილი 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რა შეცვალა „ოცნებამ“ კანონში? – როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კანონში ცვლილება გასულ წელს შევიდა, დაჩქარებული წესით.
ზოგადად, 187-ე მუხლი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ითვალისწინებს, მეორე ნაწილი კი მოიცავს ერთგვარ დამამძიმებელ გარემოებებს, როგორიც შეიძლება იყოს: ცეცხლის წაკიდება, აფეთქება, დანაშაულის არაერთგზის ან ჯგუფურად ჩადენა.
საქმე ისაა, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ კანონში შეტანილ ცვლილებებამდე ეს მუხლი არ ითვალისწინებდა „ჯგუფურს“, 2023 წლის ივნისში კი სწორედ აღნიშნული გარემოება დაემატა მას და მოექცა 3-დან 6 წლამდე პასუხისმგებლობის ნაწილში.
ცვლილებებამდე ეს ნაწილი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, ანუ „ჯგუფურის“ დამატებასთან ერთად მმართველი პარტიის დეპუტატებმა სასჯელის ზომაც გაამკაცრეს და 6 წლამდე აწიეს.
მმართველი პარტიის დეპუტატებმა სასჯელი გაამკაცრეს ამავე მუხლის პირველ ნაწილზეც – თუ ცვლილებებამდე ეს ნაწილი ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, ცვლილებების შემდეგ თავისუფლების აღკვეთის ვადა ერთიდან 5 წლამდე გაიზარდა.
რატომ გიყვებით ასეთ დეტალებს? – საქმე ისაა, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ წელს სისხლის სამართლის წესით დაკავებულთა ძირითად ნაწილს ბრალი სწორედ 187-ე მუხლის პირველი ან მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი.
„პუბლიკის“ მიერ პროკურატურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებზე სისხლის სამართლის წესით 10 პირი დააკავეს. 7 მათგანს სწორედ 187-ე მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი – ზოგს პირველი, ზოგსაც მეორე ნაწილით (ჯგუფური).
ვინ და როდის დააინიციირა კანონპროექტი?
2023 წლის 26 ივნისს პარლამენტის ბიურომ მსვლელობა მისცა სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტს, რომლის ინიციატორებიც იყვნენ უმრავლესობის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი და თენგიზ შარმანაშვილი. პროექტის თანაავტორი ასევე იყო მაია ბითაძე. ინიციატორებმა პროექტის დაჩქარებულად მიღება მოითხოვეს. შედეგად, სულ რაღაც ოთხ დღეში – 2023 წლის 30 ივნისს – პარლამენტმა ეს პროექტი მესამე მოსმენით განიხილა და მიიღო კიდეც.
აღსანიშნავია, რომ 187-ე მუხლის გარდა, ინიციირებული კანონპროექტი ცვლილებებს სხვადასხვა მუხლში ითვალისწინებდა. ამავე პროექტით ცვლილება შევიდა 259-ე მუხლშიც, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.
საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე განხილვებისას ყურადღება უმეტესად ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის წინააღმდეგ ეფექტიან რეაგირებაზე იყო გამახვილებული, ხოლო 187-ე მუხლსა და „ჯგუფურის“ კომპონენტის დამატებაზე ფაქტობრივად არ უმსჯელიათ.
„ქართული ოცნების“ დეპუტატებს არც განმარტებით ბარათში ჩაუწერიათ, რის გამო გახდა აღნიშნულ კანონში ცვლილებები საჭირო. განმარტებით ბარათში ამ მუხლზე ნათქვამია მხოლოდ ეს:
„ქმედების საშიშროებიდან გამომდინარე ასევე მიზანშეწონილია გამკაცრდეს პასუხისმგებლობა სხვისი ნივთის დაზიანებისთვის ან განადგურებისთვის…
გარდა ამისა, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება ისეთი ქმედების ჩადენისთვის, როგორიცაა სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება“.
პრინციპების დონეზე საკითხის განხილვისას (პირველი მოსმენა) მომხსენებელმა ანრი ოხანაშვილმა მოკლედ ამოიკითხა მუხლში შესატანი ცვლილებები და შემდეგ აღნიშნა მხოლოდ ის, რომ „ეს არის ის საკითხები [ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა და ნივთის დაზიანება], რომელიც შინაარსობრივად შესაძლოა, გარკვეულწილად, კვეთაშიც იყოს ერთმანეთთან და გარდა იმ ტექნიკური ცვლილებისა, ამიტომ არის ერთ პაკეტად წარმოდგენილი“. ასევე მოკლედ შეეხო საკითხს პლენარულ სხდომაზე განხილვის დროსაც.
ანრი ოხანაშვილს საკითხისთვის დრო არ დაუთმია არც იურიდიულ კომიტეტზე მეორე მოსმენისას, როდესაც კანონპროექტებს მუხლობრივად განიხილავენ.
საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე საკითხის განხილვისას მასზე ყურადღება არც საპარლამენტო ოპოზიციას გაუმახვილებია. სამივე მოსმენაზე ყველა შეკითხვა ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობას ეხებოდა, მოსაზრებებიც ამ საკითხზე იყო დაფიქსირებული.
გასულ წელს საკითხს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი” გამოეხმაურა. ორგანიზაცია განცხადებაში აღნიშნავდა, რომ მათი შეფასებითაც, კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის დროს არ ყოფილა მის შინაარსზე დეტალური მსჯელობა. „ამასთან, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, შესაძლოა არათანაზომიერი სიმკაცრის სანქცირებას დაექვემდებარონ შეკრებების და დემონსტრაციების მონაწილეები”, – წერდა ორგანიზაცია.
რატომ არის ეს კანონი უსამართლო
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების მეორე რაუნდი დაიწყებოდა, შეცვლილ კანონს უკვე ჰყავდა ერთ-ერთი პირველი „მსხვერპლი“ – მოძრაობა „ხმის“ აქტივისტები: აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია.
ისინი პოლიციამ იანვარში კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე დააკავა და ედავება სწორედ ჯგუფურად ნივთის დაზიანებას – „აღსრულების ეროვნული ბიუროს, აღსრულების პოლიციის ბალანსზე რიცხული ავტომობილის დაზიანებას, რის შედეგადაც დაზარალებულს 3 380 ლარის ღირებულების მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი მიადგა“.
მუხლი იგივეა, რაც საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის შემთხვევაში.
ხასაიასა და ჩიქობავას საქმის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს. მათი წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოში ცდილობენ, დაამტკიცონ, თუ რატომაა ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელი შეუსაბამოდ მკაცრი და არაკონსტიტუციური.
რა წერია საკონსტიტუციო სარჩელში
მოსარჩელეების – აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოში ორგანიზაცია DRI-ის იურისტები – კონსტანტინე ჩაჩიბაია და თათია კონიაშვილი არიან. მოსარჩელეებს არაკონსტიტუციურად მიაჩნიათ ის, რომ ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანების მუხლი სასჯელის სახედ მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და არ ტოვებს სივრცეს სასჯელის ალტერნატიული სახეებისთვის, როგორიცაა: ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა და ა.შ.
ისინი ცალკე მსჯელობენ პროტესტის გამოხატვის დროს ნივთის დაზიანების შემთხვევებს და ამბობენ, რომ პროტესტის გამოხატვის პროცესში პირთა ჯგუფის მიერ ნივთის დაზიანება/განადგურებისგან მომდინარე სოციალური საშიშროება მრავალ შემთხვევაში შესაძლოა არ იყოს იმდენად მაღალი, რომ სასჯელის ფორმად გამოიყენებოდეს მხოლოდ პატიმრობა 3-დან 6 წლამდე.
„სადავო ნორმა ბლანკეტური ხასიათისაა და სასამართლოს ართმევს შესაძლებლობას სასჯელის განსაზღვრის პროცესში გაითვალისწინოს აღნიშნული ქმედებისთვის ჩადენის ყველა გარემოება, კონტექსტი და ქმედების ჩამდენის პიროვნება. აღნიშნული ქმედებისთვის პასუხისმგებლობის ზომად მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება სამიდან ექვს წლამდე, მოსამართლეს ართმევს შესაძლებლობას ყველა შემთხვევაზე ინდივიდუალურად განსაზღვროს სამართლიანი და პროპორციული სასჯელი.
კერძოდ, ნივთის დაზიანება ან/და განადგურება შეიძლება წარმოადგენდეს საშუალებას და თანმდევ, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ხოლო ამ ქმედების განხორციელების რეალური, მთავარი მოტივაცია და მიზანი კი მდგომარეობდეს რაიმე სახის სოციალური ან პოლიტიკური პროტესტის გამოხატვაში.
პროტესტის გამოსახატად, პირთა ჯგუფმა შეიძლება დააზიანოს რომელიმე ქვეყნის ან ორგანიზაციის სიმბოლიკა ან ნივთი, რომელზეც ეს სიმბოლიკა არის დატანილი. სახელმწიფოს სისხლის სამართლის პოლიტიკის ფარგლებში აქვს დისკრეცია, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მოაქციოს ეს ქმედება, თუმცა სასჯელის განმსაზღვრელი ნორმა არ უნდა იყოს იმდენად ბლანკეტური, რომ მოსამართლეს წაართვას შესაძლებლობა, სასჯელის შეფარდების დროს გაითვალისწინოს ნივთის დაზიანების/განადგურების გარემოებები, ასევე ამ ნივთის რაობა.
შესაძლებელია, პროტესტის მიზნად ქცეული სიმბოლიკა გამოსახული იყოს ისეთ ნივთზე, რომლის მატერიალური ღირებულება აღემატება 150 ლარს (შენობა-ნაგებობა, ავტომანქანა, კომპიუტერული ტექნიკა) და შესაბამისად არსებობს სისხლის სამართლის სანქციის გამოყენების საფუძველი. სწორედ ასეთ შემთხვევას წარმოადგენდა მოსარჩელეების მხრიდან აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომანქანის მინების დაზიანება.
იძულებითი გამოსახლების წინააღმდეგ გამართული პროტესტის დროს, მოქალაქეების ჯგუფმა, მიიჩნია რა, რომ იძულებითი გამოსახლების პროცესი ეწინააღმდეგებოდა მორალის ნორმებს, გამართა საპროტესტო აქცია იძულებითი გამოსახლების პროცესის წინააღმდეგ. თუმცა საპოლიციო ძალის გამოყენებით და მიუხედავად იმისა, რომ სახლის მაცხოვრებლებს შორის იმყოფებოდნენ ხანდაზმული ადამიანები, იძულებითი გამოსახლების პროცესი აღსრულდა.
სწორედ ამ იძულებითი ღონისძიების მიმდინარეობის პროცესში და მის მიმართ პროტესტის გამოსახატად, მოსარჩელეების მიერ ჩამტვრეულ იქნა აღსრულების პოლიციის კუთვნილი ავტომანქანის მინები. აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომანქანა (რომელზეც დატანილი იყო ბიუროს ემბლემა და შესაბამისი მანიშნებელი წარწერა, თუ ვის საკუთრებას წარმოადგენდა ეს ავტომანქანა) დაზიანდა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ პროტესტი მონაწილეებმა ეს ნივთი აღიქვეს, როგორც უსამართლო და ამორალური იძულებითი გამოსახლების პროცესის სიმბოლო“, – ვკითხულობთ სარჩელში.
მათივე თქმით, ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანების/განადგურების შემთხვევებზეც ალტერნატიული პასუხისმგებლობის ზომად არასაპატიმრო სასჯელის არსებობა სასამართლოს რეალურ, პრაქტიკულ შესაძლებლობას მისცემდა, სასჯელის შეფარდების პროცესში ემსჯელა ნივთის დაზიანების/განადგურების გარემოებებზე, ქმედების ჩამდენი პირების მოტივზე, მათ პიროვნულ მახასიათებლებზე და შეეფარდებინა პროპორციული სასჯელი.
როგორც სარჩელში ვკითხულობთ, მასობრივი შეკრების პროცესში, შეუძლებელია თითოეული ადამიანის მოქმედების კონტროლი და აღქმა. როდესაც რამდენიმე პირი წინასწარი შეთანხმების გარეშე, მაგრამ თანადროულად დააზიანებს/გაანადგურებს სხვის ნივთს, სადავო ნორმის თანახმად, მათი ქმედებისთვის გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომა უფრო მძიმეა, ვიდრე ინდივიდუალურად იმავე ქმედების ჩამდენი პირისთვის განსაზღვრული პასუხისმგებლობის ზომა.
სარჩელის ავტორები მიმოიხილავენ უცხო ქვეყნების გამოცდილებასაც და აღნიშნავენ, რომ, მაგალითად, გერმანიის, ესტონეთის, ლიეტუვის სისხლის სამართლის კანონმდებლობაში სხვისი ნივთის დაზიანებისთვის გათვალისწინებულია როგორც თავისუფლების აღკვეთა, ასევე ალტერნატიული პასუხისმგებლობის ზომები, უმეტეს შემთხვევაში ჯარიმის სახით.
დაჩქარებული წესით მიღებულ მუხლს ამნისტიის პროექტიც გვერდს უვლის
როგორც 11 ივლისს გახდა ცნობილი, „ქართულმა ოცნებამ“ ამნისტიის კანონპროექტი დააინიციირა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა მედიას გააცნო, რას შეეხება კანონპროექტი, რომლის პირველი მოსმენით მიღება რიგგარეშე სესიაზე იგეგმება.
კანონპროექტი ვრცელდება მხოლოდ 187-ე მუხლის პირველ ნაწილზე და არ მოიცავს მეორე ნაწილს, რომლის საფუძველზეც არიან ბრალდებულები როგორც აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია, ასევე საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი. შესაბამისად, ამნისტიის ამ რედაქციით მიღების შემთხვევაში ისინი ჰუმანური აქტით ვერ ისარგებლებენ.