მოტოციკლისტის დაღუპვის საქმეზე დაკავებულია პატრულის თანამშრომელი - პროკურატურა

პუბლიკა

პროკურატურამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა. უწყების ცნობით, საქმე ეხება ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

„საქმეზე ამ დროისთვის ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 ივლისს, დაახლოებით 04:35 საათზე, თბილისში, რ.დ. მისი მართვის ქვეშ მყოფი მოტოციკლით გადაჭარბებული სიჩქარით გადაადგილდებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოსთხოვეს გაჩერება, რასაც იგი არ დაემორჩილა და განაგრძო მოძრაობა ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის მიმართულებით, რა დროსაც შეეჯახა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მოძრავ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს. მოტოციკლის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა“, – წერია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინება, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს. სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს.

„საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან საპოლიციო ღონისძიების, დევნის პროცესში შესაძლო დანაშაულის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – აცხადებს პროკურატურა.


„ფორმულას“ ცნობით, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე საპატრულო ეკიპაჟმა მოტოციკლის მძღოლს გზა გადაუკეტა, რამაც ავტოსაგზაო შემთხვევა და შედეგად, მძღოლის დაღუპვა გამოიწვია.