დმიტრო კულებას განცხადებით, ჩინეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.
ხოლო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, ეს დასტურია, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღით აღარ მოამარაგებს.
მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრის ჩინეთში ვიზიტი შეაფასა – კულება ჩინელ კოლეგას შეხვდა.
“უკრაინელი ოფიციალური პირის ვიზიტი ჩინეთში ამ დონეზე არის პირველი შემთხვევა მრავალი წლის განმავლობაში. და ეს კარგია. არის მკაფიო სიგნალი, რომ ჩინეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მან ასევე დაადასტურა ის, რაც ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა მე განმიცხადა, რომ ჩინეთი რუსეთს იარღს არ მიაწვდის. ველოდები მინისტრის დეტალურ ანგარიშს უკრაინაში დაბრუნების შემდეგ”. – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
დმიტრო კულება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს პეკინში შეხვდა და უკრაინული მედიის ცნობით, აუხსნა, როდის იქნება უკრაინა მზად რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის.
კერძოდ, უკრაინა მზად იქნება მოლაპარაკებებისთვის, როცა რუსეთი ამ პროცესს კეთილსინდისერად წარმართავს, რაც ამ დროისთვის არ შეინიშნება.
თავის მხრივ, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, უი ვანგმა კულებას უთხრა, რომ ყველა კონფლიქტი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა გადაწყდეს.
“ბოლო დროს, უკრაინამ და რუსეთმა სხვადასხვა ხარისხით გააგზავნეს სიგნალები, რომ მზად არიან მოლაპარაკებებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ პირობები და დრო ჯერ არ არის მომწიფებული, ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ძალისხმევას, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობას და მზად ვართ გავაგრძელოთ ამ პროცესში კონსტრუქციული როლი”. – ნათქვამია ჩინეთის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის განცხადებაში.
ზელენსკიმ წარსულშიც არაერთხელ თქვა, რომ სი ძინპინი დაჰპირდა, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღს არ მიჰყიდის.