საკონსტიტუციოს თანამშრომელს, რომელიც პოლიციის მხრიდან მისი უფლებების დარღვევაზე წერდა, სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს

პუბლიკა

საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომელი, თორნიკე ობოლაშვილი, რომელიც პოლიციას უფლებამოსილების გადამეტებასა და ფიზიკურ ძალადობაში თავად ადანაშაულებს, სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.

გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

მან გადაწყვეტილების გამოცხადების დროს აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების დასაბუთება დადგენილებაში წერილობით იქნება წარმოდგენილი.

პოლიცია მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას ედავებოდა, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ითვალისწინებს.


17 ივლისს ობოლაშვილმა პირად facebook-ზე ვრცელი პოსტი გამოქვეყნა, სადაც აღწერს პოლიციელთა მიერ გამოვლენილ ძალადობასა და სხვადასხვა სახის დარღვევას.

ობოლაშვილის თქმით, ყველაფერი დაიწყო იმით, რომ პოლიციამ ქუჩაში შეაჩერა, შეამოწმა ზედაპირულად და შემდეგ მოსთხოვა, რომ გაეხსნა ჩანთა.

„…ამის შემდგომ, ამავე პოლიციელმა მითხრა, რომ ზედაპირულად უნდა შევემოწმებინე, რაზეც დავთანხმდი და ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე საშუალება მივეცი ზედაპირულად შევემოწმებინე. მას შემდეგ, რაც ზედაპირულად შემამოწმა, ამავე პოლიციელმა მითხრა, რომ ჩანთა გამეხსნა, რაზეც უარი განვაცხადე, განვუმარტე, რომ ჩანთაში არაფერი უკანონო არ მედო, რომ ვიყავი იურისტი, ვიცოდი ჩემი უფლებები და რომ თუ ჩემი ჩანთის გახსნა უნდოდათ მაშინ უნდა ეწარმოებინათ ჩხრეკა, შესაბამისი პროცედურების დაცვით. ამის შემდგომ, ამავე პოლიციელი გადავიდა აშკარა მუქარის ტონზე და მითხრა რომ თუ ჩანთას არ გავხსნიდი, მაშინ 3 საათით დამაყოვნებდა ადგილზე და ვერსად წავიდოდი”, – წერს ობოლაშვილი.

ამავე facebook-პოსტში ობოლაშვილი წერს, რომ პოლიციელები არ უბრუნებდნენ პირადობის მოწმობას და ამ გზით აიძულებდნენ, რომ გაეხსნა ჩანთა. მას შემდეგ რაც მობილური ტელეფონით ამ ყოველივეს გადაღება დააპირა, ობოლაშვილი ამბობს, რომ მას პოლიციელებმა ტელეფონი წაართვეს და დააკავეს.

„…ტელეფონი წამართვეს, ხელები ძლიერად გადამიგრიხეს და სწრაფი ტემპით წამიყვანეს მათი მანქანისკენ. მე არანაირი წინააღმდეგობა არ გამიწევია… სანამ მანქანამდე მივედით გზაზე წამაქციეს და ასფალტზე დამაგდეს, რის შედეგადაც იდაყვიდან და თითებიდან სისხლი წამომივიდა”, – წერს ობოლაშვილი.

იურისტი წერს, რომ საბოლოო ჯამში პოლიციის განყოფილებაში 4 საათზე მეტი დროის განმავლობაში იყო უკანონოდ დაკავებული და რომ არც დარეკვის უფლება მისცეს.

მისი თქმით, რეაგირებისთვის მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.