თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით ბათუმში კაფე „დაფნა“ გაიხსნა. ამ დრომდე სახლური ხინკლისა და მოდერნისტული ქართული კერძების სივრცე მომხმარებელს მხოლოდ თბილისში, ერთ ლოკაციაზე მასპინძლობდა. 2022 წელს ფორბსის „დაფნა“ „The 12 Best Georgian Restaurants In Tbilisi“-ის სიაში მოხვდა და ტურისტულ გზამკვლევებში უმაღლესი რეიტინგით სარგებლობს.
კაფე ბათუმში, მემედ აბაშიძის 43 ნომერში, ისტორიულ შენობაში მასპინძლობს სტუმრებს და იმეორებს თბილისში არსებული ფილიალის მინიმალისტურ კონცეფციას.
„“დაფნა“ სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ რამდენიმეწლიანი პარტნიორობისას დავრწმუნდით, რომ მათთვის პრიორიტეტი ხარისხია, სწორედ ამიტომ, ძალიან მარტივად შევთანხმდით ახალი ფილიალისთვის საჭირო აქტივების დაფინანსებაზე. დარწმუნებული ვართ, რომ ბათუმს გამორჩეული ლოკაცია შეემატა და მოხარული ვართ, რომ თანამშრომლობის არჩევანი ჩვენზე შეაჩერეს“, – ნოდარ ბარბაქაძე, თიბისი ლიზინგის საკრედიტო დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
„თავდაპირველად გაჩნდა გაფართოების იდეა, შემდეგ სურვილი, რომ არა თბილისში, არამედ ბათუმში შეგვექმნა სივრცე, რომელიც სახლური ხინკლით გაუმასპინძლდებოდა სტუმრებს. ვუფრთხილდებით იმ სიყვარულსა და ნდობას, რომელიც დავიმსახურეთ, ამიტომ კაფე „დაფნა“ ბათუმში იმეორებს დამკვიდრებულ ხარისხსა და სტანდარტს. იმედი გვაქვს, რომ აქაც გავხდებით მეგობრების თავშეყრის საყვარელი ადგილი“, – ნიკოლოზ მამეიშვილი, კაფე „დაფნას“ დამფუძნებელი.