უკრაინული შეტევის გამო კურსკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - რა ვითარებაა რუსეთის ოლქში

პუბლიკა

როგორც რუსული მედია და Telegram-არხები წერენ, რუსეთში, კურსკის ოლქში უკრაინელები შეტევას აგრძელებენ. კურსკის ოლქის გუბერნატორობის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება მიიღეს, რათა „აღმოფხვრან რეგიონში მტრის შეჭრის შედეგები“.

რუსეთის პრეზიდენტმა კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედროების შეჭრის შესახებ 7 აგვისტოს მთავრობის წარმომადგენლები საგანგებო სხდომაზე მოიწვია. პუტინმა უკრაინელთა იერიშს „დიდი პროვოკაცია“ უწოდა და კიევი მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა.

რუსეთის გენშტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა განაცხადა, რომ უკრაინელთა წინსვლა შეაჩერეს და რუსი სამხედროები იბრუნებდნენ კონტროლს რუსეთ-უკრაინის საზღვარზე.

თუმცა განსხვავებულ რეალობას აღწერენ პოპულარული რუსი სამხედრო ბლოგერები. რუსულ Telegram-არხებზე წერენ, რომ უკრაინელები განაგრძობენ წინსვლას. ვრცელდება ცნობები, რომ ისინი საზღვრის სიახლოვეს, ქალაქ სუჯაშიც შევიდნენ, დაუდასტურებელი ინფორმაციით, უკრაინელებმა დასახლება დაიკავეს კიდეც.

ცნობილი რუსული Telegram-არხი Rybar რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას აკრიტიკებს, რადგან არხის ადმინისტრაციის თქმით, ორი თვის განმავლობაში აწვდიდნენ ინფორმაციას მოსალოდნელ საფრთხეზე და სარდლობამ არაფერი მოიმოქმედა.

ასევე რუსული Telegram-არხების მიხედვით, უკრაინელმა სამხედროებმა დაიკავეს სუჯასთან არსებული ურენგოი-უჟგოროდის მაგისტრალური გაზსადენის ერთ-ერთ საკვანძო პუნქტი. ის ერთადერთი მოქმედი გაზსადენია, რომლის მეშვეობითაც რუსეთი ჯერ კიდევ აწვდის გაზს ევროპას.

გუშინ რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაციაც, რომ კურსკში მძიმედ დაიჭრა რუსი სამხედრო ბლოგერი ევგენი პადდუბნი.

ჯერჯერობით უცნობია უკრაინელების იერიშის მასშტაბი და ზუსტად რამხელა ტერიტორია დაიკავეს მათ. საერთაშორისო ორგანიზაცია „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ მიხედვით, ფოტომასალით დასტურდება, რომ უკრაინელთა სამხედრო ტექნიკა, მინიმუმ, 10 კილომეტრის სიღრმეში გადაადგილდება.

კიევი რუსეთის ტერიტორიაზე შეტევის შესახებ ჯერჯერობით ოფიციალურ ცნობებს არ ავრცელებს.