პროკურატურა, სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში გაასაჩივრებს სასამართლო გადაწყვეტილებას, რომლითაც მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და მსჯავრდებულისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს.
უწყების ცნობით, პროკურატურა არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 9 იანვარს, თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, ბრალდებულმა მეუღლეს დანით, სხეულის სხვადასხვა არეში 19 ჭრილობა მიაყენა, მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული გენდერის ნიშნით ჩადენილ ქმედებაში გაამართლა, იგი დამნაშავედ ცნო 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით ოჯახის წევრის მიმართ) და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – ნათქვამია განცხადებაში.