გივი მიქანაძე: ციხის ბუნტის დაწყების დღეს მე ვიყავი მივლინებაში 

პუბლიკა

„ქართული ოცნების” წევრმა, გივი მიქანაძემ უპასუხა გახარიას პარტიის მოწოდებას პროკურატურისადმი, დაიწყოს გამოძიება მიქანაძის წინააღმდეგ. მიქანაძე გახარიას გუნდის წევრებს „ჭორიკანა პოლიტიკოსებს” უწოდებს, ხოლო მათ განცხადებას – დეზინფორმაციას.

პარტია „საქართველოსთვის” წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა გუშინ, 12 სექტემებრს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ საქმე ეხება 2006 წლის 27 მარტს სასჯელაღსრულების მე-5 დაწესებულებაში მომხდარ ციხის ბუნტს.

2006 წელს პატიმრების ამბოხების შემდეგ #5 ციხეში კონტროლის დასამყარებლად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილებით სპეცოპერაცია ჩატარდა.

შედეგად 7 პატიმარი გარდაიცვალა, ხოლო 22 პატიმარმა სხეულის დაზიანება მიიღო.

მაშინ სასჯელაღსრულების მინისტრი ბაჩო ახალაია იყო, ხოლო გივი მიქანაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა და სასჯელაღსრულების სისტემას კურირებდა.

ლევან გოგიჩაიშვილის და გახარიას პარტიის პროკურატურისთვის მიმართვა სწორედ ამ ფაქტს ეფუძნება – გოგიჩაშვილის თქმით, „ლეგიტიმურია ვივარაუდოთ, რომ გივი მიქანაძე იმ დროს ციხეში განვითარებული მოვლენების საქმის კურსში იყო და გადაწყვეტილებები მასთან თანხმდებოდა”.

„არასოდეს ზურაბ ადეიშვილის მოადგილე მე არ ვყოფილვარ და ეს მარტივი გადასამოწმებელია. […] მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არასოდეს ვყოფილვარ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. როდესაც შემომთავაზეს იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოზიცია, მაგ დროს ვმუშაობდი საერთაშორისო ორგანიზაციაში, იქიდან გადავედი და ჩემი ერთ-ერთი მიმართულება და საქმიანობა უკავშირდებოდა პენიტენციურ სისტემაში პატიმართა რესოციალიზაციას. რაც შეეხება ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ბუნტთან დაკავშირებით თურმე მე ვიღებდი რაღაც გადაწყვეტილებებს, აბსურდულია, მარტო იმიტომ, რომ ბუნტის დაწყების დღეს, ელემენტარულად მე ვიყავი მივლინებაში და ამის შესახებ არსებობს მინისტრის მიერ ოფიციალურად გამოცემული ბრძანება”. – დაწერა მიქანაძემ „ფეისბუქზე”.

მან მოუწოდა გახარიას პარტიას, მიმართონ პროკურატურას.

„მე მზად ვარ, სამართალდამცავ ორგანოებთან ვითანამშრომლო, აბსოლუტურად პასუხისმგებელი ვარ ნებისმიერი ჩემს გადაწყვეტილებაზე და ნაბიჯზე. კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო, რომ ჭორიკანა პოლიტიკოსების განცხადებას არ ვეხმაურები, პატივს ვცემ ჩვენს საზოგადოებას და არ მინდა, რომ საზოგადოებაში ცრუ ინფორმაცია იყოს გავრცელებული”. – დაწერა გივი მიქანაძემ.