კობახიძე: ჩვენ უნდა დავლაგდეთ ყველასთან, მათ შორის გლობალური ომის პარტიასთანაც

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება „უნდა დალაგდეს“ ყველასთან, მათ შორის „გლობალურ ომის პარტიასთან“, რაც მოხდება აშშ-სა და საქართველოში არჩევნების დასრულებისა და უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ.

მისი აზრით, „გლობალური ომის პარტიის“ ხელი ურევია აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ვახშამზე მიწვევის გაუქმებაში. კობახიძე ისევ არ აკონკრეტებს, ვის გულისხმობენ ამ ტერმინში.

„ჩვენ უნდა დავლაგდეთ ყველასთან, მათ შორის გლობალური ომის პარტიასთანაც, მას შემდეგ, რაც შეიცვლება ინტერესები, ინტერესები არის დროებითი, ინტერესები იცვლება ვითარების ცვლილებასთან ერთად, მას შემდეგ, რაც დასრულდება ორი არჩევნები, მას შემდეგ რაც დასრულდება ომი უკრაინაში, ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ თვისებრივად შეიცვლება ინტერესები ჩვენი ქვეყნის მიმართ და შესაბამისად გვექნება ურთიერთობების გადატვირთვის საშუალება ყველასთან და ყველაფერთან. […] ჩვენ ზუსტად ვიცით, რა და როგორ უნდა დავალაგოთ მომავალი წლის დასაწყისიდან“, – ამბობს კობახიძე.

მას ჰკითხეს ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში გასულ წელს ვიზიტზე, რომელიც კობახიძისგან განსხვავებით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს შეხვდა:

სალივანთან იყო შეხვედრა, თუმცა, სამწუხაროდ, იმ შეხვედრამ არ მოიტანა თვისებრივი ცვლილებები პოლიტიკაში და თვისებრივ ცვლილებებში ვგულისხმობთ რას – გაგრძელდა ჩვეულებრივი რადიკალური დღის წესრიგი, მაპოლარიზებელი დღის წესრიგი იმ სუბიექტების მხრიდან, რომლებიც პირდაპირ ფინანსდებიან ამერიკელი ხალხის თანხებიდან, ჩვენ ასეთ ცვლილებებს ველოდებით“.

ხელისუფლების კონსპირაციული თეორიებია „გლობალური ომის პარტია”, „გლობალური ძალები”, „ოლიგარქიული ძალები” – „ოცნების” განცხადებით, სწორედ ისინი მართავენ აშშ-ს და მის სახელმწიფო დეპარტამენტს. ამ განცხადებებს „ქართული ოცნება“ რამდენიმე თვეა, აკეთებს.

ეს კონსპირაცია გუშინ, 1 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმაც გაიმეორა და თქვა, რომ „სწორედ „გლობალური ომის პარტიაა” ის ძალა, რომელიც ცდილობს, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებისას, აშშ და ევროკავშირი აიფაროს და მოვლენები ისე წარმოაჩინოს, თითქოს, საქართველოს დაპირისპირება არა მასთან, არამედ აშშ-სთან და ევროკავშირთან აქვს“.

ივანიშვილმა აღნიშნა deep state-ის შესახებ კონსპირაცია – მისი თქმით, ეს აშშ-ში მიმდინარე საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ხაზია.

კონსპირაციის თანახმად, deep state არის ჩრდილოვანი მმართველობა – ხელისუფლების ტიპი, რომელიც მოიცავს ძალაუფლების საიდუმლო და არაავტორიზებული ქსელებს და რომლებიც მოქმედებენ სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან დამოუკიდებლად საკუთარი დღის წესრიგისა და მიზნების მისაღწევად.