„უკან დგას ერიც და ბერიც" - პაპუაშვილმა ჰომოფობიურ კანონს ხელი მოაწერა

პუბლიკა

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა ჰომოფობიური კანონის ხელმოწერაზე, კანონს დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მოაწერა ხელი. ცენზურის დამწესებელი კანონთა პაკეტი პარლამენტმა 17 სექტემბერს მიიღო – ის ერთი ძირითადი და 18 სხვადასხვა კანონში შეტანილი ცვლილებისგან შედგება.

პაპუაშვილი ამასთან დაკავშირებით ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც თავს ესხმის სალომე ზურაბიშვილს მისი გადაწყვეტილების გამო და მას კვლავ უწოდებს „უსამშობლო და ღირებულებადაკარგული ოპოზიციის ნომინალურ ლიდერს”.

„ჩემთვის ამ კანონზე ხელის მოწერა, არის ყველაზე დიდი ლეგიტიმაციის მქონე ხელმოწერა. ხელმოწერა, რომლის უკან დგას ერიც და ბერიც”, – აცხადებს პაპუაშვილი.

გუშინ პრეზიდენტმა კანონს ხელი არ მოაწერა, თუმცა არც ვეტო (მოტივირებული შენიშვნები) გამოიყენა.

კანონის მიხედვით, პრეზიდენტის მიერ ხელის არმოწერის შემთხვევაში კანონს ხელს მოაწერს პარლამენტის თავმჯდომარე. გამოქვეყნების შემდეგ კანონი ძალაში შევა.


„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ – ასე ჰქვია კანონპროექტს, რომელიც აწესებს ცენზურას, ზღუდავს შეკრების თავისუფლებას და შემოაქვს ჰომოფობიური და ტრანსფობიური ჩანაწერები; რიგ შემთხვევებში ასევე აწესებს  სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც.

გარდა ამ საკანონმდებლო პაკეტისა, „ქართულ ოცნებას“ ასევე ინიციირებული აქვს კონსტიტუციური პროექტი, რომელიც ამ საკითხების კონსტიტუციაში ასახვასაც ითვალისწინებს.

მომავალ არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში „ოცნება“ საკონსტიტუციო პროექტის კენჭისყრასა და მიღებას აპირებს.