გახარია ამბობს, რომ მხარს დაუჭერს ტექნიკურ მთავრობას, რომელიც „სრულად აპოლიტიკური" იქნება

პუბლიკა

პარტია „საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია აღნიშნავს, რომ მხარს დაუჭერს ტექნიკურ მთავრობას, რომელიც სრულად აპოლიტიკური იქნება. მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ამ დროებით მთავრობაში ვინმე „ნაციონალურ მოძრაობასთან” „აფილირებული” პირი იქნება, ისინი ამას მხარს არ დაუჭერენ.

ის, ასევე, საუბრობს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შედგენილ და ოპოზიციური პარტიების მხრიდან ხელმოწერილ „ქართულ ქარტიაზე” და აღნიშნავს, რომ მისთვის რიგგარეშე არჩევნები გაუგებარი და აუხსნელია.

„ტექნიკური მთავრობა ნიშნავს ერთადერთს, რომ ამ ტექნიკურმა მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ქვეყნისთვის გაწევრების მოლაპარაკებების გახსნა. ეს არის მკაფიოდ გაწერილი და ამიტომ არის ეს ტექნიკური და დროებითი. მაგრამ მთავრობა ეს არ შეიძლება და ვერ შეეხება პარლამენტს. შეუძლებელია, დღეს რომ 2 მილიონი ადამიანი უნდა მოვიდეს არჩევნებზე, მათ ვუთხრათ, რომ ერთ წელიწადში ისევ არჩევნებია ჩასატარებელი. ეს არ მუშაობს.

რაც შეეხება ტექნიკურ მთავრობას – ტექნიკური მთავრობა ჩვენთვის არის გამოსავალი, რომ არ შეიქმნას მთავრობა, რომელიც ნებისმიერი ფორმით, მცირედითაც კი იქნება აფილირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან”. ეს ჩვენთვის არის კრიტიკული.

ამ ქარტიას ჩვენ ხელი მოვაწერეთ როგორც კონსენსუსს, რომ ქარტია შეიძლება იყოს ერთ-ერთი გამოსავალი, შესაძლო სცენარი, იმ შემთხვევაში, თუ და როცა ოპოზიცია იმარჯვებს არ იყოს რისკი, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ გააკონტროლოს ეს მთავრობა. ამიტომ ეს ტექნიკური მთავრობა არის გამოსავალი. არანაირი სურვილი ამ დროებით ტექნიკურ მთავრობაში მონაწილეობის ჩვენ არ გვექნება, [მაგრამ მონაწილეობა მოგვიწევს], იმიტომ, რომ ეს არ იქნება „ნაცების” მიერ კონტროლირებადი. თუ იქ გამოჩნდება ვინმე „ნაციონალურ მოძრაობასთან” რაიმე სახით აფილირებული, რა თქმა უნდა, ამას ხმას არ მივცემთ. ჩვენი მოტივი ამ ქარტიაზე ხელის მოწერის იყო, რომ დაგვეხსნა ქვეყანა იმ რისკისგან რასაც ჰქვია გაუშვით „ოცნება”, მაგრამ არ მოვიდეს „ნაციონალური მოძრაობა”. პოლიტიკურად ნეიტრალური ტექნიკური [მთავრობა] პრობლემა არ არის.

პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცის ჩვენი პოზიცია 2 კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხზე. პირველი: რიგგარეშე არჩევნები არის გაურკვეველი და მიუღებელი და მეორე, ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერი აფილირებული ადამიანი „ნაციონალურ მოძრაობასთან” ტექნიკურ მთავრობასთან ახლოს გავლილი არის ჩვენთვის წითელი ხაზი. ტექნიკური მთავრობა უნდა იყოს სრულად აპოლიტიკური ამაშია მისი ფასეულობა ჩვენთვის. მერე გზა იქნება ევროკავშირში გაწევრების, ეს პროცესი იქნება დაწყებული, ჩვენ რომ გაწევრების მოლაპარაკებებს გავხსნით, აღვადგენთ სტრატეგიულ პარტნიორებთან ნორმალურ ურთიერთობებს, „ქართული ოცნებისგან” თუ რამე დარჩება, ამაზე მერე ვისაუბროთ”, – განაცხადა გახარიამ TV პირველის ეთერში.

პრეზიდენტმა გასული კვირის განმავლობაში შეხვედრები გამართა ოპოზიციის წარმომადგენლებთან, რომლებიც ხელს აწერენ „ქართულ ქარტიას“. ყველა ოპოზიციონერმა შეხვედრის შემდეგ მედიასთან თქვა, რომ საუბარი არ ყოფილა კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე. მოგვიანებით სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის ტექნიკური მთავრობის წარდგენას აპირებს და მიიჩნევს, რომ ეს არჩევნებამდე უნდა მოხდეს.

პრეზიდენტის ინიციატივას მხარს უჭერენ როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“, ასევე, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა”.