კალანდარიშვილი: უკან რომ სადღაც ფერმა გამოკვეთა, ეს როგორ ნიშნავს ხმის ფარულობის დარღვევას

პუბლიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი „რუსთავი 2-ის“ ეთერში ამბობს, რომ საარჩევნო ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალის გამოჩენა, ხმის ფარულობის დარღვევა არაა.

„კაბინიდან როდესაც გამოვიდა ამომრჩეველი და ამ დროს, ჩვენ შეთავაზებული გვქონდა ამომრჩევლისთვის სპეციალური ჩარჩო-ფორმა, რომელშიც თავსდებოდა ამობრუნებული სახით ბიულეტენი და ზუსტად ეს ამობრუნებული სახით მოთავსებაც, სხვათა შორის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციის გათვალისწინებით უზრუნველვყავით, რომ კიდევ დამატებით ინსტიტუციას მოეფიქრებინა და გადაწყვეტა ჰქონოდა ფარულობის მაქსიმალურ გადაზღვევასთან მიმართებაში და არა სახით, ასე რომ ვთქვათ, არამედ გადმობრუნებული სახით ბიულეტენი თავსდებოდა სპეციალურ ჩარჩო-ფორმაში, რომელშიც მისი სრულყოფილად მოთავსებისა და შემდგომ აპარატში მისი მოთავსების შემთხვევაში, ვერ მოხდებოდა თუნდაც, უკანა მხარეზე გამოჟონილი მარკერის ფერის იდენტიფიცირება. თუმცა, სულ რომ ის, რაც წუხილად არის წარმოჩენილი, რომ თითქოს ეს ჩანდა და არავინ არ უარყოფს, რომ შესაძლოა, ეს ჩანდა, მათ შორის, მესმის, შესაძლოა ჩანდა, ჩვენ არაერთი კადრი გვინახავს ამ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის კენჭისყრის დღეს კომისიებმაც ეს ყველაფერი ნახეს, თუ ასეთ შემთხვევებს ჰქონდა ადგილი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს არჩევანი არის ხელმისაწვდომი ვინმესთვის“, – თქვა კალანდარიშვილმა.

მისივე განცხადებით, ის ფურცელი, რომელიც იმიტირებულ პროცესში გამოიყენეს, იყო დაბალი გრამაჟის და არჩევნებზე გამოყენებული იყო ყველაზე მაღალი გრამაჟის ფურცელი, თუკი ოდესმე ცესკოს არჩევნებზე გამოუყენებია. კალანდარიშვილი ყურადღებას ამახვილებს, ბიულეტენი ჩარჩოში სწორად უნდა მოთავსებულიყო და ვერ მოხდებოდა თუნდაც მეორე მხარეს გამოჟონილი ფერის ხილვა.

„კონსტიტუციური პრინციპი რა არის?! ხმის ფარულობა და ხმის ფარულობა, უკან რომ სადღაც ფერმა გამოიტანა და გამოკვეთა, ეს როგორ ნიშნავს ხმის ფარულობას [დარღვევას] მაშინ, როცა იქ იდენტიფიცირებადი არ არის X, Z თუ რომელ სუბიექტს მიეცა ხმა ხომ?! როგორ შეიძლება, ან ვინ გაზომა, ან ვინ საიდან იცის, ის ზემოთ იყო, ქვემოთ იყო თუ შუაში იყო, რომელ კონკრეტულ სუბიექტს მიეცა ხმა“, – ამბობს კალანდარიშვილი.