21:00 საათზე საქართველოში ამოქმედდება, ე.წ. კომენდანტის საათი, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს, საღამოს 9 საათიდან ხვალ, დილის 6 საათამდე არის აკრძალული გადაადგილება, როგორც ქვეითად, ასევე სატრანსპორტო საშუალებებით.
საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ახალ შეზღუდვებზე პრემიერმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დღეს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა კიდევ ერთხელ განმარტა, რას გულისხმობს შეზღუდვები. მისი თქმით, ეს შეზღუდვა არ ეხება მხოლოდ სატვირთო მანქანებსა და იმ სუბიექტების სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა საქმიანობაც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, მაგალითად, ისეთი, როგორიც არის პოლიცია, სამხედროები, წინასწარ განსაზღვრული სამედიცინო მანქანები, ზოგიერთი საჯარო მოხელეები და სხვა ამდაგვარი.
„მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო საქართველოს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამოცხადებული გადაადგილების შეზღუდვა, რომელიც დღეს, საღამოს 9 საათიდან ამოქმედდება და იმოქმედებს დილის 6 საათამდე. ასე იქნება მთელი საგანგებო პერიოდის განმავლობაში. გთხოვთ, რომ დაიცვათ ეს რეჟიმი. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმები, რომლებიც გულისხმობს ფიზიკურ პირებზე 3 000 ლარიან ჯარიმას, ხოლო იურიდიულ პირებზე 15 000 ლარიან ჯარიმას. ჩვენი მოწოდებაა, ყველამ დავიცვათ ის შეზღუდვები, რომლებიც ძალაში შედის, დღეს 21:00 საათიდან“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.