კოალიცია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით, სააპელაციო სასამართლოს კიბეზე დატოვეს არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები. სასამართლოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილობასთან დაკავშირებით საჩივრები განიხილება, სხდომა ზეპირი განხილვის გარეშე ჩატარდება. თინა ბოკუჩავას თქმით, მოსამართლეები „მალულად გამოიტანენ გადაწყვეტილებას იმისთვის, რომ დააკანონონ გაყალბებული არჩევნები“.
„ივანიშვილმა ქვეყანაში გააუქმა არჩევნები და გააუქმა სასამართლო, რომლის მორიგი დასტურია დღევანდელი სასამართლო სხდომა, რომელიც ვერც კი ჩაატარეს იმდენად სამარცხვინო გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს სამმა ქალმა მოსამართლემ, რომლებსაც ამჯერად დაევალათ რეჟიმისგან გაყალბებული არჩევნების დაკანონების დანაშაული. ეს არის მოსამართლე თამარ ონიანი, ნინო ჭიჭილაშვილი, ილონა თოდუა, რომლებმაც ვერც კი გაბედეს, იმდენად სამარცხვინო იქნება მათი დღევანდელი გადაწყვეტილება, რომ ჩაეტარებინათ სხდომა მხარეების მონაწილეობით და ზეპირი განხილვის გარეშე მალულად გამოიტანენ გადაწყვეტილებას იმისთვის, რომ დააკანონ გაყალბებული არჩევნები“, – თქვა თინა ბოკუჩავამ.
ენმ-ის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნების დღეს დაწერა 600 საჩივარი, ასევე გაასაჩივრა ყველა საოლქო კომისიის შემაჯამებელი ოქმო და მოითხოვა ყველა უბნის ბათილობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ივერი აბაშიძემ მოსარჩელეების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და საოლქო კომისიების შემაჯამებელი ოქმები ძალაში დატოვა.
„დღეს დილიდან ხაზს ვუსვამ, რომ გააუქმეს სასამართლო მოსამართლეებმა. მაკულატურად აქციეს ყველა ის ქაღალდი და მტკიცებულება, რომელსაც ჩვენ დღეს წარვუდგენდით. არაფერს აზრი არ ჰქონია, ამიტომ თქვენ თვალწინ ამ მაკულატურას [სააპელაციო სასამართლოს] კიბეებზე დავტოვებთ, დავუყრით. იმიტომ, რომ მათ ეს [მტკიცებულებები] არ აინტერესებთ. არც კითხულობენ, არც აანალიზებენ და წერენ იმას, რასაც ბიძინა ივანიშვილი დაავალებს მათ. ამიტომ მათ სამართალს ახლა აქ დავუყრით და აქედან წავალთ“, – თქვა კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.