ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ არჩევნები უნდა იქნას გამოძიებული. მისი თქმით, საქართველოში გამოგზავნიან მისიას, ასევე მიიწვევენ ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს საქართველოს არჩევნებში აღმოჩენილ დარღვევებზე სასაუბროდ.
ბორელის თქმით, ქართველი ხალხისთვის ევროკავშირის კარი ღიაა, თუმცა ხელისუფლება ქვეყანას ამ გზას აშორებს.
„ასულ თვეში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამ მოქმედი ხელისუფლების ქვეშ ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა დაადასტურა. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ქვეყანა ევროკავშირის გზას დააშორეს, ეწინააღმდეგებიან ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომ ქვეყანა ევროკავშირის გზაზე იდგეს.
ჩვენ ყველას გვსურს, რომ საქართველო დაბრუნდეს ევროპულ გზაზე და ეს მოითხოვს ძალისხმევას. ჩვენ გავაგზავნით მისიას საქართველოში.
ვიმსჯელებთ დარღვევებზე და არჩევნები უნდა იქნეს გამოძიებული და ხელისუფლებამ ცვლილებები უნდა განახორციელოს კონკრეტული ქმედებებით. საქართველოს არ შეუძლია წინსვლა გააგრძელოს ევროკავშირთან ურთიერთობაში მკაფიო ცვლილებების გარეშე.
ჩვენ მოვიწვევთ ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, რათა წარმოგვიდგინოს მათი მიგნებები არჩევნების დარღვევებზე.
ქართველ ხალხს კი მინდა გავუმეორო რაც ვთქვი წინა წელს ჩემი ვიზიტისას, ევროკავშირის კარი ღია დარჩება, მაგრამ ხელისუფლების კურსი, როცა ეს შეეხება კანონის უზენაესობის პატივისცემას და საბაზისო პრინციპებს, მათ შორის იმას, როგორც ჩატარდა არჩევნები, საქართველოს ევროინტერგაციის გზას აშორებს“, – განაცხადა ბორელმა.
მოგვიანებით ბორელმა შეკითხვის საპასუხოდ დააზუსტა, რომ საქართველოში პოლიტიკურ მისიას გამოაგზავნიან, რათა ყურადღებით შეისწავლონ, რა მოხდა არჩევნებზე.
მისივე თქმით, მათ შეაჩერეს ევროპული სამშვიდობო ფონდიდან მხარდაჭერა, ასევე შეაჩერეს 120 მილიონი ევროს სამთავრობო მხარდაჭერა და ეს ფული მიემართება სამოქალაქო საზოგადოებას და ხალხისკენ.
ბორელის თქმით, შეისწავლიან ყველა დარღვევას, რომლის შესახებაც გაცხადდა, ასევე მოიწვევენ ოდირის მისიის ხელმძღვანელს.
ბორელმა ასევე განმარტა, რა იქნება მისიის მიზანი:
„შეაფასებს რა მოხდა ამ არჩევნებთან დაკავშირებით, რომლის სამართლიანობაც ეჭვქვეშ დგას, თავად პრეზიდენტის მიერ. არჩევნების შედეგებმა ევროპაში დიდი შეშფოთება გამოიწვია უკუსვლის გამო და ადგილზე ვითარება შესასწავლია, გასაანალიზებელია და ტექნიკური მისიის ამოცანაც ეს არის. სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მოწვეულია, მასზე უკეთ არავის შეუძლია თქვას რა მოხდა ადგილზე. ასე რომ, სიტუაციას შევისწავლით, ყველა ბრალდებას გადავხედავთ, ამაზე მეტის თქმა არ შემიძლია. ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებები უნდა დაკმაყოფილდეს და ყველა გარემოებას ნათელი უნდა მოვფინოთ, მაგრამ მისიის შედეგს წინასწარ ვერ ვიტყვი“, – განაცხადა მან.