ტრამპი: მექსიკის პრეზიდენტი მექსიკის გავლით აშშ-ში მიგრაციის შეჩერებას დათანხმდა

პუბლიკა

ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ მექსიკის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას მიგრაციის საკითხი განიხილა.

ტრამპის თქმით, მექსიკის პრეზიდენტი „მექსიკის გავლით ამერიკის შეერთებულ შტატებში მიგრაციის შეჩერებას დათანხმდა”.

„მექსიკის ახალ პრეზიდენტთან, კლაუდია შეინბაუმთან შესანიშნავი საუბარი მქონდა. ის მექსიკის გავლით ამერიკის შეერთებულ შტატებში მიგრაციის შეჩერებას დათანხმდა, ფაქტობრივად – ჩვენი სამხრეთ საზღვრის დაკეტვას.

ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს შეერთებულ შტატებში ნარკოტიკების მასობრივი შემოდინების შესაჩერებლად და ასევე, ამ წამლების აშშ-ში მოხმარების შესაჩერებლად. ძალიან პროდუქტიული საუბარი იყო!“, – წერს ტრამპი Truth Social-ის პლატფორმაზე.

მექსიკის პრეზიდენტის, კლაუდია შეინბაუმის განცხადებით, ტრამპს მიგრაციასთან დაკავშირებით მექსიკის ყოვლისმომცველი სტრატეგია აუხსნა.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ მექსიკის პოზიციას არა საზღვრების ჩაკეტვა, არამედ მთავრობებსა და ხალხებს შორის ხიდების აშენება წარმოადგენს.

მე ვუთხარი [ტრამპს], რომ ქარავნები ჩრდილოეთ (აშშ) საზღვარს არ მიაღწევენ, რადგან მექსიკა მათზე ზრუნავს“, – წერს მექსიკის პრეზიდენტი X-ზე.

25 ნოემბერს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ ყველა პროდუქტზე 25%-იან გადასახადს დააწესებს, რომელიც ძალაში იქამდე დარჩება, სანამ აღნიშნული ქვეყნები აშშ-ში ნარკოტიკებისა და მიგრანტების უკანონოდ შესვლას არ შეზღუდავენ.