მიხეილ ჩხენკელი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რიგით მეთერთმეტე მინისტრი იყო – ის 2017 წლის 13 ნოემბერს დაინიშნა და თანამდებობა 8 თვის განმავლოვაში ეკავა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ განათლების მინისტრად მთავრობამ კვლავ მიხეილ ჩხენკელი დანიშნა. შესაბამის ბრძანებას, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დღეს მოეწერა ხელი. მთავრობამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ყოფილმა მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, რომელსაც აღნიშნული პოსტი 1 წლისა და 3 თვის განმავლობაში ეკავა, თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
გთავაზობთ ინფორმაციას, თუ რა გეგმებითა და ინიციატივებით მოვიდა მიხეილ ჩხენკელი მინისტრის თანამდებობაზე 2017 წელს და განათლების სისტემაში რა ინიციატივებით დაამახსოვრა საზოგადოებას თავი.
ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე, რომელიც მიხეილ ჩხენკელის მინისტრობის დროს მოხდა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიაა. 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის ჩხუბი მოხდა. ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად 51-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლე დაიღუპა. მიხეილ ჩხენკელმა ძალადობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა და ძალადობის წინააღმდეგ დარგის სპეციალისტების, ფსიქოლოგებისა და მშობლების ჩართულობით ფართომასშტაბიანი კამპანიაც დააანონსა. „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ ცვლილებებიც შევიდა, გადაიხედა მანდატურის სამსახურის ფუნქციები, მანდატურის დანიშვნის წესი, სამსახურს ახალი უფლებამოსილებები დაემატა.
ერთი თვით ადრე, სანამ თანამდებობიდან გაათავისუფლებდნენ, 2018 წლის მაისში, ჩხენკელმა სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა და განათლების ყველა საფეხურზე დაგეგმილი ინიციატივა გააცნო საზოგადოებას. ივნისში კი, პრემიერ-მინისტრის წარდგენით, თანამდებობა მიხეილ ბატიაშვილმა დაიკავა.
პრეზენტაციაზე ჩხენკელმა განათლების სისტემაში ოთხ მთავარ მიმართულებაზე ისაუბრა, – ზოგადი, უმაღლესი და პროფესიული განათლება, ახალგაზრდული პოლიტიკა.
ზოგადი განათლება
ზოგადი განათლების მიმართულებით, მაშინდელ პრეზენტაციაზე მინისტრმა განაცხადა, რომ სამინისტრო მიმართავდა ძალისხმევას პედაგოგთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებისა და პროფესიული ცოდნის ამაღლებისთვის. რეფორმის მიხედვით, სპეციალური ტრენინგებით პედაგოგებს საშუალება მიეცემოდათ, სწავლის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მეთოდებს დაუფლებოდნენ.
ჩხენკელმა ასევე დააანონსა მოსწავლეების ხარისხიანი სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა. მისი თქმით, სახელმძღვანელოების როგორც შინაარსი, ისე წონა, მორგებული იქნებოდა მოსწავლეების ასაკობრივ განვითარებასა და შესაძლებლობებს.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა ზოგადი განათლების სისტემის ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტების ჩართულობით შეფასების მნიშვნელობაზე.
მოსწავლებში შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით, ჩხენკელმა დააანონსა პროექტი „ევრიკა“, რომელიც სკოლების საგანმანათლებლო პროცესში უნივერსიტეტების ჩართულობას გულისხმობდა. გამოცდილ მეცნიერებსა და პედაგოგებს საშუალება მიეცებოდათ ონლაინგაკვეთილები ჩაეტარებინათ მოსწავლეებისათვის, მაგალითად: სახალისო მათემატიკა, სახალისო ფიზიკა, სახალისო ქიმია, სახალისო ისტორია, სახალისო ლიტერატურა.
ჩხენკელი აცხადებდა, რომ მისთვის პრიორიტეტული იყო სოფლის სკოლების გაძლიერება და მიზნად ჰქონდა დასახული, სოფლის სკოლები ჩამოყალიბებულიყო კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრად, რომელიც საბავშვო ბაღს, სკოლას, კოლეჯს, ბიბლიოთეკას, სპორტულ და შემოქმედებით კლუბებს გააერთიანებდა.
პროფესიული განათლება
როგორც რეფორმის წარდგენისას ჩხენკელმა განაცხადა, მისი გუნდისთვის პრიორიტეტული იყო, უნივერსიტეტის ბაზაზე დაეფუძნებინა პროფესიული კოლეჯები, რომლებიც სტუდენტებს საშუალებას მისცემდა, ყველა იმ უპირატესობით ესარგებლათ, რაც საუნივერსიტეტო სივრცეს აქვს.
ჩხენკელი ამბობდა, რომ რეფორმის მიხედვით, კოლეჯები კერძო კომპანიების ბაზაზეც შეიქმნებოდა, საუკეთესო სტუდენტებს კი შესაძლებლობა მიეცემოდათ, ამავე კომპანიაში დასაქმებულიყვნენ. რეფორმა ასევე ითვალისწინებდა კოლეჯების სტუდენტებისა და პროფესორების მობილობას უცხოეთში.
უმაღლესი განათლება
რეფორმის წარდგენისას, ჩხენკელმა ყურადღება გაამახვილა უნივერსიტეტებისა და მეცნიერების მხარდაჭერაზე და დააანონსა საგრანტო კონკურსები, როგორც ფუნდამენტალურ, ასევე გამოყენებით კვლევებში. მისი განმარტებით, რეფორმის მიზანი იყო თანამშრომლობის გაღრმავება საერთაშორისო სამეცნიერო ფონდებსა და ორგანიზაციებთან Horizon2020, Cost Action, Academia Europea, Cern .
ახალგაზრდული პოლიტიკა
წარმოდგენილი რეფორმის მიხედვით, ჩხენკელი გეგმავდა არაფორმალური განათლების ხელშეწყობას, ახალგაზრდულ და მოსწავლეთა ბანაკებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. სეზონური სამეცნიერო სკოლების გაძლიერებას.
**************
მინისტრობამდე მიხეილ ჩხენკელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორის თანამდებობას იკავებდა. მინისტრობის შემდეგომ კი პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იყო განათლების საკითხებში.
ბიოგრაფია
მიხეილ ჩხენკელმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი – იყო აკადემიკოს მუსხელიშვილის სახელობის სტიპენდიანტი; შემდეგ – ამერიკის შეერთებულ შტატებში პენსილვანიის უნივერსიტეტის დოქტორანტურა, სადაც მას მათემატიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა.
უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ ჩხენკელი 20 წლის განმავლობაში ასწავლიდა ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, მათ შორის „საპროფესორო ოსკარი“ საუკეთესო სწავლებისთვის, პენსილვანიის უნივერსიტეტის 9 ჯილდო საუკეთესო სწავლებისთვის, Goldman Sachs-ის ფონდის პრემია, სამეცნიერო-კვლევითი გრანტები და სტიპენდიები. არის მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი, ამერიკაში გამოცემული წიგნების რეცენზენტი და სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოებების წევრი. ამერიკის უნივერსიტეტებში მოღვაწეობისას მიხეილ ჩხენკელი იყო მათემატიკის დეპარტამენტის კომპიუტინგის კომიტეტის თავმჯდომარე, პროფესორთა სენატის წევრი, მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების საკონკურსო კომიტეტების წევრი, ტექნოლოგიის, ანალიტიკური აზროვნების, აკადემიური სტანდარტების კომიტეტების წევრი, ამერიკის მათემატიკური საზოგადოების სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციების ჟიურის წევრი, სამეცნიერო-კვლევითი კონფერენციების და მათემატიკური ოლიმპიადების ორგანიზატორი, Cengage Learning-ის მრჩეველი და გოლდვოტერის პრემიის კომიტეტის წევრი.