„ქართული ოცნების“ პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიიღებენ კანონს, რომლითაც შეკრების მონაწილეებს აეკრძალებათ სახის დაფარვა. მისი თქმით, „ნიღბებით დადის ყველა ვისაც არ ეზარება“ და შსს-ს რეაგირება უჭირს.
„გამომდინარე იქიდან, რომ არის ძალიან ბევრი ნიღბიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს უჭირს რეაგირება ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით, ვეღარ ხდება იმის გარჩევა, ვინ არის მომიტინგე ვინ არ არის მომიტინგე და ასე შემდეგი. ამასთან დაკავშირებით გუშინ უკვე ერთგვარი ანონსი გაკეთდა, მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ მივიღებთ კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრებაზე შეკრების მონაწილეების მიერ, მათ შორის კონტრშეკრების მონაწილეების მიერ სხვადასხვა საშუალებებით სახის დაფარვა“, – თქვა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ღამით ბესიკის ქუჩაზე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისში ე.წ. ტიტუშკების შეჭრას აშუქებდა „ტვ პირველის“ ჯგუფი, რა დროსაც არხის ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. წაართვეს აპარატურა. ამავე დღეს სცემეს კიდევ რამდენიმე ადამიანს.