უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომავალი სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი უკრაინას ეწვევა.
ზელენსკის ცნობით, ვიზიტი ტრამპის ინაუგურაციამდე, იანვრის დასაწყისში შედგება.
„ვიზიტი შედგება იანვრის დასაწყისში. ჩვენ ველოდებით ბატონ კელოგს და ვისაუბრებთ, თუ რა აქვს ან ჰქონდა მას მხედველობაში”, – განაცხადა ზელენსკიმ და მიანიშნა კელოგის მიერ გამოთქმულ იდეებზე რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის შესახებ.
იქამდე, „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კელოგი იანვრის დასაწყისში კიევსა და ევროპის სხვა რამდენიმე ქალაქს ეწვეოდა. გამოცემის თანახმად, კელოგი ამ პერიოდში მოსკოვში ვიზიტს არ გეგმავს.
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთისა და უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი კიტ კელოგი გასულ თვეში დაასახელა.