19 წლის სანდრო ბუკია სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერად გააფრთხილა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ 19 წლის სანდრო ბუკია, რომელიც 7 დეკემბერს რუსთაველის მეტროს მიმდებარედ დააკავეს, პოლიციელის დაუმორჩილებლობის მუხლში სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა.

სანდრო ბუკიას დაკავება „პუბლიკამ“ გადაიღო. ის რუსთაველის გამზირზე დედასთან ერთად მიდიოდა, რა დროსაც მოპირდაპირე მხარეს ჩასაფრებული შავ ფორმაში ჩაცმული სპეცრაზმელები გამოცვივდნენ და რამდენიმე მოქალაქე დააკავეს.

სანდრო ბუკიას დედა სპეცრაზმელებს მიმართავდა, რომ მის შვილს ეპილეფსია აქვს, თუმცა მათ ეს არ გაითვალისწინეს და ბიჭი მაინც დააკავეს.

„კიდევ ერთი გამარჯვება უსამართლობის წინააღმდეგ! დღეს სანდროს სასამართლო პროცესი გაიმართა – ახალგაზრდის, რომელიც დედას ხელიდან გასტაცეს, სცემეს და ბრალად წაუყენეს გინება და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა. პროცესზე კვლავ დავინახეთ უნიჭო თეატრალიზებული დადგმა, მაგრამ აშკარად შეინიშნებოდა სანქციების შიში, რადგან სანქცირებული მოსამართლის ნინო ენუქიძის ქცევა შედარებით შეცვლილი იყო. ის უფრო შეშინებულს ჰგავდა.

სახელმწიფოს მოწმეებმა ვერ შეძლეს გინების ფაქტის დამტკიცება – მოწმეები ერთმანეთისგან სრულიად აცდენილ ჩვენებებს აძლევდნენ. ვიმეორებ, მორიგი უნიჭო სპექტაკლი იყო. რა თქმა უნდა სანდროს უმაგრესმა ადვოკატმა თამუნა გაბოძემ ათრია მოწმეები, სახელმწიფოს წარმომადგენელი იურისტიც მოსპო და მოსამართლეც კარგად ამეცადინა.

საბოლოოდ შედეგი ასეთია: გინების ნაწილში არ ცნეს სამართალდამრღვევად, ხოლო პოლიციელის დაუმორჩილებლობის ნაწილში გაფრთხილება.

ამ სისტემაში, ასეთ სასამართლოში ეს დიდი გამარჯვებაა. ეს კი ვერ მოხდებოდა თუ ჩვენ არ ვიდგებოდით ქუჩაში. ჩვენი შეუპოვრობის შედეგია სანქციებიც.

ანუ ჩვენს ქუჩაში დგომას მოაქვს სარგებელი ადამიანებისთვის და ჯამში რეჟიმს უთხრის ძირს. არ უნდა გავჩერდეთ. ბრძოლა გრძელდება, და რეჟიმს მალე ჩამოვშლით. მათ დიდი მომავალი არ აქვთ!“, — წერს სოციალურ ქსელში საქართველოს უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურის უფროსი არჩილ ჯანგირაშვილი.