„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

პუბლიკა

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის” გლობალური ქსელი ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს – IPI-ში აღნიშნავენ, რომ ამაღლობელი დააკავეს დამოუკიდებელი ჟურნალისტების შევიწროებისა და თავდასხმების მზარდი შემთხვევების კონტექსტში.

„IPI მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ამაღლობელის წინააღმდეგ ყველა არაპროპორციული ბრალდება გააუქმოს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის და შეწყვიტოს „ბათუმელებისა” და მისი თანამშრომლების შევიწროება”, – ნათქვამია განცხადებაში.

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი” სოლიდარობას უცხადებს „ბათუმელების” ჟურნალისტებსა და სხვა დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას იმისთვის, რომ ქართული საზოგადოება ინფორმირებული იყოს.


მზია ამაღლობელი ბათუმში აქციაზე 11 იანვარს დაწყებულ აქციაზე, უკვე 12 იანვარს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს – თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს.

გათავისუფლებიდან მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს 2 სხვა პირთან ერთად.

„ბათუმელების“ ცნობით, დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში. ამაღლობელმა მას დაკავების შემდგომ მის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ განუცხადა.

13 იანვარს „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.

მათი ცნობით, მზია ამაღლობელის დაკავებაში ირაკლი დგებუაძე პირადად მონაწილებდა.

14 იანვარს მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. წინასასამართლო სხდომის თარიღად 4 მარტი, 11:00 საათი განისაზღვრა.