ჟურნალისტები მზია ამაღლობელს სთხოვენ, შეწყვიტოს შიმშილობა

პუბლიკა

ჟურნალისტები მზია ამაღლობელს სთხოვენ, შეწყვიტოს შიმშილობა.

საერთო განცხადებაში ნათქვამია:

„მზია,

ჩვენ, შენი მეგობრები და კოლეგები, პატივისცემით ვუყურებთ შენს ურყევ ნებასა და ბრძოლას სამართლიანობისთვის.

შენი ხმა ჩვენი და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ფასდაუდებელია. გვჯერა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე, ერთად გასაკეთებელი, წინ გვაქვს. მე-11 დღეა შიმშილობ. გთხოვთ, შეაჩერო პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა.

შენ ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ, როგორც პროფესიონალი და როგორც ადამიანი.

შენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე სასწორზე არ უნდა დადო. ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, რომელსაც თითოეულ ჩვენგანზე, ჩვენს პროფესიაზე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე ამხელა გავლენა აქვს.

ყველანი შენ გვერდით ვართ, შენი მაგალითით გამხნევებულები და ძალამოცემულები, და გთხოვთ, იფიქრო საკუთარ ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე და მის მნიშვნელობაზე ჩვენთვის.

თავისუფლება ჩვენ შენთან ერთად გვჭირდება“.

„ბათუმელების” დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის ხელის დარტყმის გამო 11 იანვარს დააკავეს.

ედავებიან პოლიციელზე თავდასხმას. დაკავებისას მზია ამაღლობელს მიაყენეს შეურაცხყოფა, მოექცნენ არაადამიანურად. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„ბათუმელების” დამფუძნებელს შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა, ამასთან, გამოცხადებული აქვს შიმშილობა.

21 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო საჩივარი მზია ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეცვლის შესახებ.

წინა დღეს, 20 იანვარს „საიას“ თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ თუ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ პატიმრობას არ შეუცვლის, მაშინ ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.