პარტია „გახარია – საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს და ეხმაურება ბათუმში მასზე თავდასხმას. გახარია თავდასხმას ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს და აცხადებს, რომ ის დიდი ხანია ემუქრება მას, ასევე, მის ოჯახს.
„მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. დღეიდან მუშაობის ჩვეულ რიტმს ვუბრუნდები. რაც შეეხება თავდასხმას, ეს იყო წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით მოწყობილი, პოლიტიკური შურისძიება. თავდასხმის დამკვეთი – ბიძინა ივანიშვილი.
ივანიშვილი დიდი ხანია მემუქრება მე და ჩემს ოჯახს, სხვადასხვა ფორმით და გზებით, მათ შორის, საჯაროდაც. მე არ მაინტერესებს ამ თავდასხმის შემსრულებლები. მე საქმე მაქვს ჩემზე თავდასხმის და მოქალაქეებზე ძალადობის დამკვეთთან. რაც შეეხება გამოძიებას, მათ ვაძლევთ შესაძლებლობას, შეინარჩუნონ სახე და არ გახდნენ ძალადობრივი დანაშაულების თანამონაწილე”, – წერს გიორგი გახარია.
გახარიას აქამდეც უსაუბრია ივანიშვილის მხრიდან მუქარაზე – კერძოდ, „ქართული ოცნების” დამფუძნებელმა სატელევიზიო ინტერვიუში გააჟღერა მუქარა, რომ პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ წევრებს და მის ლიდერს, მკაცრად მოუწევთ პასუხი აგონ. ივანიშვილმა თქვა, რომ მათ ვინც გიორგი გახარიას გვერდით დგას, გაასამართლებენ და რომ მმართველ გუნდს „სასამართლოს დონეზე“ აქვს ყველა დოკუმენტი დალაგებული.
ამას გიორგი გახარია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ივანიშვილისგან ეს „პირველი მუქარა” არ ყოფილა.
გუშინ, 21 იანვარს პარტიამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, გიორგი გახარიაზე ორგანიზებული თავდასხმიდან ამ დრომდე „შერატონი ბათუმი“ უარს აცხადებს ვიდეოკადრების გადმოცემაზე. მათივე ცნობით, ჩანაწერები განჩინებით სრულად სერვერებიანად წაიღო პროკურატურამ, წაღებულია ვინჩესტერებიც და მათ ჩანაწერის ასლი აღარ აქვთ.
გახარიას ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ თავს 15 იანვარს დაესხნენ. „პუბლიკის“ ინფორმაციით, თავდასხმაში „ქართული ოცნების“ პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მონაწილეობდნენ. გიორგი გახარია კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის თქმით, გახარიას ჰქონდა ცხვირის ძვლის მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა.
გახარიაზე თავდასხმის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ბერდია სიჭინავას თქმით, გიორგი გახარიას ბათუმში, სასტუმრო „შერატონის” ფოიეში 10-მდე პირი დაესხა თავს. მისივე განცხადებით, ამ დროს გახარია მარტო იმყოფებოდა.