უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა მზადაა თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიცირებისთვის. ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში თურქეთის ბიზნესისა და მთავრობის წარმომადგენლების დელეგაციასთან შეხვედრისას განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის ვაჭრობის მინისტრ ომერ ბოლატს და სოფლის მეურნეობის მინისტრს, იბრაჰიმ იუმაკლის შეხვდა.
შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები, დრონების წარმოებაში თანამშრომლობა და უკრაინის რეკონსტრუქციაში თურქული კომპანიების ჩართულობა განიხილეს.
„მნიშვნელოვანია, რომ თურქული ბიზნესი უკვე წარმოდგენილია უკრაინაში. ჩვენი ქვეყანა აფასებს ამას, ისევე როგორც თურქეთის მხარდაჭერასა და დახმარებას, განსაკუთრებით კი „ბაირაქტარის“ ტიპის დრონების მიწოდებას.
დღეს ჩვენ განვიხილეთ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების ძალისხმევა, ორმხრივი ურთიერთობების განვითარება, თანამშრომლობის შესაძლებლობები სხვადასხვა ტიპის დრონების წარმოებაში და თურქული კომპანიების მონაწილეობა უკრაინის აღდგენაში.
უკრაინა თურქეთს მიიჩნევს ერთ-ერთ სტრატეგიულ პარტნიორად, ასევე პარტნიორად უსაფრთხოების გარანტიების თვალსაზრისით და მზადაა, ხელი მოაწეროს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას თურქეთთან პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მომავალი ვიზიტის დროს“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის შედგება თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტი.