დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას არ განუაახლებია დროებითი ლიცენზია, რომელიც რუსულ საფინანსო ინსტიტუტებთან ენერგეტიკული ტრანზაქციების საშუალებას იძლეოდა – ლიცენზიას ვადა ამ კვირაში ამოეწურა.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ლიცენზია სანქციების პაკეტთან ერთად 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე გამოსცა – მისი მიზანი იყო ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდის თავიდან აცილება.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოცემული ამ საგამონაკლისო ბრძანებით კომპანიები ახერხებდნენ რუსული ნავთობისა და გაზის ვაჭრობასთან დაკავშირებული, ადრე ავტორიზებული ოპერაციები დაესრულებინათ სანქცირებულ ბანკებთან, სანამ ლიცენზია ძალაში იყო.
ამ ლიცენზიის ამოწურვა ნიშნავს, რომ აშშ-ის კომპანიებსა და საფინანსო ინსტიტუტებს სრულად აეკრძალათ ნავთობსა და გაზთან დაკავშირებული ტრანზაქციების შესრულება სანქცირებულ რუსულ ბანკებთან.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა, სკოტ ბესენტმა წინა ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციები გააკრიტიკა და თქვა, რომ ის რუსეთის მიმართ იყო არაეფექტიანი და მეტწილად ორიენტირებული იყო ნავთობის დაბალი ფასების შენარჩუნებაზე. მისი თქმით, ტრამპის ადმინისტრაციას მთავარი ყურადღება ომის დასრულებასა და მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე აქვს მიმართული.