პროპაგანდისტული მედიის მტკიცებით, რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე წერილი დაწერა

პუბლიკა

სამთავრობო პროპაგანდისტული მედიის მტკიცებით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე წერილი დაწერა და ირაკლი კობახიძესა და ბიძინა ივანიშვილს ოჯახის დაცვა სთხოვა.

„იმედი“ და „რუსთავი 2“ ამბობენ, რომ წერილი სამედიცინო პერსონალმა იპოვა.

შსს-ს განცხადება არ გაუკეთებია.

პროპაგანდისტული მედიის თანახმად, რიჟვაძის წერილში წერია:

„ალეკო არაფერ შუაშია, ჩუმად ავიღე. ეს კაცი ძმობის მაგალითია. მიზეზი ერთია, მაბრალებენ იმას (კორუფციას და ბარიგების მფარველობას), რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდით მეც და მამაჩემიც. დავიღალე – დიდი გამარჯვებაც ვნახე და წარუმატებლობაც. პატიებას ვთხოვ ოჯახს, პატრიარქს. მამა, შენ ნომერი პირველი კაცი იქნები ჩემთვის ღირსებაში.

დათა, კაცური კაცი გაიზარდე, მიხედე ელის. დედა, მიყვარხარ. მაპატიეთ ძმებო, ვერ გიტოვებთ მილიონებს, მაგრამ მიყვარხართ. ბატონი ბიძინას და პრემიერის იმედი მაქვს, რომ დაიცავთ ჩემს ოჯახს.

ჩემი მეგობრები, თანამშრომლები, ოჯახის წევრები – ყველა ჩემი დავალებით და მითითებით მოქმედებდა. ყველა უდანაშაულოა. ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს. გთხოვთ არ გამკვეთოთ და არც არავინ დაადანაშაულოთ. ჩემი დაწერილია. ღმერთი ფარავდეს ჩემს საყვარელ აჭარას და საქართველოს“.

სამთავრობო მედიამ ხელნაწერის ფოტო რამდენიმე საათის შემდეგ გამოაქვეყნა. „პუბლიკა” წერილის ავთენტურობას ვერ ამოწმებს.

თორნიკე რიჟვაძე ცეცხლსასროლი იარაღის ჭრილობით საავადმყოფოში 7 ივლისს გადაიყვანეს.

თავდაპირველად ის საგარეჯოში, „ჯეოჰოსპიტალში“ მოათავსეს, შემდეგ კი – თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.

კლინიკაში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ რიჟვაძის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციაშია მოთავსებული.

შსს აცხადებს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით დაკავებულია ერთი ადამიანი. მედიის ინფორმაციით, დაკავებული საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანია.

თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას 2018 წლის 21 ივლისიდან 2025 წლის 4 აპრილამდე იკავებდა. 4 აპრილს რიჟვაძემ Facebook-ზე დაწერა, რომ თანამდებობას ტოვებს. თუმცა, „რჩება „ქართული ოცნების” ერთგულ ჯარისკაცად“.