კობახიძე რიჟვაძეზე: პოლიტიკოსის ცხოვრება სტრესულია, უამრავი ცილისწამებაა, ამას ტელევიზიები აკეთებდნენ

პუბლიკა

ირაკლი კობახიძემ თორნიკე რიჟვაძის შესახებ ლაპარაკისას თქვა, რომ „პოლიტიკოსის ცხოვრება სტრესულია” „უამრავი ცილისწამების” გამო – „ოცნების” პრემიერის თქმით, ამას კონკრეტული ტელევიზიები აკეთებდნენ.

ირაკლი კობახიძემ თორნიკე რიჟვაძე პირველად დღეს, 8 ივლისს მოინახულა.

ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს ჰკითხა: ვინ აბრალებდა რიჟვაძეს კორუფციას და ბარიგების მფარველობას?

„ოცნების” პრემიერმა უპასუხა:

„მე არ ვიცი. კონკრეტული ტელევიზიებიც იყვნენ, რომლებიც ამას აკეთებდნენ. ზოგადად, სტრესულია იმ ადამიანის ცხოვრება, რომელიც პოლიტიკით არის დაკავებული, მათ შორის იმ დროსაც, როცა აღარ უკავია თანამდებობა. თქვენ იცით, ეს ყველაფერი რამხელა სტრესთან არის დაკავშირებული. უამრავი ტყუილი ვრცელდება, არის უამრავი შეურაცხყოფა, უამრავი ცილისწამება. კონკრეტული ტელევიზიები შემიძლია, დაგისახელოთ, რომლებიც ამას აკეთებდნენ. ეს არის „ტვ პირველი”, ეს არის „ფორმულა”.

გეუბნებით, რომ ზოგადად პოლიტიკოსისთვის გარემო არის სტრესული. სტრესულია პოლიტიკოსის ცხოვრება გამომდინარე იქიდან, რომ მას აბრალებენ ათას ტყუილს ძალიან ხშირად, შეურაცხყოფას აყენებენ. ეს არის, რა თქმა უნდა, ყველას პასუხისმგებლობა, ვინც საქართველოში ცდილობს, დათესოს სიძულვილი”.

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ცეცხლნასროლი ჭრილობით საავადმყოფოში 7 ივლისს გადაიყვანეს. ის რეანიმაციაში იყო მოთავსებული.

პროკურატურის განცხადებით, რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა. სამთავრობო პროპაგანდისტული მედიებით გავრცელებული ინფორმაციით, რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე წერილი დაწერა, რომელშიც ირაკლი კობახიძეს და ბიძინა ივანიშვილს მისი ოჯახის დაცვა სთხოვა.

გარდა ამისა, პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებულ წერილში წერია, რომ მისი თვითმკვლელობის მცდელობის „მიზეზი ერთია, მაბრალებენ იმას (კორუფციას და ბარიგების მფარველობას), რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდით მეც და მამაჩემიც”.

კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ „ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა, მათ შორის წერილის დეტალებს”:

„მეც ყველაფრით დავინტერესდი და რაც მთავარია, გამოძიება უნდა დაინტერესდეს ყველაფრით, რა იყო მიზეზი. კონკრეტული მუხლით არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე და შესაბამისად უნდა იყოს გამოძიებული ყველაფერი. ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა, მათ შორის წერილის დეტალებსაც აქვს მნიშვნელობა და ზოგადად, ყველა გარემოებას. ყველაფერი უნდა იყოს დეტალურად შესწავლილი.

თავისი შინაარსით არის ისეთი საქმე, რასთან დაკავშირებითაც განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამოხატული, მათ შორის, ჩემი მხრიდანაც და არა მხოლოდ – ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების მხრიდანაც”. – თქვა მან.