აშშ და NATO უკრაინისთვის საჭირო იარაღის მიწოდებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადეს.
დონალდ ტრამპმა უკმაყოფილება გამოხატა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმართ და მკაცრი ზომების გატარება დააანონსა. მისი თქმით, აშშ „ძალიან მკაცრ გადასახადებს” დაუწესებს რუსეთს 50 დღეში – თუ უკრაინაში ომის დასრულებაზე შეთანხმება არ იქნება მიღწეული.
„ჩვენ ძალიან უკმაყოფილო ვართ რუსეთით. ძალიან მკაცრ ტარიფებს დავაწესებთ, თუ 50 დღეში შეთანხმება არ მიიღწევა – დაახლოებით 100%-იანი ტარიფები, მეორადი ტარიფები. ამ ომში დაახლოებით 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ და გვინდა მისი დასრულება. ეს ჩემი ომი არ არის, ბაიდენის ომია. ეს ჩემი ომი არ არის, ვცდილობ, გამოგიყვანოთ ამ ომიდან.
იმედგაცრუებული ვარ პუტინით, რადგან ვფიქრობდი, რომ ორი თვის წინ შეთანხმებას მივაღწევდით, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ასე არ მოხდა. ამის საფუძველზე, ჩვენ მეორად ტარიფებს დავაწესებთ, თუ 50 დღეში შეთანხმებას ვერ მივაღწევთ“, – თქვა ტრამპმა.
მისივე თქმით, ამერიკა უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობას მიწოდებას განაგრძობს, თუმცა ამჯერად ევროპელი მოკავშირეები გადაიხდიან ღირებულებას. ტრამპმა თქვა, რომ მილიარდობით დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობა ახლა უკრაინისთვის განაწილდება.
მანვე აღნიშნა, რომ ამერიკა „ყველაზე მაღალი ხარისხის იარაღს“ შექმნის და NATO-ს გადასცემს, რომელიც შემდეგ მას იქ გადაანაწილებს, სადაც საჭიროა.
„ჩვენ საუკეთესო სამხედრო აღჭურვილობას ვამზადებთ მსოფლიოში – რაკეტებს, ყველაფერს. ევროპელებმა ეს იციან. დღეს შეთანხმებას მივაღწიეთ – ჩვენ ვუგზავნით მათ იარაღს და ისინი გადაიხდიან. ამერიკა არ გადაიხდის, ჩვენ ვამზადებთ და ისინი იხდიან. ნატო აიღებს პასუხისმგებლობას“, – თქვა დონალდ ტრამპმა.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განმარტა, რომ NATO-ს წევრი ევროპული სახელმწიფოები აშშ-სგან შეიძენენ იარაღს, რაც უკრაინას ყველაზე მეტად სჭირდება.
„ეს ნიშნავს, რომ უკრაინას ხელი მიუწვდება ძალიან დიდი რაოდენობით შეიარაღებაზე, როგორც საჰაერო თავდაცვის, ასევე რაკეტები, საბრძოლო მასალა და ა.შ.”, – თქვა რუტემ.