გიორგი ახობაძე ამბობს, ციხეში გაგრილება არ არის, იუსტიციის სამინისტრო უარყოფს

პუბლიკა

გიორგი ახობაძე და ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი ამბობენ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაგრილება არ არის. იუსტიციის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს.

დღეს, 19 ივლისს გიორგი ახობაძის FB-გვერდზე დაიდო მისი მიმართვა – სინდისის პატიმარი „წარმოუდგენელ სიცხეზე” ლაპარაკობს და ამბობს, რომ მოთხოვნის მიუხედავად, ციხის მაღაზიაში ვენტილატორი არ იყიდება.

„ლარიოკის” (ციხის მაღაზიის) უფროსი მოიკითხეთ, ცოცხალია? უკვე დიდი ხანია, ვითხოვთ ვენტილატორის შემოტანას მაღაზიაში, წარმოუდგენელი სიცხეა, ვიხრჩობით ფაქტიურად ამ კოლოფებში, შეუძლებელია ღამე ძილი. ორი კვირის განმავლობაში რანაირად შეიძლება ვენტილატორი ვერ მიეწოდებოდეს მაღაზიას”. – წერია მის FB გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

გიორგი ახობაძემ დახმარება სახალხო დამცველს სთხოვა.

მალევე განცხადება გააკეთა ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა და მანაც მიმართა სახალხო დამცველს. მიგინეიშვილის თქმით, შეხვედრის ოთახებშიც გაუსაძლისი მდგომარეობაა.

„ციხეებში ძალიან ცხელა. არათუ საკნებში, შეხვედრის ოთახებშიც კი გაუსაძლისია რამდენიმე საათით ყოფნა. ჰაერი არ არის, სუნთქვა გიჭირს. ოთხი კედელი, დახურული ოთახი და არანაირი საჰაერო.

ასეთ სიცხეში არაადამიანური პირობები, როცა პატიმარი დღეების განმავლობაში დაძინებასაც ვერ ახერხებს, უტოლდება არაადამიანურ მოპყრობა.

საქართველოს სახალხო დამცველი – მაღაზიიდან ნივთების ციხემდე მიტანის პროცედურა მაინც დააჩქარებინეთ, ბატონო ლევან”. – დაწერა თორნიკე მიგინეიშვილმა.

გიორგი ახობაძის და თორნიკე მიგინეიშვილის განცხადებების იუსტიციის სამინისტრო ამბობს, რომ გაგრილების სისტემა ყველა საკანშია.

უწყების პრესსამსახურში „პუბლიკას” უთხრეს, რომ გაგრილების ცენტრალურ სისტემასთან ერთად დამატებით, მაღაზიაშიც იყიდება გამაგრილებელი, რომელიც ერთ-ერთ პატიმარს პატარა ზომის გამო არ მოეწონა. ხოლო კიდევ სხვა მაღაზიას, რომელიც პენიტენციურ სამსახურს არ ეხება, უწყება მარაგის შევსებას ვერც მოსთხოვს.

„მაღაზიაში, რომელიც პენიტენციურ სამსახურს არ ეხება და რას შეიტანს გასაყიდად, პენიტენციური ვერ მოსთხოვს, შეიტანენ უფრო დიდი ზომის გამაგრილებლებსაც, უბრალოდ მაღაზიასთან არის გასარკვევი, რამდენ ხანში შეიტანენ.

ორი გამაგრილებელი სისტემაა. ცენტრალური გამაგრილებელი სისტემა თუ არ მოსწონთ, რომელიც აბსოლუტურად გამართულად მუშაობს, დამატებით აქვთ საშუალება, რომ მაღაზიაში შეიძინონ კონდინციონერი, რომელიც მარაგშიც არის და არანაირ დეფიციტში არ არის. მაგრამ  პატარა ზომისო არისო. მაღაზიას, როგორც ვხვდები, ამაზე უკვე მიმართეს, იმიტომ, რომ ინფორმირებულები არიან. ეტყობა, ამას რაღაც პერიოდი ამას დასჭირდება და დიდი ზომისებსაც შეიტანენ.

გაგრილების სისტემა პენიტენციურ დაწესებულებებში შეუფერხებლად მუშაობს”. – ამბობენ იუსტიციის სამინისტროში.


გიორგი ახობაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობას ედავებიან. ის აცხადებს, რომ ნარკოტიკი მას არ ეკუთვნოდა და რომ ის ჩაუდეს. ახობაძეს მიაჩნია, რომ ის ამ ფორმით აქციებში მონაწილეობისა და მისი აქტიური სამოქალაქო პოზიციის გამო დასაჯეს.

გიორგი ახობაძის საქმის პროკურორმა, შმაგი გობეჯიშვილმა უკვე თქვა დასკვნითი სიტყვა და დაკავებულისთვის პატიმრობის მისჯა მოითხოვა.

ახობაძის საქმის შემდეგი პროცესი 22 ივლისს არის დანიშნული. ამ სხდომაზე დასკვნითი სიტყვით დაცვის მხარე წარდგება. მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა მხარეებს უთხრა, რომ შემდეგი პროცესისთვის რეპლიკებისთვისაც მზად იყვნენ. მან ბრალდებულსაც მიმართა, რომ ყოველი შემთხვევისთვის, მზად იყოს საბოლოო სიტყვისთვის.