ტრამპის თქმით, აშშ ღაზაში შიმშილის კრიზისთან გასამკლავებლად „საკვების ცენტრებს” გახსნის

პუბლიკა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, აშშ ღაზაში „საკვების ცენტრებს” გახსნის, რათა ისრაელის ბლოკადის ფონზე მიმდინარე შიმშილისა და არასრულფასოვანი კვების კრიზისი მოაგვაროს. ამის შესახებ მან დიდ ბრიტანეთში ვიზიტისას განაცხადა.

„ვაპირებთ საკვების ცენტრების მოწყობას და ამას ძალიან კარგ ხალხთან ერთად გავაკეთებთ. ჩვენ უზრუნველვყოფთ დაფინანსებას და ცოტა ფულს დავხარჯავთ საკვებზე, სხვა ქვეყნებიც შემოგვიერთდებიან. ასე რომ, ჩვენ საკვების ცენტრებს შევქმნით, სადაც ხალხს მისვლა შეეძლება. ეს იქნება წინაღობების გარეშე, ჩვენ არ გვექნება ღობეები”, – განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპი ასევე შეეწინააღმდეგა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ შაბათ-კვირას გაკეთებულ განცხადებას, რომ „ღაზაში შიმშილი არ არის“.

„ეს რეალური შიმშილის საკითხია“, – თქვა ტრამპმა და დაამატა „მე ამას ვხედავ და ამის გაყალბება შეუძლებელია. ასე რომ, ჩვენ კიდევ უფრო მეტად ჩავერთვებით“.

აშშ-ის პრეზიდენტმა, რომელიც ძირითადად ჰამასს ადანაშაულებს ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დახმარების განაწილების შეფერხებაში, თქვა, რომ ისრაელსაც „დიდი პასუხისმგებლობა აქვს“ რეგიონში დახმარების შეზღუდვაზე, თუმცა კვლავ მოუწოდა ჰამასს, გაათავისუფლოს მძევლები მოლაპარაკებების გასაადვილებლად.


23 ივლისს 100-ზე მეტმა ჰუმანიტარულმა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციამ საერთო განცხადებით მოუწოდა მთავრობებს, რომ მიიღონ ზომები ღაზაში მასობრივი შიმშილობის შესაჩერებლად. მათ შორის, ორგანიზაციები მოუწოდებენ, შეწყდეს ცეცხლი და ღაზაში თავისუფლად დაუშვან ჰუმანიტარული დახმარება.

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში შიმშილობა მძვინვარებს. არადა, ტონობით საკვები, სუფთა წყალი, სამედიცინო მარაგი და სხვა პირველადი საჭიროების ნივთები ხელუხლებელი რჩება ღაზის გარეთ იმის გამო, რომ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს ეკრძალებათ მათზე წვდომა ან სექტორის მოსახლეობისთვის მიწოდება.

ისინი მოუწოდებენ მთავრობებს, მოითხოვონ ყველა ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული შეზღუდვის მოხსნა, ყველა სახმელეთო გადასასვლელის გახსნა, ღაზის სექტორში ყველასთვის წვდომის უზრუნველყოფა სამხედროების მიერ კონტროლირებადი განაწილების ნაცვლად და ჰუმანიტარული დახმარების აღდგენა გაეროს ეგიდით.

როგორც Reuters წერს, ისრაელი, რომელიც აკონტროლებს ღაზაში შემავალ ყველა ჰუმანიტარულ დახმარებას, საკვების დეფიციტზე პასუხისმგებლბობას იხსნის.

გასული კვირების განმავლობაში 800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა საკვების მიწოდების მცდელობისას, ძირითადად ღაზის ჰუმანიტარული ფონდის სადისტრიბუციო ცენტრებთან განლაგებული ისრაელელი ჯარისკაცების სროლის შედეგად.

2023 წლის ოქტომბრიდან დღემდე, როცა ისრაელის ხელისუფლებამ ჰამასის თავდასხმის და ისრაელელი მძევლების აყვანის საპასუხოდ ღაზაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა, ისრაელის თავდაცვის ძალების საჰაერო იერიშებს, დაბომბვასა და სახმელეთო ოპერაციას 60 000-მდე პალესტინელი ემსხვერპლა. მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა, ამაზე დიდიც იყოს.