„სათანადო სტანდარტის მტკიცებულებების არასაკმარისობა" | საქალაქოს განცხადება ახობაძეზე

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლო გიორგი ახობაძის გამამართლებელ განაჩენზე განცხადებას ავრცელებს:

„2025 წლის 6 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენით გიორგი ახობაძე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.

საქმის მასალების მიხედვით გიორგი ახობაძეს ბრალად ედებოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვის შედეგად, სასამართლომ სათანადო სტანდარტის მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი”, – წერია განცხადებაში.

დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გიორგი ახობაძე წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, ის დარბაზიდანვე გათავისუფლდა.

პროკურატურა აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის ბრალდებული უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

„სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები სრულად იქნა გამოკვლეული თბილისის საქალაქო სასამართლოში. მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და პატიმრობიდან გაათავისუფლა.

საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს, სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.