კობახიძე რიჟვაძეზე: არ მქონია პირდაპირი კომუნიკაცია, ტელეფონი მას არ აქვს

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან კომუნიკაცია არ ჰქონია. „ტვ პირველთან“ საუბრისას მან თქვა, რომ რიჟვაძეს ტელეფონი არ აქვს. რიჟვაძე თურქეთში სამკურნალოდ 9 ივლისს გადაიყვანეს.

„მე არ მქონია პირდაპირი კომუნიკაცია, გამომდინარე იქიდან, რომ ამის ტექნიკური საშუალება არ იყო, ტელეფონი მას არ აქვს, თუმცა ჩვენ მუდმივად ვკითხულობთ მისი ჯანმრთელობის ამბავს და გვიხარია, რომ ყველაფერი მიდის ძალიან კარგი მიმართულებით. ეს არის ჩვენთვის მთავარი. რაც შეეხება გამოძიებას, გამოძიება წარიმართება, რაც შეეხება ინფორმაციას, ყველაფრის გასაჯაროება შეიძლება, მათ შორის იმ კადრების, რომელიც არსებობს, შეგიძლიათ დაინტერესდეთ პროკურატურასთან და ამ კადრების გასაჯაროებას ვერაფერი დაუდგება წინ, ეს არის ისეთი კადრები, რომელიც უშუალოდ ამ შემთხვევას, უშუალოდ არ ასახავს, თუმცა შეიძლება საინტერესო იყოს თქვენთვის, საზოგადოებისთვის, დაინტერესდით პროკურატურასთან და გაგიზიარებენ“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.


7 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე გულ-მკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით კლინიკაში მოათავსეს, შემთხვევა საგარეჯოში, ალექსანდრე ახვლედიანის სახლში მოხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სამთავრობო პროპაგანდისტულმა მედიამ წერილი გაავრცელა, რომელიც, მათი მტკიცებით, თორნიკე რიჟვაძემ „თვითმკვლელობის მცდელობამდე“ დაწერა. მათ მიერ გავრცელებული წერილის თანახმად, მან ირაკლი კობახიძესა და ბიძინა ივანიშვილს ოჯახის დაცვა სთხოვა.

რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოს დირექტორი, ალექსი ახვლედიანი დააკავეს, რომელსაც სასამართლომ 8 ივლისს 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა. 9 ივლისს ცნობილი გახდა, რომ მას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის უფლებამოსილება შეუწყდა.