აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 8 პირის საქმეზე დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვების ეტაპი დასრულდა.
საქმეზე ბრალდებულები არიან: ვეფხია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი, ზვიად ცეცხლაძე, რომელთაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან; ბრალდებულ ირაკლი მიმინოშვილს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, გიორგი გორგაძეს, ინსაფ ალიევს კი – მათ მიერ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას.
27 აგვისტოს დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა დავით ჭიკაიძემ, ზვიად ცეცხლაძის ადვოკატმა.
ზვიად ცეცხლაძეს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას ედავება. დავით ჭიკაიძემ კიდევ ერთხელ ჩაიკითხა ბრალდების დადგენილება, რომლის მიხედვითაც 2024 წლის 28 ნოემბრიდან პარლამენტთან მიმდინარე აქციებზე მონაწილეების ნაწილმა დაიწყო ჯგუფური ძალადობრივი მოქმედება.
ადვოკატის თქმით, ამ შემადგენლობის დასადასტურებლად პროკურატურას უნდა წარმოედგინა, მინიმუმ, რამდენიმე მტკიცებულება, რომ დაიწყო ძალადობრივი ქმედებების განხორციელება და ამ ძალადობრივ ქმედებებს აორგანიზებდა ზვიად ცეცხლაძე.
ჭიკაიძის თქმით, სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა ისაუბრეს თავდაპირველად მშვიდი აქციის მონაწილეების ქცევის შეცვლაზე, თუმცა ვერ თქვეს, რა იწვევდა ამას.
„როდესაც ვსვამდი შეკითხვას, რამ გამოიწვია კონკრეტული ქმედება, როდესაც ისინი ხედავდნენ, მისივე თქმით, აგრესიულ გამოხატულებას, რამ გამოიწვია… ყველა პოლიციელი, რომელიც აქციაზე იდგა, ამბობდა, რომ დროის გარკვეულ მონაკვეთამდე (დაახლოებით, 23:00-ის შემდეგ) აქციის მონაწილეები იყვნენ მშვიდობიანები, გამოხატავდნენ ადგილზე დგომით პროტესტს. ჩნდება შეკითხვა, რა ხდებოდა 23:00-ის შემდეგ, 23:30-ზე, კლიმატი იცვლებოდა? რა მოვლენები განაპირობებდა, თუ ასეთი ძალადობის ფაქტებს ჰქონდა ადგილი? ამ კითხვებზე ბრალდების ვერც ერთმა მოწმემ ვერ ისაუბრა და ვერ განმარტა, რა იწვევდა აქციის მონაწილეების ქცევის ცვლას“, – თქვა ადვოკატმა.
დავით ჭიკაიძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, დადგინდეს, რატომ შეიკრიბა ხალხი აქციაზე:
„ყველა დაკითხულმა მოწმემ სასამართლოს წინაშე დაადასტურა, რომ აქციაზე გასვლა 28 ნოემბერს კი არ გამოუწვევია ზვიად ცეცხლაძის განცხადებას, მოწოდებას, რომ შევიკრიბოთო, მოწმეებმა ცალსახად დაადასტურეს, რომ აქციაზე გასვლის საფუძველი შექმნა პრემიერ-მინისტრის განცხადებამ, რომელმაც ეს ადამიანები მათი მსოფლმხედველობის გათვალისწინებით აღაშფოთა. ზვიად ცეცხლაძის ქმედებას მოჰყვა შედეგად ამდენი ადამიანის შეკრება? პასუხი ნათელია: არა. ამ ხალხის შეკრებას საფუძვლად დაედო პრემიერ-მინისტრის განცხადება.
ბრალდების მხარის ვერც ერთმა მოწმემ ფიზიკურად ვერ დაადასტურა, რომ კონკრეტული პირი, ეს იქნებოდა ცეცხლაძე, კაძელაშვილი თუ კასრაძე… ფორმალურად, იმასაც ველოდებოდი, რომ რომელიმე მოწმეს ეთქვა, ზვიად ცეცხლაძეს მივამსგავსე ის ადამიანი, რომელიც რაღაც მითითებებს გასცემდაო. ეს მოცემულობა რომ გვქონოდა, დაორგანიზების ფორმალური ნაწილი, ფაქტობრივად, შესრულებულად შეიძლება, ჩათვლილიყო…
ვერც ერთმა მოწმემ, მათ შორის, დაზარალებულმა ვერ დაადასტურა, რომ კონკრეტული პიროვნების ქმედების შედეგად დაზიანდა. მათ ისიც ვერ დაადასტურეს, დარწმუნებული იყვნენ თუ არა, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან ხდებოდა სროლა და დაზიანება აქციის მხრიდან მიიღეს“, – თქვა ჭიკაიძემ.
ადვოკატის თქმით, აქციაზე ხალხის აღელვება პოლიციის ქცევამ გამოიწვია, კერძოდ იმან, რომ სამართალდამცველებმა მოქალაქეებზე იძალადეს.
სახლის ჩხრეკა
ზვიად ცეცხლაძის სახლი 4 დეკემბერს გაჩხრიკეს. ადვოკატის თქმით, ჩხრეკას წინ უძღვის ზვიად ცეცხლაძის შეჩერება და მისთვის საგამოძიებო ღონისძიებების შესახებ განმარტება.
ჭიკაიძე ამბობს, რომ მან, როგორც ადვოკატმა, წესების შესაბამისად მოითხოვა ჩხრეკაზე დაშვება, თუმცა განუცხადეს, რომ ჩხრეკის მიმდინარეობაზე ვერ დაუშვებდნენ, რადგან პროცესი უკვე დაწყებული იყო.
ადვოკატის თქმით, ჩხრეკის დასრულების შემდეგ მიეცა შესაძლებლობა, შესულიყო სახლში, სადაც აღმოჩნდა მისთვის და ზვიადისთვის „გაუკრვეველი წარმომავლობის ნივთები, რომლებიც სასამართლოზეც გამოიკვლიეს“.
„აშკარად დავინახე, რომ ამ გადაადგილების დროს, როდესაც მე შევდიოდი საცხოვრებელ სახლში, პოლიციელების მიმოსვლა აქტიურად ხდებოდა.
როდესაც ისინი სხვადასხვა ზომის სათავსოებით – პარკებით და ჩანთით – შედიოდნენ, ვის რა ეჭირა ხელში, ამაზე ნამდვილად ვერ ვიტყვი, მაგრამ ფაქტია, იქ შესვლა და გამოსვლა პოლიციელების მხრიდან ხდებოდა. ვინ რა შეიტანა, არ ვიცი, სახელებს მივუთითებ, მაგრამ ფაქტს მთელი პასუხისმგებლობით ვადასტურებ, რომ ნამდვილად ხდებოდა გადაადგილება ზვიად ცეცხლაძის საცხოვრებელ სახლში, რომელსაც ჩხრეკდნენ“, – თქვა ადვოკატმა.
ცეცხლაძის დაცვის მხარე სახლში ჩატარებული ჩხრეკის კანონიერებაზე დაობს. მისი თქმით, დაირღვა ჩხრეკის ჩატარების ფუნდამენტური უფლებები და ვალდებულებები. როგორც მან აღნიშნა, დაცვის მხარეს ასევე არ დაუკმაყოფილდა შუამდგომლობა, საქმეს დამაგრებოდა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
საქმეში არსებული ვიდეოები
რაც შეეხება ზვიად ცეცხლაძის საქმეში არსებულ ერთ-ერთ ვიდეოს, რომელსაც ხმა არ აქვს, ადვოკატის თქმით, ეს ვიდეო 30 ნოემბრითაა დათარიღებული, ბრალდება კი ცეცხლაძეს 28-ში, 29-ში და 30-ში ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება.
ჭიკაიძე სვამს შეკითხვას, როგორ შეიძლება 28 და 29 ნოემბრის მოვლენებს ორგანიზებას უწევდეს ვიდეო, რომელიც იმ დროს გამოქვეყნებულიც არ იყო.
„დადგენილია და სასამართლოს წინაშე წარმოდგენილია გარდაცვალების ცნობა, რითაც დასტურდება ზვიად ცეცხლაძეს 27 ნოემბერს გარდაეცვალა მამის მამა; და ზვიად ცეცხლაძე ამ დროისთვის იმყოფებოდა აჭარაში, იღებდა სამძიმარს, ჭირისუფალი იყო.
ბრალდება ზვიად ცეცხლაძეს ედავება, რომ 28-ში 29-ში და 30-ში ზვიად ცეცხლაძე აორგანიზებდა და უწევდა ჯგუფს ხელმძღვანელობას.
ვიდეოს შინაარსშიც რომ არ შევიდეთ (ვერც შევალთ, ვინაიდან მისი შინაარსი უცნობია), 30 ნოემბრით დათარიღებული ვიდეო წარმოადგინა ბრალდების მხარემ (აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ არასწორად იქნა დადგენილი წუთი და საათი, თუ როდის არის განთავსებული ეს ჩანაწერი).
როგორ, რა ლოგიკით შეიძლება ვთქვათ, რომ 28-ში, 29-ში განვითარებულ მოვლენებზე ჯერ არ არსებული და დღის სინათლე უნახავი ვიდეო უწევდეს ორგანიზებას ძალადობრივ ჯგუფს, რომ მათ ძალადობა განახორციელონ? რამდენად ლოგიკურია?
უფრო მეტიც, იმ დროისთვის ზვიად ცეცხლაძე ფიზიკურად არ იმყოფებოდა თბილისში, ის არ ესწრებოდა აქციებს. და ისიც დადასტურებული ფაქტია, რომ 30-მდე ეს ვიდეო არ არსებობს.
ვიდეო მტკიცებულების წარმოდგენა და ვიდეო მტკიცებულების საფუძველზე, შინაარსაც რომ არ შევეხოთ, რამე კონკრეტული დაორგანიზების ბრალდება ზვიად ცეცხლაძისთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელი და დაუსაბუთებელია.
თუ ამბობთ, რომ ეს ვიდეო 30-ში დაიპოსტა და ნახა „დაფიონის” გვერდზე საზოგადოებამ, 28-ში და 29-ში რა ხდება და რის საფუძველზე ედავებით ზვიად ცეცხლაძეს 28-ში და 29-ში განვითარებულ მოვლენებს, აბსოლუტურად გაურკვეველია”, – ამბობს ჭიკაიძე.
აღსანიშნავია, რომ ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ საქმეში სამი ვიდეოა: „დაფიონის“ facebook-გვერდზე განთავსებულ ვიდეოს, რომელიც საქმის მასალებში მოხვდა, ხმა არ აქვს. მეორე არის 36-წამიანი, სადაც ცეცხლაძე თავდაცვითი ფარის მოხმარების წესებზე საუბრობს. მესამე ვიდეო კი სატელევიზიო კომენტარს წარმოადგენს.
დასკვნითი სიტყვის დასასრულს ადვოკატმა ზვიად ცეცხლაძის უდანაშაულოდ ცნობა მოითხოვა.
„მიგვაჩნია, რომ ზვიად ცეცხლაძის სისხლის სამართლის საქმეზე არ არის არც ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, არათუ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას. აქ არ გვაქვს სახეზე არც ჯგუფი, არც ერთიანი განზრახვა, არც რამე მტკიცებულება, რომ ზვიად ცეცხლაძეს ვინმეზე მოეხდინა გავლენა“, – თქვა ადვოკატმა და კიდევ ერთხელ მიუთითა სამართლის პრაქტიკაზე, რომ გადაწყვეტილება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს უნდა დაეფუძნოს.