აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 8 პირის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა.
დღეს, 27 სექტემბერს, ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვები თქვეს. განაჩენის გამოცხადების თარიღად 2 სექტემბერი ჩაინიშნა.
„პუბლიკა“ გთავაზობთ ჯგუფური ძალდობის ორგანიზებაში ბრალდებულის, ზვიად ცეცხლაძის საბოლოო სიტყვას:
„შევეხები პროკურატურის დასკვნით სიტყვას. მე პირადად ამის მოსმენის დროს ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს რამდენიმე ათეული ადამიანი გამოვიდა რუსთაველის გამზირზე, თითქოს მარდი რაზმივით, მომთაბარე ტომებივით გადაუარეს რუსთაველს, ააოხრეს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე და ადგნენ და წავიდნენ, თითქოს აქამდე არაფერი მომხდარა, არც რამე ქმედება არ იყო ჩადენილი მათ მიერ, და ზოგადად, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.
ვეცდები, ჩემი ემოციური ფონიც ავხსნა და ზოგადად ჩემი რა ქმედება საიდან გამომდინარეობდა.
ჩემი, ზვიად ცეცხლაძის ერთადერთი მოტივი არის, რომ ამ ქვეყანას რამე დადებითი შევძინო და პიროვნულად მეც შევიძინო.
როდესაც პროტესტის იდეა ჩაისახა და გამიჩნდა პროტესტის სურვილი, ერთადერთი იდეა, რაც მამოძრავებდა, ეს იყო სამოქალაქო წინააღმდეგობის, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ფორმა, რომლის შესახებაც მე იურისპრუდენციის საწყისებში შევიტყვე და იურისტების ნაშრომებში ვკითხულობდი თუ რა შემთხვევაში და რა ფორმით შეიძლება, ინდივიდი და პიროვნება დაუპირისპირდეს სახელმწიფოს ან სახელმწიფოს მიერ ჩადენილ კონკრეტულ ქმედებებს… სამოქალაქო დაუმორჩილებლობა არ გულისხმობს ანარქიის მიღებას, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის იდეა ის არის, რომ ინსტიტუტები გაუმჯობესდნენ, გაჯანსაღდნენ. პირი, რომელიც გამოდის რაღაც ხარვეზის წინააღმდეგ, მიისწრაფვის არა იმისკენ რომ სახელმწიფო ჩამოიშალოს და სახელმწიფო სტრუქტურა, არამედ მუშაობდნენ იმისთვის, რომ ეს ინსტიტუტები, სადაც ხარვეზია, გამოსწორდეს.
ამ კუთხით ჩემთვის ყოველთვის სამაგალითო იყო სოკრატეს მაგალითი. ვფიქრობ, ამ ისტორიის მოყოლით ყველა კარგად მიხვდებით, სამოქალაქო წინააღმდეგობა რა სიმაღლეზე დგას. სოკრატეს როდესაც დააბრალეს ახალგაზრდების გარყვნა, ათენის სასამართლომ ჩაუტარა ღია სასამართლო, სადაც მან თქვა, რომ თავს უდანაშაულოდ ცნობდა და აქამდეც არ ჰქონია ნასამართლეობა. მაშინ ათენის სასამართლომ უთხრა, თავად შეაფასე, რა სასჯელს იმსახურებო. სოკრატემ პიროვნულად, თავისი პრინციპული გადაწყვეტილებით განაცხადა, რომ ერთადერთი, რასაც იმსახურებდა, ესაა პეტრანებთან სადილი. პეტრანები იყვნენ ოლიმპიადაზე გამარჯვებულები და მათთან სადილი ითვლებოდა უდიდეს პატივად. ამაზე გაბრაზებულებმა მიუსაჯეს სიკვდილი და გამოამწყვდიეს ათენის ციხეში. რიგი მიზეზების გამო სიკვდილის დასჯა გადაიდო და მისმა მეგობრებმა გაქცევა მოაწყვეს, მაგრამ როდესაც საკანში შევიდნენ, სოკრატემ გაქცევაზე უარი განაცხადა და უთხრა ასეთი სიტყვები, რაც მთლიანად ასახავს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის არსს: კი ბატონო, მე ვარ უდანაშაულო, თავი უდანაშაულოდ მიმაჩნია, მაგრამ მე, მოქალაქე, რომელიც ვემსახურებოდი მთელი ცხოვრება ათენის კანონებს, დღეს რომ ათენის კანონების ავტორიტეტი ჩამოვშალო და გავიქცე, ამით დავანგრევ ათენის დემოკრატიის ინსტიტუტს და მე არ შემიძლია, როგორც მოქალაქემ, მსგავსი რამ გავაკეთოო. სოკრატეს ეს სახელმწიფოებრივი, დემოკრატიული აზროვება უდანაშაულოდ ყოფნის მომენტშიც კი არ აძლევდა საშუალებას, ინსტიტუტი შეელახა და ჩამოეშალა, მაშინ, როდესაც მისი საქმიანობა ამ ინსტიტუტების საქმიანობა ამ ინსტიტუტების გაჯანსაღებას ემსხურებოდა.
სწორედ ამ იდეებზე დგას ჩემი და ძალიან ბევრი ახალგაზრდის ემოციური ფონი, როდესაც ისინი გამოდიოდნენ ქუჩაში და დღესაც გამოდიან, რომ რაღაცა უკეთესობისკენ შეცვალონ.
ყველაზე კარგი მაგალითი ამის იყო აპრილ-მაისის აქციები, როდესაც ძალიან ბევრი ახალგაზრდა, ვინც აქ ზის, გამოდიოდა და ცეკვა-თამაშით მიჰყავდა პროტესტი, მაქსიმუმ გვეცეკვა ქართული ცეკვა და გვეთამაშა ჯეირანი და ეს იყო ჩვენი პროტესტი. აღმოჩნდა, რომ დეკმებრის ბოლოს ეს ახალგაზრდები, რომლებიც არაფერს აშავებდნენ და მინდა ვთქვა, რომ ევროპული საზოგადოება მაშინ სამაგალითოსაც გვეძახდა პროტესტის კუთხით, აღმოჩნდა, რომ თურმე ეს ახალგაზრდები არიან მოძალადეები, სცოდნიათ ქვის სროლაც, მოლოტოვების დამზადებაც და ყოფილან რადიკალურები. არავინ კითხვას არ სვამს, ზოგადად, ეს დაპირისპირებები, რაც მოხდა, რამ გამოიწვია ან საზოგადოების ნაწილი რამ მიიყვანა ამ დაპირისპირებამდე ან რას სჩადიოდნენ სამართალდამცველებად წოდებულთა ნაწილი.
როდესაც ცდილობდნენ, რომ ჩვენთვის ბრალი წარედგინათ და ვიდეომასალა მოეტანა პროკურატურას, ფაქტობრივად წესიერად ერთი ვიდეოც ვერ აღმოჩნდა, სადაც არ ჩანდა, როგორ არღვევენ სამართალდამცველები კანონს უხეშად.
მოვიყვან ანდროს ვიდეოს მაგალითს – საქმეში, რომელიც ჩემს სასამართლოზეც სპეციალურად ჩავართვევინე, რითიც ანდროს ედავებიან, იქ ჩანს, როგორ ემუქრება ქალს გაუპატიურებით რობოკოპი. ვიდეომასალა არ მოიძებნება, სადაც არ ჩანს, რაოდენ დიდი ზეწოლა და ძალადობა მიდის ჩვენზე.
პირადად ჩემს შემთხვევაში, სადაც ჩემი მეგობრებიც იყვნენ, მოვყევით ალყაში, მართლაც უსასტიკესად გვცემეს, სათვალე გადამალეწეს, ტანსაცმელი ისე შემომახიეს, ფეხშიშველა მომიწია უნივერსიტეტში ასვლა და ამ ძალადობაზე როდესაც ადამიანი პასუხობს, რა თქმა უნდა, ეს პასუხი უნდა იყოს პროპორციული ძალით, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, როდესაც შეტაკებები იყო მომიტინგეებსა თუ რობოკოპებს შორის, საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა იყო სიცოცხლის უფლების დაცვის რეჟიმში. ჩვენ ვიბადებით გარკვეული უფლებებით, რასაც სახელმწიფო არ გვანიჭებს. ჩვენ გვაქვს დაბადებით შეძენილი უფლებები და რაც სახელმწიფოს არ უბოძია ჩემთვის, ვერ წამართმევს.
ცხადია, რობოკოპსაც წინააღმდეგობას გავუწევ, როდესაც ჩემს საცემად და დასაჩეხად მოდის, მაგრამ ეს წინააღმდეგობის გაწევაც იქნება პროპორციული ძალით გამოწვეული, იმიტომ რომ ჩემი იდეოლოგია, მსოფლმხედველობა სხვა საშუალებას არ მაძლევს. თუ მე მსურს, გავაჯანსაღო სახელმწიფო და ინსტიტუტები, არ შეიძლება, მე მათ იგივე ძალადობით ვუპასუხო, მე უნდა ვიყო მაგალითი. ამ პრინციპებზე დგას სამოქალაქო წინააღმდეგობა და იმ სირცხვილის შეგრძნებაზე, რომ სირცხვილია, ასეთ მძიმე მომენტში გაჩუმდე და არაფერი მოიმოქმედო…
მე გულწრფელად ვგრძნობდი, რომ თუ არ გავიდოდი ქუჩაში, თუ არ დავაფიქსირებდი ჩემს აზრს, შეიძლება, სირცხვილის გრძნობას, უბრალოდ, მოვეკალი და ეს ყოველთვის თან მდევდა, ეს შეგრძნება არის ყველაზე ცუდი, რაც ოდესმე მიგრძვნია. სულ რომ ადამიანები არ გამოსულიყვნენ იმ დღს პროტესტზე, აუცილებლად გავიდოდი, დავდგებოდი მარტოც რომ მომწეოდა, დავდგებოდი და ჩემს აზრს დავაფიქსირებდი, იმიტომ, რომ მე მაქვს გარკვეული მორალური მოთხოვნილებები, რისი დაკმაყოფილებაც ჩემთვის, ვფიქრობ, სასიცოცხლოდ აუცილებელია, მე ასე ვგრძნობ ყოველი შემთხვევისთვის“, – თქვა ზვიად ცეცხლაძემ.
საბოლოო სიტყვაში ცეცხლაძემ საქმის მასალებზეც ისაუბრა.
ცეცხლაძის თქმით, მას პროკურატურა ედავება 30 ნოემბერს ვიდეოს ჩაწერას და გავრცელებას, როდესაც საქმეში დაზარალებულთა უმრავლესობა 28-ში და 29-ში დაზიანდა და სხვა ბრალდებულებსაც, ძირითადად, 28-29 ნოემბერს ჩადენილ ქმედებებს ედავებიან.
„როგორ შეიძლება, მათ რაღაც ჩაედინათ ერთი დღით ადრე, სანამ პროკურატურა იტყოდა, რომ მე მათ რაღაცისკენ მოვუწოდე და რაღაც ვასწავლე. ეს დროსა და სივრცეში ურთიერთგამომრიცხავია“, – თქვა ცეცხლაძემ.
მისი თქმით, საქმის გამომძიებელმა, არსენ ხუნაშვილმა დაადასტურა, რომ ჯგუფურ მოქმედებას ვერ ადასტურებენ და ელოდებიან ტელეფონიდან ამონაწერს, რომ კომუნიკაცია დადგინეს.
„მსგავსი ამონაწერი არც ბუნებაში არ არსებობს და არც საქმის მასალებშია. ჯგუფურობის მუხლი წარმოუდგენელია. ვერ წარმომიდგენია, რა დასაბუთებით შეიძლება, ვინმემ თქვას, რომ ეს ადამიანები გარეულები არიან ჯგუფურ ძალადობაში“, – თქვა ცეცხლაძემ.
ცეცხლაძის თქმით, მისი ჩანაწერები ძირითადად არის აპრილ-მაისში გაკეთებული და ზოგადად, მისი ჩანაწერების უმრავლესობა უნივერსიტეტს უკავშირდება.
საბოლოო სიტყვის დასასრულს ცეცხლაძემ მოსამართლისა და საზოგადოების მიმართ პირადი დამოკიდებულება გამოხატა:
„ყველაფრიდან გამომდინარე ძალიან, ძალიან ვაფასებ იმ შემთხვევას, რომ აი, მაგალითად ალიევი თავისუფლად ნახულობს თავის შვილებს, თავის პატარა ბიჭს და გოგონას. როდესაც სასამართლო პროცესი იწყება, რამდენიმე წუთს გვიტოვებთ, რომ ადამიანებს დაველაპარაკოთ და ზოგად დამოკიდებულებებს, ყურადღებას რასაც იჩენთ, მაგალითად, გიორგის [გორგაძის და მიმინოშვილის შემთხვევაში აშკარად იგრძნობა. გიო როდესაც ცუდად გაგვიხდა, ნამდვილად ყურადღება არ დაგიკლიათ და ეს პიროვნულად ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, იმდენად მნიშვნელოვანია, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, რა განაჩენი დადგება, ჩემთვის ეს დამოკიდებულება იქნება უცვლელი. მინდა, დიდი პატივისცემა და ამ კუთხით დიდი მადლობა გამოვხატო თქვენ მიმართ.
დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო საზოგადოების მიმართ და ჩემი ოჯახის მიმართ, რომელიც ჩემი ყველაზე დიდი საგანძურია და არ ვიცი, ეს სიყვარული ხშირ შემთხვევაში სად წავიღო. უბრალოდ, ამაყი ვარ ამ ადამიანებით და მიხარია, რომ მათ ვხედავ. მინდა, სათითაოდ ყველას ჩავეხუტო და დიდი მადლობა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენთან ერთად დგახართ, უღრმეს პატივისცემას ვგრძნობ თითოეული თქვენგანის მიმართ“, – თქვა ზვიად ცეცხლაძემ, რითაც საბოლოო სიტყვა დაასრულა.