2025 წლის 29 აგვისტოს სინდისის პატიმარმა, რეზო კიკნაძემ მის წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმის პროცესზე საბოლოო სიტყვა წარმოთქვა.
„პუბლიკა” მას უცვლელად გთავაზობთ:
„სიკვდილმისჯილებსაც კი აძლევენ საბოლოო სიტყვის თქმის უფლებას და მე უარესი ბედი რომ არ მერგო და საბოლოო სიტყვის თქმის უფლებაც არ ჩამომერთვა, კიდევ კარგი… არადა იყო ამის შანსიც. ის კი ფაქტია, ჩემი ბედი სრულიად უმიზეზოდ ჩემ გარეშე რომ წყდება თვეებია. ალბათ, ოდესმე გავიგებ მიზეზს, მაგრამ რაც არ არის, იმას როგორ გაიგებ. რა დროც არ უნდა გავიდეს.
ვინაიდან დიდი ხანია აქ არ ვყოფილვარ და სათქმელი საკმაო დაგროვდა, ალბათ, საუბარიც ბევრი მომიწევს, თან წინაზე, რაც არ დამასრულებინეს, ისიც უნდა განვაგრძო, სიტყვას კი ვაჟა-ფშაველას ცნობილი ლექსის ბოლო სტრიქონებით გავხსნი:
„ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორო ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, გაფანტულს ველადა!”.
9 თვეა, ტყვეობაში ვარ და ჯერ ვერ ამოვხსენი, რა მედება ბრალად. ე.წ. მოწმეებს ვუსმინე და კიდევ უფრო ვერ მივხვდი, რა არის ჩემი დანაშაული და რავი აბა. ამდენი „მოწმიდან” ერთსაც არ უთქვამს – რეზომ რაიმე დამიშავაო და რა ვიცი, აბა. მე საიდან უნდა გავიგო ჩემგან რა უნდათ.
მე გეტყვით რა არის დანაშაული: დანაშაულია არ იცნობდე ჯანოს, დანაშაულია არ იცნობდე ანდროს, დანაშაულია არ იცნობდე ონისეს, დანაშაულია არ იცნობდე გიორგის, დანაშაული არ იცნობდე ირაკლის, დანაშაულია არ იცნობდე ვალერის, დანაშაულია არ იცნობდე ლუკას, დანაშაულია არ იცნობდე გურის, დანაშაულია არ იცნობდე რუსლანს, დანაშაულია არ იცნობდე სერგეის. ერთადერთი დანაშაული, რაც 9 თვის წინ, ანუ სანამ დამიჭერდნენ, მიმიძღოდა ეს იყო და ახლა ამისგანაც გავთავისუფლდი… მართლა დანაშაული მათი არცნობა.
შეიძლება პათეტიკურად ჟღერდეს, მაგრამ სრული სიმართლეა ის, რომ რატომაც ყველაზე მეტად გამიჭირდა ორ თვეზე მეტი სასამართლოზე არდასწრება, მათთან ჩამოშორება იყო. ყველაზე მეტად ამ დიდებულ ადამიანებთან საუბარი მენატრებოდა, მათი მოსმენა.
თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი დიადი ადამიანები დაიჭირეთ. აი, მაგალითად, გია [ტერიშვილი], რომლის ძმაც თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა 17 წლის ასაკში და ახლა ძმის გზას თავად აგრძელებს ღირსეულად წლების შემდეგ. ჩემთვის უდიდესი სიამაყეა მის გვერდით დგომა.
ზვიად გამსახურდიამ თქვა, „9 აპრილს დაღუპულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელშიო“ და ახლა დარწმუნებული ვარ, მამუკა ტერიშვილი დაგვცქერის, უყურებს მის ძმას და ხარობს ზეციურ საქართველოში. სულ ჩამესმის და ბრძოლისთვის მუხტს მაძლევს მისი ნათქვამი სიტყვები: „რა მოხდა დედა ერთი შვილი შენც რომ შესწირო ქვეყანასო“. ქალბატონო მარინა [ტერიშვილების დედა], თქვენ ხართ ორი გმირი შვილის გამზრდელი გმირი დედა და ძალიან მიყვარხართ.
აქ არის ჯანო [არჩაია], რომელიც აფხაზეთში ებრძოდა რუს ღორებს და ახლაც, წლების შემდეგ საქართველოში კვლავ რუსებთან უწევს ბრძოლა. ჩემთვის მებრძოლის მაგალითია.
აქ არის გური [მირცხულავა], ვისზე განათლებული ადამიანიც ბევრი არ მინახავს. ყველა გამორჩეულია და თითოეულის ღირსებაზე შემიძლია მთელი დღე ვილაპარაკო.
თქვენდა უნებურად საოცარი ადამიანები შეკრიბეთ ჩემს გვერდით და მადლობა, რომ ეს ადამიანები გამაცანით. ყველას გირჩევთ მათ გაცნობას. ერთხელ რუსლანს [სივაკოვი] ვეკითხები, ალბათ, აქედან როცა გაგვიშვებენ, ეგრევე სხვა ქვეყანაში გაიქცევი და ვეღარ გნახავ-მეთქი და რას ამბობ, საქართველომ ისე შემაყვარა თავი და ისე შევეჩვიე, აქედან რა წამიყვანსო. იმის მერე უამრავ ამოუხსნელ უსამართლობას გადააწყდა, მაგრამ, იმედია, კვლავ იმ აზრზეა.
აქვე, არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო თითოეულ ადვოკატს. აღმაფრთოვანებელია მათი პროფესიონალიზმი და ჩემთვის ყველაზე მაგრები არიან. ნორმალურ და სამართლიან ქვეყანაში, ანუ ისეთ ქვეყანაში, სადაც კარგი ადვოკატობა იმას კი არ ნიშნავს, თუ რამდენი ნაცნობი გყავს სისტემაში და უწყებაში და როგორ შეგიძლია საპროცესოების და პირობითების შეთანხმება, არამედ იმას, თუ როგორ წარმართავ უშუალოდ საქმეებს, ბევრად მეტი დაფასება ექნებოდათ, თუმცა სწორ მხარეზე მყოფი ხალხი ყოველთვის დავაფასებთ.
ჯორდანო ბრუნო უცოდინრებმა იმისთვის დაწვეს, რომ დედამიწა მრგვალიაო ამბობდა, რაც წლების შემდეგ სრულ ჭეშმარიტებად იქცა. ჩვენც ასევე ჭეშმარიტ მხარეზე დგომისთვის გვსჯიან, ანუ იმის მტკიცებისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ხსნა და რუსებისგან თავის დაღწევის ერთადერთი გამოსავალი ევროპული გზით სვლაა და არ შეიძლება 16-წლიანი დიქტატურა, რომელსაც ამდენი უსამართლო, მხოლოდ პარტიისთვის და არა ხალხისთვის სასარგებლო კანონი მოჰყვა, ნორმალური მოეჩვენოს. იმაზე ხმის ამოღებისთვის ვისჯებით, ორჯერ ორი ოთხიაო, ანუ რუსეთი რომ მტერია და ევროპა მეგობარი. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, პირიქით რომ ვფიქრობდეთ, ანუ ვამბობდეთ – რუსეთი მეგობარი და ევროპა მტერიო, ეს ვაიმთავრობა არ დაგვსჯიდა და ახლა გარეთ ვიქნებოდით.
იმდენად დაუჯერებელი და აბსურდული რაღაცები ხდებოდა ამ 9 თვის განმავლობაში ჩვენს პროცესებზე, აქ ჯდომისას ხშირად მიფიქრია, აი, ახლა კარს გააღებს ბაკურ სვანიძე, ყვავილებით ხელში შემოვა და გაიღიმეთ, ფარული კამერაა – იტყვის-მეთქი.
როცა ვეღარაფერს გვიპირისპირებდნენ, ვინაიდან მატყუარა და მოღალატე სიმართლის ვითომ საპირწონედ ვერაფერს იტყვის, ნაცები ხართო გვეძახდნენ გარეთ და ამით გვაშავებდნენ, თითქოს თავის დროზე ნაცების რეპრესიულ რეჟიმს არ ვებრძოდით მე და ჩემი ოჯახი, ვინაიდან ყველანაირ უსამართლობას ვგმობთ და ამიტომ ვარ ახლა აქაც. თითქოს თავად არ ჰყავდეთ პარტიაში მაღალ თანამდებობებზე იმაზე ათჯერ მეტი ნაცი. თითქოს 2025 წელს ქოცობა ბევრად უფრო დიდი სირცხვილი არ იყოს, ვიდრე ნაცობა, მაგრამ ამ თემას დღეს არ გავშლი. ახლა უბრალოდ ასეთ ხალხს, ვინც ნაცებს გვეძახის და მათი მწირი ფანტაზია მეტს ვერ სცდება, ერთი შეკითხვა მინდა დავუსვა: მარტო ნაცებისთვისაა რუსეთი მტერი თქვე….. (აქ შეგიძლიათ ჩასვათ ყაველაშვილის ტოპ 5 ფრაზიდან ნებისმიერი).
ეს ვითომ მოწმეები მოდიან, რაღაც გასაჭირს ჰყვებიან თავისას, რომელიც ჩვენთან არაფერ შუაშია და ამას არც თავად ამბობენ, რომ ჩვენ ვართ მათი უბედურების გამომწვევნი და მერე მიდიან. ერთ იდეას მოგაწვდით: აქაურობას დავარქვი ანონიმურ მოწმეთა კრება. ერთად მოდით ხოლმე ყველა „მოწმე”, ჩაკიდეთ ხელები ერთმანეთს, თვალები დახუჭეთ და ისე ისაუბრეთ საკუთარ პრობლემებზე. აი, მაგალითად, „გამარჯობა, მე არსენ ხუნაშვილი [მთავარი გამომძიებელი] ვარ და მე ცრუმოწმე ვარ”. მერე აქედან ერთხმად შევძახებთ: „გამარჯობა, არსენ”… ჩვენც მოგისმენთ, გაგამხნევებთ და იქნებ წამალიც გამოგინახოთ. თან ერთმანეთს რომ გაუზიარებთ უფრო შეიძლება გეშველოთ. აბა სხვა რა გიყოთ, რით დაგეხმაროთ, რა შუაში ხართ ჩვენთან?
არის რაღაცები, რაც შეიძლება საუბრის დროს ისე ვერ გამოხატო, როგორც წერისას. აი, მაგალითად, როცა ვწერ მოწმეს, სასამართლოს და მოსამართლეს, ყოველთვის ბრჭყალებში ვსვამ. თქვენც, ჩათვალეთ, რომ ბრჭყალებში ჩასმულს ვამბობ ახლა.
როდესაც მედავები ჯგუფურობას, როცა ბრალს მდებ, რომ ვითომ ვიღაცამ დამაორგანიზა, მტკიცებულებად ის ვიდეოები კი არ უნდა მოიტანო, სადაც რაღაც მიკავია ხელში ან ჰაერში ვაგდებ რაიმეს, შენს მიერ წარმოდგენილ ვიდეოში ის უნდა მაჩვენო, ამ ე.წ. დაჯგუფების რომელიმე წევრთან თუ მაქვს კავშირი, კონტაქტი, ორგანიზატორი თუ მაძლევს მითითებებს. მაგრამ რა ვიდეოზეა საუბარი, ვიდეო კი არა, სატელეფონო ზარი, მიმოწერა, შეტყობინება ან რამე მაგდაგვარიც კი არ გაქვთ.
ეგ კი არა, ერთი მოწმეც კი არ მოგიყვანიათ, ვინც თუნდაც ტყუილს, მაგრამ იტყოდა – აი, ეს და ეს, მაგალითად, რეზო, ონისე ერთად დავინახე რუსთაველზე და რაღაცას ლაპარაკობენო. ანუ, თავად თქვენივე მოწმეებს არ უთქვამთ ერთი სიტყვაც კი იმ ბრალდებაზე, რასაც გვაბრალებთ, რა მუხლითაც გვსჯით და ბარემ პირდაპირ თქვით რაც გსურთ, რამდენიც გინდათ და ისე ჩაგვსვით, რაღას გვასამართლებთ თუ მაინც მტკიცებულებების გარეშე უნდა მოგვისაჯოთ. 9 თვის მანძილზე ერთი მტკიცებულებისმაგვარიც კი არ გქონიათ. ჩვენ – მაინც აქ ვართ, ეს ფაქტია და მე არაფერს ვამატებ. იგივე წარმატებით კაცის მოკვლაზეც შეგიძლიათ მოგვისაჯოთ სამუდამო, რა სხვაობაა. მართალია, კაცი არაა მოკლული, მაგრამ ეგრე არც ვინმეა ჩვენ გამო დაზარალებული ან ჩვენი კავშირის მხილველი.
ამდენი წელი სწორედ იმის გამო გვემუქრება, თქვენს ნებაზე, ყოვლად უარგუმენტოდ რომ მოიგონეთ ჩვენთან არანაირ შემხებლობაში მყოფი მუხლი ორგანიზებული ჯგუფისთვის, თორემ ბოთლის ან თუნდაც ქვის ჰაერში აგდებაზე მაქსიმუმ ორი თვე მოგეცათ ხულიგნობაზე ბრალდებით, თუმცა იმასაც ვერ დაამტკიცებდით სამართლიანი განსჯის პირობებში. აბა მოაშორებ ჯგუფურობას ჩვენს ბრალს, რაღა დარჩება? არაფერი, ხომ?
ამ მუხლის ერთ ნიშანსაც კი არ ვაკმაყოფილებთ. გარდა იმისა, რომ ერთმანეთს არ ვიცნობთ, აქ ვნახეთ [ერთმანეთი] პირველად და იქამდე კავშირი საერთოდ არ გვქონია, არ ემთხვევა დრო – ზოგს 28 ნოემბერს ედავებით, ზოგს – 29-ს, ზოგს 30-ს, ზოგს 1 დეკემბერს. არ ემთხვევა ადგილი – ზოგის ვიდეო ჭიჭინაძეზეა გადაღებული, ზოგის რუსთაველზე, ზოგი პარლამენტის წინ დგას, ზოგი პარლამენტის გვერდით, ზოგი – უკან. არ მომხდარა ერთ ინდივიდზე თავდასხმა – არავის უთქვამს 11 კაცი ერთად დამესხა თავს და 11 ადგილას მივიღე დაზიანებაო.
გარდა იმისა, რომ ჩვენი ბრალეულობით ისედაც არავინ დაზიანებულა, თუ სხვადასხვა პიროვნებებს სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა ადამიანები აზიანებდნენ, აქ ჯგუფურობა რა შუაშია და ამ მუხლით თავიდანვე რატომ დაგვიჭირეთ, მართლა ვერ ვხვდები. აუ ვერ ვხვდები სამართლებრივად. რაც უფრო მეტად ცდილობთ, დაამტკიცოთ არარსებული ჯგუფურობა, უფრო მეტად შედიხართ ჩიხში. რაც უფრო მეტად ჩაშლით კრიტერიუმებს, უფრო მეტად გააქარწყლებთ ბრალდებას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჯგუფურ ძალადობაში რანაირად უნდა მედებოდეს ბრალი იმ საქმეში, სადაც უბრალოდ არ არსებობს დაზარალებული?
რომელ პოლიციელს დავესხი თავს, ვინ დავაზიანე, მითხარით? სახელი და გვარი მაინტერესებს. უი, არ არსებობს ასეთი არავინ? ან ვიდეოები რატომაა მოჭრილი, რატომ არ ჩანს არც ერთი ვიდეოს დასაწყისი და დასასრული, ან დამონტაჟებული რატომაა ყველა? იმიტომ ხომ არა, რომ დასაწყისს თუ გვაჩვენებდით, პოლიციელის მხრიდან თავდასხმა, ძალადობა და გინება გამოჩნდებოდა, დასასრული რომ გეჩვენებინათ, კი თავადვე დაადასტურებდით იმას, რომ არავინ დაგვიზიანებია, თუმცა, ეს თქვენმა მოყვანილმა „მოწმეებმა” ისედაც დაადასტურეს. ანუ, თქვენივე წარმოდგენილი, თუნდაც მიჭრილ-მოჭრილი ვიდეოები თქვენივე გამართლების წყარო უფრო იყო, ვიდრე ბრალის წაყენების, ვინაიდან იქ 2 რაღაც ჩანს: ის, რომ არავის ვაზიანებთ და ის, რომ არც ორგანიზებული და არც რამე ჯგუფისმაგვარი არ ვართ.
უკლებლივ ყველა „პოლიციელმა”, რომელიც აქ მოიყვანეთ, იცით, რა განაცხადა? სანამ ჩვენ მივიდოდით, მშვიდობიანი აქცია იყო და არაფერი ხდებოდაო. ანუ რა გამოდის? თავადვე ამბობენ, რომ მათ მოსვლამდე არავინ არაფერს აშავებდა. არეულობა არ ყოფილა და შეხლა-შემოხლა მათი მოსვლის შემდეგ დაიწყო. მათ ხომ არ დაიწყეს ეს არეულობა შემთხვევით? შემთხვევით არა, ნამდვილად მათ დაიწყეს. აბა ისინი რომ არ მოსულიყვნენ და ჩვენზე არ ეძალადათ, ერთმანეთში დავიწყებდით არევას?
თავად იჭერდნენ ხალხს უმიზეზოდ, თავად გვასხამდნენ წიწაკის სპრეის, გვეჯაჯგურებოდნენ, გვესროდნენ ნივთებს და ჩვენ თავიც არ დაგვეცვა? თავად აბჯრებით და აღჭურვილობით მოვიდნენ. ჩვენ რაც გვეცვა, ისიც დაგვისველეს, სახე დაგვიწვეს და გაზით დაგვწამლეს.
ვინც მოიხელთეს ან წაიქცა, წიხლების რტყმა დაუწყო შვიდმა ერთად. ტელეფონების და საფულეების პარვა, ცემა და გინება – აი რისთვის მოვიდნენ. აი ამაზე ბედავთ, ამ შენიღბულ ამოუცნობებზე და ამბობთ, სამართალდამცველები იყვნენო? ადამიანის საცემად დაქირავებული სპეცრაზმელი ვერასდროს იქნება სამართალდამცველი და ეს თავადაც კარგად იცით. ანუ რას გვეუბნებით, ვიღაც ნიღბიანებს უნდა გავუჩერდეთ და დაალეწვინოთ თავ-პირი? ეს გინდათ? თან მათ ამისთვის არაფერი ემუქრებათ, ციხეში მათ არ უშვებთ ჯგუფური ძალადობისთვის და ღირსების ორდენებს კიდებთ დასჯის ნაცვლად. აი ვიღაცამ, რიგითმა მოქალაქემ მოძალადისგან თავის დასაცავად ხელში მუყაოს ქაღალდი, ბოთლი ან ქვა თუ აიღო, 6 წელი უნდა ჩასვათ ციხეში, ხომ? ასეთია თქვენი სამართალი? ცალმხრივი და მიკერძოებული? ჩემი ჰაერში აგდებული არავის მოხვედრია, მე კი თავად მომხვდა თავში ჩაფხუტიანი სპეცრაზმელის ნასროლი მყარი საგანი (აირწინაღის ნაწილი) და ამისთვის დაისაჯა ვინმე? მე აქ ვარ და ის სად არის? ვარჯიშობს და ემზადება, კიდევ ბევრი უდანაშაულო მოქალაქეს რომ სცემოს და დააზიანოს, ვინაიდან პასუხს არავინ მოსთხოვს ამაზე, ხომ? და მე რატომ ვისჯები? იმათ მწვანე აქვთ ანთებული ძალადობაზე და ჩვენ წითელი თავის დაცვაზე?
ყველანი უნიღბოდ ვიდექით და ამიტომ ვართ ახლა აქ, განა რამე დავაშავეთ, უბრალოდ არაფერი საქმე არ გვქონდა გასაკეთებელი ან დაგეგმილი გასაკეთებლად, თავის დამალვა რომ დაგვჭირვებოდა. ჰოდა ვინც ამოიცნეს, ისინი დაგვიჭირეს, როგორც ჩვენმა უსინდისო ე.წ პრემიერმა საკუთარი ბინძური პირითვე თქვა პრეზუმფციის მიზნით სხვების დასაშინებლად.
რამე დაჯგუფება რომ ვყოფილიყავით, სახეებს მაინც არ დავმალავდით? თუ ძნელი საშოვნი იყო ნიღაბი?
თან ყველა მეუბნებოდა, სულ წინ დგახარ და ასე ღია ფერები რატომ გაცვია ყოველ ღამე, შავი ჩაიცვი და ნიღაბი გაიკეთე, რომ არ დაგიმახსოვრონო. ამომიცნონ და დამიმახსოვრონ მერე, კი არაფერს ვაშავებ, მათგან განსხვავებით-მეთქი და მეც არაფერს ვცვლიდი საკუთარ „აუთფითში“.
როცა მოწმეები ამოგეწურათ და თან თავადაც ხედავდით, ყველა ამბობდა, არ დაგვინახავსო, ჩვენზე, ახალი ხერხი იხმარეთ (ძალიან ჭკვიანი ხართ :დ), აწ უკვე წარმოდგენილ ვიდეოებზე მოგყავდათ ვიღაც არსებები და ასაუბრებდით, რა ჩანდა იმ ვიდეოებში. მოიცა, ამას მოწმეს ეძახით? საბავშვო ბაღში მგონია ხანდახან თავი. იმ ვიდეოში რაც ჩანს, ისედაც ვხედავთ. მხედველობას არც მოსამართლე უჩივის. ასე მგონია, ახლა თქვენ რომ სულ მილიონი კაცი ალაპარაკოთ და აღაწერინოთ ვიდეო, სხვა რამე გამოჩნდება? ფეიერვერკი ტანკის ლულად იქცევა ან პლასტმასის ბოთლი დანად?
თუმცა, დანად კი გადააქციეთ პლასტმასა ერთ-ერთ საქმეში. თქვენ თუ არა, თქვენმა უსირცხვილო პროპაგანდისტულმა მედიამ მაინც. (ამის მოფიქრების სცენა ასე წარმომიდგენია: იჭყლეტთ ტვინს, რა ვქნათ, რა მოვიფიქროთო. ყველა მოწმე ბრალდებულებზე იმას იძახის, არ დაგვინახავსო. ამ დროს ვახტანგი ამბობს, გენიალური იდეა დამებადაო. როცა მოჰყვება, ვაჟა აქებს, გენიოსი ხარო. მერე მოგყავთ გაურკვეველი წარმოშობის უთავმოყვარეოები და აყოლებთ, რა ჩანს ვიდეოში. რანაირად არ უნდა გაგეცინოს ამაზე?) ვაი თქვენს პატრონს უბედურს.
ექსპერტიზა თუ ჩატარდა იმ ნივთების გამოსარკვევად, რაც ვიდეოშია. თუ პროკურორის, ანუ მხარის თვალს უნდა ვენდოთ? რით მიმტკიცებს ვიდეოში არსებული ობიექტის რაობას, სიტყვით? მძიმე საგანიო რომ ამბობთ, აწონეთ, თვალში გიდევთ სასწორი თუ აქაც სიტყვაზე უნდა გენდოთ?
თუ ექსპერტიზა არ ჩატარებულა, საერთოდ ვერაფრით მიმტკიცებთ, რომ ქაღალდის, მუყაოს და ნაჭრის „გუბკის” მსგავსი საგანი ქვა იყო თითქოს.
ამ მოწმეების ჩვენებები თითოეული ჩვენგანის მიმართებაში თუ განიხილეთ? ისე მაინტერესებს – აი, მაგალითად, მოწმეთა დიდი პროცენტი, ვინც აცხადებდა, რომ აქციაზე დაზარალდა, იყო პოლიციელი. ჩემს ვიდეოში მხოლოდ ნიღბიანი სპეცრაზმელები ჩანან. ანუ აქ მოსული პოლიციელები ეგრევე იცხრილებიან და არც განიხილებიან ჩემთან მიმართებით. გდდ-ის თანამშრომლებიდან კი 3-4-მა თქვა დავზიანდითო და ისიც პიროტექნიკით. მე პიროტექნიკას არ ვისვრი. ადვოკატთა კითხვაზე, რატომ ვერ ამოიცანით დაზარალებულიო, „მოწმეები” აცხადებდნენ, ნიღბებში იყვნენ და იმიტომო. მე ნიღაბი არ მეკეთა – ესეც გამორიცხავს ჩემს დამზარალებლად ყოფნას.
მოკლედ, თუ ვიდეოს და მოწმეთა ჩვენებს ერთმანეთს შევადარებთ, ადგილს, დროს, სუბიექტის და გამოყენებული საგნის ერთმანეთთან ერთმანეთთან შედარებით აქ მოსული ერთი მოწმეც კი არ არსებობს ისეთი, ვინც შესაძლოა, დამეზიანებინა.
ანუ თეორიულადაც კი არავინაა, ვისაც დავაზიანებდი და აბა რაღას მსჯელობთ და განიხილავთ? თან ამ ყველაფერს იმის გაუთვალისწინებლად ვამბობ, რომ თავად ვიდეოში ისედაც ჩანს, არავის ვაზიანებ და არც ერთ მოწმეს ისედაც არ გამოუშვერია ჩემკენ თითი.
28 ნოემბერს ჩემს სახლში ვიყავი მარტო. კომპიუტერში ფილმი მქონდა ჩართული, ტელეფონში ჩოგბურთი და ვუყურებდი. იმ დღეს აქცია არ იყო დაგეგმილი და რუსთაველზე წასვლასაც არ ვაპირებდი. უცებ ფეისბუქზე ვნახე კობახიძის სამარცხვინო განცხადება ევროკავშირთან კავშირის გაწყვეტაზე მათი მთავრობაში ყოფნის პერიოდში და იმწამსვე წამოვვარდი სკამიდან, პარლამენტთან გასასვლელად. მეგობრებისთვისაც კი არ მიკითხავს, მიდიოდნენ თუ არა. არც სხვას ჩაუგდია ჩემთვის კობახიძის ეგ ვიდეო რეპლიკით, „აუ, ნახე, რა თქვა ამან და გამო აქციაზე”.
აი, ასე, ჩემით, ყველასგან დამოუკიდებლად ვნახო ვიდეო და გავიქეცი იქ, საიდანაც შემდეგ 8 ღამის განმავლობაში ფეხი არ მომიცვლია (მეტი არ დამცალდა).
და აი აქედან გამომდინარე რა გამოდის, ვინ დააორგანიზა? ან ვინ გამაწევრიანა რამე დაჯგუფებაში? სხვისი მითითებით და დავალებით გავედი იქ? ზვიად ცეცხლაძეა თქვენი ორგანიზატორი „ფეისბუქზე” დადებული იმ ვიდეოს გამოო, რომელსაც ხმა არ აქვს და ისედაც არ მინახავს. ამ ვერსიას აწვება თურმე პროკურატურა. ხავსზე მოჭიდებაც კი აღარ ჰქვია ამ საცოდაობას.
საინტერესო ისაა, რომ ეს ვიდეო 30 ნოემბერსაა ჩაწერილი და მე 28 ნოემბრიდან ვარ აქციებზე, საერთოდაც 28 ნოემბერს იმ აქციაზე როცა მივედი, 50 კაციც არ ვიყავით და მერე გავბევრდით
150 ათასამდე – ანუ ვინმეს მოწოდება კი არ დამჭირდა, თავიდანვე იქ ვიდექი. ჰოდა 28-დან ვდგავარ იქ, თქვენც ე.წ დაზარალებულები 28 ნოემბრის თარიღიდან მოგყავთ, 29-დანაც და რა გამოდის, წინასწარ ტელეპათიურად 28 ნოემბერს განვჭვრიტე, რომ ზვიადი 2 დღეში რაღაც ვიდეოს ჩაწერდა და ასე დავაორგანიზებდი? ფენტეზების ჟანრში ვართ თუ რამე სხვა ახალი ჟანრი გამოიგონეთ, უფრო ფანტასტიკური?
ცრუმოწმეებს მერე ისევ მივუბრუნდები, როცა ჩემს დამჭერებზე და დაჭერის დღეებზე გადავალ, ახლა კი ცოტა სხვა თემებსაც შევეხები.
ამას წინათ წავიკითხე ნიკოს კაზანძაკისის „ძმათა მჭამელები”. ეს წიგნი არის მღვდელზე, რომელიც სამოქალაქო ომის დროს შუაში დგება და ორივე მხარეს მოუწოდებს შერიგებისკენ, იარაღის დაყრისკენ და არა ერთმანეთისკენ მიშვერისკენ. უნდა, რომ შეეშვან ერთმანეთს, საკუთარი ძმების ჭამას და თავად უშვერს მკერდს „ძმებისთვის” ნასროლ ტყვიას.
წაკითხვის შემდეგ ჩემს რეალობაზე დავფიქრდი – რას აკეთებენ ჩვენი სასულიერო პირები კრიზისის დროს, რა რეაქცია აქვთ რეპრესიებზე, უსამართლობაზე, ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე და მომინდა საპატრიარქოსთვის, რომელსაც სულ სძინავს, როცა ხალხს უჭირს, მიმემართა: „ამ ათეულზე მეტი წლის განმავლობაში ეს ქვეყანა მუდმივად ორად არის გახლეჩილი. მუდმივად ერთი უპირისპირდება მეორეს და თქვენ რატომღაც მუდამ გამარჯვებულის მხარეს აღმოჩნდებით ხოლმე. არადა, ერთი შემთხვევის გარდა ყველა წინამორბედი, ანუ კონკრეტულ ვითარებაში დამარცხებული, ადრე ხომ თქვენ მიერ იყო დალოცვილი და კურთხეული? თუნდაც შევარდნაძე, თუნდაც სააკაშვილი. დამარცხებულ მხარეს არ იყვნენ თქვენი სულიერი შვილები?
არასდროს მომცემია ამის საშუალება და ახლა ვიკითხავ: თქვენ რატომ არ იყავით შემრიგებელი? რატომ იყავით და ხართ ყოველთვის მხარე და შესაბამისად, არასდროს ყოფილხართ ქვეყნის გაერთიანების და გამარჯვების ცენტრში?
ქრისტე დაჩაგრულთა და უპოვართა მფარველი იყო, თქვენ რატომ ხართ სულ მჩაგვრელთა და მოძალადეთა მხარეს? მეტიც, ზოგჯერ თავად მოუწოდებთ მრევლს ძალადობისკენ. რა უფლებით საუბრობთ ქრისტეს სახელით? როდესაც ღმერთის ნაცვლად საკუთარი თავის და ხელისუფლების მსახური არ იქნებით, მხოლოდ ამის შემდეგ გექნებათ უფლება, მეც და უამრავ, როგორც თქვენ ამბობს, მცირედმორწმუნეს გვესაუბროთ ღმერთზე.
გამონაკლისებიც არსებობენ და აქვე მინდა, დიდი პატივისცემით მოვიხსენიო არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი და ილია თოლორაია.
დათა თუთაშხიას აქვს ნათქვამი, მოსაკლავი იმიტომ კი არ ხარ, რომ შეცოდე – ფულის გამო მოკვლა რომ შეგიძლია, მაგიტომაც ხარ მოსაკლავიო. თქვენ, ვინც ამ რეჟიმს ემსახურებით, ჩვენი აქ გამოკეტვის გამო კი არ ხართ დასასჯელები და დასატანჯები, ფულის გამო სამშობლოს გაყიდვა რომ შეგიძლიათ, მაგიტომაც უნდა მოგეზღოთ ჩადენილისთვის და ასეც მოხდება.
ღალატი ის კი არაა, როცა მტერს ებრძვი და თავს იცავ – ღალატი ისაა, როცა მტერს ურიგდები, კომპრომისზე მიდიხარ, ემონები, მონობას ეგუები და ამას მშვიდობას ეძახი. შეიგნეთ, რომ აქ, ამ ქვეყანაში მონობას არასდროს ერქმევა მშვიდობა! ომი კი მხოლოდ რუსეთს უნდა, სხვას არავის და კიდევ იმათ, ვინც ამ ომით აპელირებს ხალხზე. დავით აღმაშენებელს რომ ეთქვა, არ მინდა ქვეყნის დაცვა, ანუ ომიო და ხარკი ეხადა, თქვენი აზრით, ახლა გვექნებოდა ქვეყანა თუ მაშინდელი სელჩუკები ახლანდელ მტრებზე ნაკლებად მძლავრი გგონიათ?
აქ ხშირად ახსენებთ ძლიერ მტერს. თუ კაცი არ შეეცადა, თავად გაძლიერდეს და მტერი დააუძლუროს, თავად მუდამ უძლური დარჩება, ხოლო მტერი მისი – მუდამ ძლიერი.
აი ასეთი რამ ხდება მხოლოდ და მხოლოდ ხმლითა და ბრძოლით. ომი წრთობაა არა მხოლოდ ხმლის, არამედ ხალხისაც. ვინც მართებულ ომს გაურბის, იგი ახალ უმართებულო ომებს თავს მოახვევს თავის ხალხსაც. ომი საფრთხეა, მაგრამ ამ საფრთხის წამალი მხოლოდ წინააღმდეგობაა. ომი სისხლს მოითხოვს, მაგრამ ჯერ უსისხლოდ არავის მოუგია ომი. მართალია, ომი საფრთხეა, ომი სიკვდილის მთესველია, მაგრამ რადგანაც კაცი უომრადაც ყოველ წუთს უნდა მოელოდეს სიკვდილს, არა ღირს ვაჟკაცისთვის პირის შერცხვენა მოუცილებელ ომში”.
ერთადერთი, ვისაც ახლა ამ არარსებული ომის საფრთხე აწყობს, „ქართული ოცნებაა”, რათა ხალხი ამით დააბას, დააშინოს, მოატყუოს, პროპაგანდის მარწუხებში მოაქციოს.
თუმცა, როგორც ბერნარდ შოუმ თქვა: „პროპაგანდა ხალხს იდიოტებად არ აქცევს, ის თავიდანვე განკუთვნილია აწ უკვე იდიოტებისთვის”. სამწუხაროდ, იდიოტების ნაკლებობას არ განვიცდით და ჩვენ მისტიური დიფსთეითის წარმომადგენლები ვგონივართ ასეთ იდიოტებს, რუსეთის მიერ გამოწვეულ ომში დამნაშავე კი – ევროპა.
ყველაზე დიდი გულისტკივილი ჩემთვის ისაა, როცა ხედავ, ადამიანს უჭირს და შენ ვერ ეხმარები. არ გაქვს შესაძლებლობა. ამ დროს მეზიზღება ხოლმე ჩემი საკუთარი თავი ყველაზე მეტად. აი მაგალითად, უყურებ, როგორ დღეში არიან თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრებლები და შენ ტირილის მეტს ვერაფერს აკეთებს. არაქდა, როგორ მიდა, შემეძლოს, მათ ტკივილს წამლად მოვედო. მაგრამ შენ წამალი არასდროს გაქვს. ამის გამო საკუთარი თავის დახრჩობაც გინდა…
და თქვენ, ვისაც წამალი სულ გაქვთ ვიტრინაში, რატომ გიყვართ მისი შენახვა? რა გაძლებინებთ, უცქიროთ სხვის უბედურებას? არადა, ყველაზე დიდი ბედნიერება ხომ ისაა, სხვა ნახო ბედნიერი და არა ატირებული, სხვისი ცრემლების მოწმენდის მიზეზად იქცე და რა ცრემლების.
ამ ვიტრინაში შენახულ წამალს ადრე თუ გვიან ვადა გაუვა ისე, რომ ვერც შენ გამოიყენებ. როგორ შეგიძლიათ, უცქიროთ ადამიანის ტკივილს, ადამიანის ცრემლებს და არაფერი მოიმოქმედოთ. მეტიც, ეს გახარებდეს და გამშვიდებდეს?
იცით, რას ამბობს ხოლმე ყველაზე ხშირად მამაჩემი და ჩვენც რა შეხედულებით ვიზრდებოდით? რას და -„ღმერთო, ჩემზე მეტი სხვას მიეცი; სხვას თუ ექნება, მეც ხომ მექნება; ჩემ ირგვლივ ყველა თუ ბედნიერი იქნება, მეც ხომ ბედნიერი ვიქნები?” ვისურვებდი, ყველას ამ პრინციპით ეცხოვრა.
გიყვარდეთ ადამიანი, იზრუნეთ ადამიანებზე და თქვენივე ცხოვრება გახდება ამით უკეთესი და აზრიანი გახდება. დედამიწას სიყვარული ატრიალებს, სიკეთეს და სოლიდარობას კი ალტერნატივა არ აქვს. სხვისი ჭირი რომ შენი ჭირი გახდება, კი მაშინ ხარ ადამიანი, მაგრამ ჩვენს ე.წ. მთავრობის წევრებს რომ ვუყურებ, სხვისი ჭირი მათი ჰობი და ორგაზმის მთავარი მასტიმულირებელია.
მარველის „გალაქტიკის მცველებში“ ერთი პერსონაჟია, რომელიც მთელი ფილმის მანძილზე ერთადერთ წინადადებას ამბობს — „მე გრუტი ვარ“. ერთადერთხელ შეცვალა ეს წინადადება და იცით, რა თქვა? — „ჩვენ გრუტი ვართ“. ეს კი მაშინ გააკეთა, როდესაც გადაარჩინა, როდესაც სხვისი ტკივილი მისი ტკივილი გახდა და ამის აღმოსაფხვრელად საკუთარი თავი შეაგდო გასაწირად სასწორზე. და სწორედ ეს — ანუ სხვის გადასარჩენად გადადგმული ნაბიჯი — გახდა მისთვის სიცოცხლის წყარო.
და მე ერთ რაღაცას გისურვებდი — გისურვებდი, ვიცხოვროთ ისე, რომ „მე“ გახდეს „ჩვენ“. ჩვენ გრუტი ვართ…”
რაც შეეხება ნეიტრალურად განწყობილ ხალხს, ვინც ფიქრობს, რომ მხოლოდ პირადი დროებითი კეთილდღეობაა მთავარი და მათ არ შეეხებათ ადრე თუ გვიან. თქვენ კი არა, საკუთარი გუნდის წევრებსაც არ ინდობენ, როცა გამოყენების მერე აღარ სჭირდებათ და კი ხედავთ, როგორ ირავენ ნელ-ნელა ყველას. ბევრს არ ჩამოვთვლი და მარტო ერთ კაცს გავიხსენებ – აბა გაიხსენეთ, ვისი წევრი იყო სოსო ჯაჭვლიანი და როგორ დაასრუოა.
დენ ბრაუნს აქვს „და ვინჩს კოდში” ნათქვამი „ჯოჯოხეთში ყველზე ცხელი ადგილი იმათთვისაა განკუთვნილი, ვინც საყოველთაო კრიზისის დროს ინარჩუნებს ნეიტრალურ მდომარეობასო”.
„როცა ნაცისტები კომუნისტებს მიადგნენ, ხმა არ ამოუღია, რადგან კომუნისტი არ იყო. როცა ებრაელებს მიადგნენ, ხმა არ ამოუღია, რადგან ებრაელი არ იყო. როდესაც კათოლიკეებთან მივიდნენ, მაშინაც ჩუმად იყო, კათოლიკე არ იყო და იმიტომ. ბოლოს მასაც მიადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი, რომ ხმა ამოეღო”.
ხალხო, სანამ დროა, გამოფხიზლდით და ძალით ნუ იხუჭავთ თვალს, თითქოს ქვეყანაში ყველაფერი მართლა კარგად იყოს. ნუ ფიქრობთ, რომ თქვენ არ შეგეხებათ, რაც აქ ხდება, თორემ თქვენთანაც მოვლენ. თან აუცილებლად მოვლენ და მერე უკვე შეიძლება აღარავინ იყოს დარჩენილი, ვინც ხმას ამოიღებს და გვერდით დაგიდგებათ, რადგან თავის დროზე თქვენ არავის დაუდექით გვერდით და სინანულს აზრი აღარ ჰქონდეს. ამიტომ, ნუ ფიქრობთ, რომ სირაქლემას პოზის მიღება გადაგარჩენთ ან თქვენი გასაკეთებლი სხვამ უნდა გააკეთოს. „როდესაც სახლს ცეცხლი ეკიდება, ნუთუ გულგრილად უნდა ვუცქიროთ იმ იმედით, რომ ის თავისთავად ჩაქრება?“
დიდიე დროგბამ მსაჯს აგინა და 6-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. ლუის სუარესმა სამ სხვადასხვა ფეხბურთელს უკბინა და მხოლოდ სეზონის მეოთხედი ნაწილი გამოტოვა და მე, ამბროსი ხელაიას გამო რატომ არ დამასწრეს ჩემი სასამართლო პროცესების ნახევარზე მეტს, ამოუხსნელია. ფაშისტებმა 1932 წლის 10 მაისს 25 000 წიგნის კოცონი დაანთეს ბერლინის ქუჩებში, უპირველეს მოწინააღმდეგედ წიგნი ჩათვალეს და უპირველეს ყოვლისა წიგნს შეუტიეს, აი, რა ძალა გააჩნია სიტყვას. მეც ხშირად რომ ვახსენებდი წიგნებს, ტიტატებს და პარალელებს, ალბათ, ამიტომ მომწყვიტეს ყველაფერს და ჩემს ბედს ჩემს გარეშე წყვეტენ. არც ის ენდომებათ ძალიან აშკარა და ცალსახა ცრუმოწმეებისთვის ანუ ჩემი დამჭერებისთვის დამესვა კითხვები და საეჭვოდაც დაემთხვა ჩემი უმიზეზოდ გაგდება მათ აქ გამოცხადებას. კარგი რაც არის, ეგ არის. სადაც ბოლოს გამაჩერეს, იქიდან განვაგრძობ, ჩემს დამჭერებს კი ცოტა მერე მივუბრუნდები. მაში ამბროსი იმიტომ ვახსენე, რომ ჩვენს საქმესთან ჰქონდა კავშირი, ჩვენს საქმესთან კავშირი იმიტომ ჰქონდა, რომ რუსებს ებრძოდა, ისევე როგორც ჩვენ.
მოკლედ ამბროსი ხელაია მთელი ცხოვრება ებრძოდა რუსებს და ყველაფერს აკეთებდა, რომ მათ არ ჰქონოდათ გავლენა ქართულ ეკლესიაზე. კომუნისტებმა როცა დაიჭირეს, იცით რა წაუყენეს ბრალად – ზუსტად ასე ეწერა სიტყვასიტყვით: „პროვოკოკაცია“, „კონტრრევოლუცია“, „მთავრობის გაბაიბურება“ და „უცხო სახელმწიფოსთან ურთიერთობის დაჭერა“! რაიმეს ხომ არ გაგონებთ? 100 წელი გავიდა და არაფერი შეცვლილა, ისევ რუსები გვასამართლებენ, იგივენაირი აბსურდული ბრალდებებით, საქართველოს ნათელ მომავალზე ზრუნვისთვის უბრალოდ ახლა უცხო სახელმწიფოსთან კავშირს „დიფსტეიტი“ დაარქვეს.
ისე 1944 წელს ფაშისტებიც ფიქრობდნენ, რომ სულ ისინი იქნებოდნენ და არაფერი დაემუქრებოდა მათ ძალაუფლებას. ებრაელებს როგორ ბუზებივით ხვრეტნენ და წვავდნენ საყოველთაოდ ცნობილია და ერთი წლის მერე აქეთ ასამართლებდნენ და ხვრეტნენ იმავე ფაშისტ გერმანელებს. ძალაუფლება წარმავალია, ჩადენილი დანაშაული კი რჩება სამუდამოდ. რეჟიმის რღვევის ბოლოს შესაბამისადაც მიმართა ოსკარ შინდლერმა SS-ის ჯარისკაცებს: „თუკი აწი ვინმეს ბრალს დასდებთ, ეს სათანადო ადგილას გააკეთეთ, რადგან ახალ ევროპაში პატიოსანი მოსამართლეები იქნებიან და ეს მოსამართლეები ხალხის საჩივარს მოისმენენ“. დაახლოებით იმავეს თქმა მინდა ახლაც.
შეიძლება ვიღაც ფიქრობს, რომ მათეს მიუსაჯეს და რა მოხდა. ასე მიუსჯიან ერთ ლუკას, ერთ ონისეს, ბოლოს მოვიხედავთ და ქვეყანა გვექნება უკვე დაკარგული. ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ თითოეული ადამიანისთვის. ერთი ადამიანიდან იწყება აღზევება, ისევე როგორც დაღმასვლა. ასე რომ არ ეფიქრა ოსკარ შინდლერს ამდენ ებრაელს კი ვერ გადაარჩენდა და ისტორიაშიც ვერ შევიდოდა. სწორედ მისი პრინციპი იყო ის, რაც ყველამ უნდა გავითავისოთ: „ვინც გადაარჩენს ერთ ადამიანს, გადაარჩენს მთელ ქვეყანას“. თითოეული ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია, ისევე როგორც თითოეულის თავისუფლება. ქალბატონო მოსამართლე იყავით ოსკარ შინდლერი და ნუ იქნებით ჰაინრიხ ჰიმლერი.
ალბათ ყველაფერს შეიძლება რაღაც ოდნავი ინტერპრეტაცია მისცე და საშენოდ გამოიყენო. როგორც გაწყობს, ისე საშენო გამართლება უპოვო, თუნდაც ტყუილს. აი, მაგალითად, ჩვენ არავის ვაზიანებთ, მაგრამ ვიდეო ისე მოჭრა არ ჩანდეს სად ეცემა ესა თუ ის ნივთი და თქვა მოხვდაო ვინმეს.
მაგრამ იმას, რომ მე მეტროში დამიჭირეს, დამჭერები კი ამტკიცებენ ლისის ტბაზე ავიყვანეთო, ანუ დავიჭირეთო, თორე მეტროში დაჭერის მერე მართლაც იქ ამიყვანეს, იმ ლისის ტბაზე, სადაც ცხოვრებაში არ ვყოფილვარ იქამდე, რა ინტერპრეტაციას მოუძებნი?
ეს ხომ ცალსახად ცრუჩვენება და დანაშაულია? ერთი დამჭერი ოშხარლი იყო გვარად, მეორე ბუკია და ოდესმე როცა კანონი მართლა იკანონებს, ეს ორი ქვემძრომი მალე წარსდგება აქ, ოღონდ ამჯერად ბრალდებულის რანგში. პირველი კითხვა, რაც მათთვის უნდა დამესვა, უფრო სწორად თხოვნა იყო, ზუსტად სად არის ლისის ტბა ესწავლებინათ ლოკაცია, როგორ შეიძლება იქ მოვხვდე, რა ნომერი ავტობუსი მიდის, აწი მაინც რომ ვიცოდე… ან ამ უდაბურ და უკაცრიელ ადგილას ნეტა რა მინდოდა? ჩემი იქ ყოფნის მიზეზით არც დაინტერესებულან, არც მოსამართლეს გასჩენია ნეტა კითხვები? ან კამერები თუ ამოიღეს იმ დროს როცა ლისის ტბამდე გზას გავდიოდი? დავიჯერო მთელ ქალაქში ერთი კამერის თვალშიც არ გამოვჩნდებოდი? რეალობა ხომ ისაა, რომ იქ ცრუჩვენების გამოსაძლად წამიყვანეს, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. დავიწყოთ ამ დღეზე თავიდან და გავყვეთ ბოლომდე.
ეს არის ჩემთვის ყველაზე სტრესული, საშინელი, ავადსახსენებელი, დამღლელი დღე, მიუხედავად იმისა, რომ ცუდი დღეების მეტი რა მქონია ცხოვრებაში. დღიურებს ვწერდი და ყველა დღეს სათაურს ვარქმევდი. ამ დღეს კი „ვატერლო თუ აუშტერლიცი“ დავარქვი. ვატერლო და აუშტერლიცი ნაპოლეონის ორი ყველაზე მასშტაბური ბრძოლაა, საიდანაც ერთში ყველაზე დიდი მარცხი განიცადა, მეორეში კი ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვა. ახლა თავად განსაჯეთ ეს დღე, როცა არ გავტყდი, გამარჯვება იყო ჩემთვის თუ მარცხი, იმის ფონზეც, რომ ვინც მე აქ უსამართლოდ გამომიშვა მათ ყველა აფურთხებს, აგინებს და გარეთ თავისუფლად ვერ გამოდიან. მე კი ოდესაღაც, როდესაც გარეთ გავალ, ჩემთვის ყოვლად უცნობ ადამიანთა ჯარი დამხვდება, ვინც სიყვარულს და პატივისცემას გამოხატავს ჩემს მიმართ. ამ სიყვარულს საკნიდანაც საკმაოდ ვგრძნობ.
5 დეკემბრის იმ საღამოსაც ჩვეულებრივ წავედი რუსთავიდან რუსთაველისკენ, ვნახე მეგობრები, აქციებზე გაცნობილი ნაცნობები…. ფეისბუქზე დადებული ჩემი ბოლო ფოტოც მაგ დროს გადავიღე – აქციაზე საჭმელებს აკეთებდნენ, როგორც ყოველთვის ერთმანეთს ვუმასპინძლდებოდით, ერთმანეთზე ვზრუნავდით და მეც გავსინჯე… ჩემი აიდოლი ტატო ბაციკაძეც კი ვნახე იმ დღეს. შეიძლება რაღაც ნიშანიც სიკვდილისწინა ბოლო სურვილივით – სხვა სამყაროში, სხვა განზომილებაში გადასვლამდე შენი ფავორიტი ადამიანის ხილვა.
აქცია, დაახლოებით, სამი საათისკენ დაიშალა, ვინაიდან 09:20-ზე ექიმთან ვიყავი ჩაწერილი ბიულეტინის დასახურად, რუსთავში ვეღარ წავიდოდი და მაისის აქციებზე გაცნობილმა ჩემმა მეგობარმა თავისთან წამიყვანა. ექიმთან დაგეგმილ იმ ვიზიტზე იცოდნენ ალბათ კრიმპოლში და მხვდებოდნენ ჩასაფრებულები მიმდებარე ტერიტორიაზე. დილას დავიძარი საბურთალოსკენ, კლინიკა „რეიმანის“ მიმართულებით, მახსოვს ზუსტად წუთი-წუთზე მივედი, მომცეს ბიულეტენი და 09:30-ზე გამოვედი გარეთ. რა ვიცოდი, თურმე რა მელოდა. ცნობისთვის ბიულეტენი აქციებზე გაზის იძულებითი ყლაპვის შედეგად თვალების და ყელის ჩაწითლება-ტკივილის გამო მქონდა გახსნილი და წამლებსაც ვსვამდი. ჩავედი უნივერსიტეტის მეტროში, თან დედას ვწერდი არ ინერვიულო მოვდივარ სახლისკენ, აი, ახლა ჩავდივარ მეტროში-მეთქი. მერე დედამ მომიყვა შენს ნომერზე ვრეკავდი მთელი დილა და სადღაც 12:00-13:00- საათისკენ ვიღაცამ უხეშად მიპასუხა – აქ აწი აღარ დარეკოო და მაშინ მივხვდი, რაღაც ვერ იყო რიგზეო.
ჩავედი მეტროში და გასასვლელ ავტომატამდე ორი ნაბიჯიღა მაშორებდა… შეიძლება ერთიც… როცა უკნიდან ზურგზე ხელი დამადო შავებში ჩაცმულმა ოდნავ წონიანმა ახალგაზრდამ, რომელსაც მეორე, მასსავით ჩაცმული, ოღონდ უფრო გამხდარი ბიჭი ახლდა და შენ ხო რეზო ხარ, პირადობა გვაჩვენეო მითხრა… თან ხელი მძლავრად ჩამჭიდა. არ მაქვს თან, რა ხდება-მეთქი და ტელეფონის ამოღება დავაპირე ვიდეოს გადასაღებად. ჯიბიდან ამოღებისთანავე გამომგლიჯეს უხეშად „ეს აღარ დაგჭირდებაო“. – რას აკეთებთ, რამე დავაშავე? – ვეკითხები – აქციებზე ხო დადიოდი და რაღას კითხულობო. წონიანის გვარია ოშხარელი, გამხდარის – ბუკია. მეტროს დაცვას ჰკითხეს, პატრულის ოთახი ხო ცარიელია და შიგნით შემიყვანეს, ტელეფონი არ გამიტეხოთ, დედამ მიყიდა ორი დღის წინ მეთქი – პაროლი გვითხარი როგორ შევიდეთ, თორემ დავამტვრევო, მეც ვუთხარი, რა მქონდა დასამალი. შემდეგ ვიღაცას დაურეკეს, უკვე ჩვენთან არისო, გააფრთხილეს და რამდენიმე წუთში ამიყვანეს მაღლა, სადაც შავ დახურულ მანქანაში ჩამსვეს ბორკილებდადებული. იქვე სხვა მანქანაც იდგა მსგავსი. წინ, მძღოლის გვერდით, სავარაუდოდ, მათი უფროსი იჯდა და შეგიძლიათ თავში წამოარტყათ, მაინც არაფერი დაეტყობაო. აქეთ-იქიდან ბუკია და ოშხარელი მესხდნენ და ერთ-ერთმა წამომარტყა კიდეც კეფაზე – თუ არ ეცდები, ბუკიამ ალბათ ამით მანიშნა, ყველაფრის გამკეთებლები ვართო. შოკში ვიყავი, ვერ ვიჯერებდი რა ხდებოდა. თან ვფიქრობდი, კაი, არა უშავს, სამშობლოსთვის ერთ ცემას აიტანს კაცი, რაც უნდათ ის უქნიათ-მეთქი. ცემას გადავურჩი, თუმცა ერთი ცემა სჯობდა იმას, რაც გავიარე.
წამიყვანეს სადღაც ისეთ ადგილას, ქალაქიდან მოწყვეტილს რომ ჰგავდა. მათივე საუბრიდან გავიგე, რომ ლისი იყო. თორემ მე ცხოვრებაში არ ვყოფილვარ იქამდე იქ. აქ წავიდა ჩემი „დამუშავება და შანტაჟი. მანქანაში ყველა ცალ-ცალკე ყოფდა თავს ისე, როგორც მოგვიანებით კრიმპოლის წყეულ შენობაში და მაძალებდა დამეწერა კონკრეტული სამი გვარი, ვისი ორგანიზებითაც დავდიოდი აქციებზე. ვითომ გვარამია, ზურა ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია მიხდიდნენ 500 ლარს. მირიგებდნენ პიროტექნიკას (რომელიც რატომღაც საერთოდ არ გამისროლია), ვითომ მავალებდნენ წინა ხაზზე ვმდგარიყავი, სპეცრაზმის წინ – მეგინებინა და მესროლა ხელში რაც მომხვდებოდა. თავიდან მეგონა უბრალოდ ხუმრობდნენ. მერე, ყველამ რომ ამის მითითება დამიწყო ინტენსიურად უკვე დავეჭვდი – მგონი მიზანში ამომიღეს-მეთქი. ნეტავ ვიცოდე რატომ. ლისზე იყო, როდესაც მანქანის ფანჯარასთან მდგარებმა ჩემ გასაგონად ხმამაღლა დაიწყეს საუბარი ტრაქტორი მოსულია უკვე, თხრის ორმოს და თუ არ დაწერს, ცოცხლად დავმარხოთო. მერე მე მომიტრიალდა, უფრო სწორედ, მანქანაში შემოყო თავი და ჰა ბიჭო, დაწერე ბიჭო რასაც გეუბნებიან, თორემ ხომ ხედავ რაც გელოდებაო.
საჭესთან იჯდა ერთი აზერი, რომელსაც ასლანას ეძახდნენ და ყველაზე დიდ აგრესიას ის გამოხატავდა (მგონი ქართველები არ მოსწონს). ჯერ მეუბნებოდა, დიქტატურა ცუდი რატომ გგონია, ხომ ხედავ რამდენი წელია აზერბაიჯანში ალიევია პრეზიდენტი და იდეალური ქვეყანა გვაქვსო. დებილები ხართ ვისაც დიქტატურა არ მოგწონთო. ჩემთვის ვფიქრობდი, ღმერთო შენ მიშველე – ამ უტვინოს თუ ასე მოსწონს, წავიდეს თავის ალიევთან და დაგვანებოს თავი აქ რა უნდა-მეთქი. მერე ვიღაცამ მითხრა, რას ერჩოდით ბიჭო პოლიციელებს- რამე რომ დაგემართოთ ისევ მათი დასაცავი უნდა გახდეთო. პოლიციელებს კი არა, ნიღბიან, საცემად დაგეშილ, კაცის მკვლელ, დაგეშილ სპეცრაზმელებს ვერჩი, ქალებს და ბავშვებსაც რომ არ ინდობენ და შვიდი ერთს ურტყამს-მეთქი. ამაზე ასლანა სულ მთლად აიჭრა. შენ რა, ასხვავებ პოლიციელებისგანო? ფორმიანებზე რას ამბობ, ხომ ხარ ღირსი გაგეხეს ეგ თავიო. ვინც ფორმიანს შეეხება, ყველას ასე და ისე რომ იცოდეთ, ყველა სპეცრაზმელს აქვს თქვენი სახელები და საცხოვრებლები დამახსოვრებული და თუ კი ოდესმე გამოსვლა გეღირსათ, ნახავთ რა გელოდებათო. გინებას და უწმაწურ სიტყვებს აქ აღარ ვიტყვი. ყველა წინადადება ჩემდამი გინებით სრულდებოდა. სხვა რა შეუძლიათ მეტი?
მერე, დაახლოებით, თორმეტი-პირველის ნახევრისკენ გააფორმეს, თითქოს ლისზე დამიჭირეს. ხელოვნურად გამატარ-გამომატარეს და ვიდეოც გადამიღეს. ჩანთის ჩხრეკისას ერთ-ერთმა მითხრა, ცოტა დროღა დაგვრჩა და თუ არ დაწერ რასაც გეუბნებით, ამ ჩანთიდან შეგვიძლია რაც გვინდა ის ამოვიღოთ. მეორემ სიცილით უპასუხა, ამას რა ჰგონია, სად მოხვდაო. მძღოლის გვერდით მჯდარ მელოტ შუახნის კაცს ჭუმბურას ეძახდნენ. როცა ლისიდან დავიძარით, რამდენჯერაც შუქნიშანზე ან საცობში გაჩერდებოდა მანქანა, იმდენჯერ გადაყოფდნენ თავს მანქანიდან და დაიწყებდნენ ქალებზე სიტყვებით სექსუალურ ძალადობას – უჰ, ამას იმას ვუზამდი; იმას ამას ვუზამდი; აი, ეს საშენოა; ეს საჩემოა და მსგავსი ამაზრზენობები. ცოტაც და გული ამერეოდა. მათი დიალოგები მეტს ვერ სცდებოდა. ქალ მძღოლებს, რა თქმა უნდა, აგინებდნენ. ყოველ დანახვაზე, ქალს რა უნდა საჭესთანო, უშვერი სიტყვებით. მთელი გზა თბილისში არსებულ ბორდელებს განიხილავდნენ – ასეთია ჩვენი პოლიცია.
და მერე შემიყვანეს, აწ უკვე, ჩემთვის უკვე ყველაზე საძულველ შენობაში, ორთაჭალის კრიმპოლში. იქ ისევ იგივე დაიწყო. დამუშავება და მუქარებით დათანხმების მცდელობა მათი მითითებით რეალურად არ არსებული სამი ორგანიზატორის დაწერაზე. ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. საღამოს ექვს საათამდე ვიჯექი იქ და ამ დროის მანძილზე სულ ბორკილი მეკეთა ხელზე და საპირფარეშოშიც არ გამიშვეს. თან, რატომღაც ორჯერ გამჩხრიკეს, როცა ოთახიდან არ გავსულვარ საერთოდ. ერთი დამემუქრა – დაბლა ჩავიყვანოთ და `„კლიზმაზე“ დავსვათ ან შამპანურის ბოთლზეო. მეორემ უპასუხა, შეიძლება გაეპაროს, ბინძური საქმეა, ჰოდა ხელთათმანები გავიკეთოთო.
შემდეგ, რუსთავში, სამსახურში მიუცვივდნენ დედას და ახარეს, შენი შვილი დავიჭირეთო. ახლა სახლში წამოგვყევი, ჩხრეკას დაესწარიო. არადა ვთხოვდი, დამარეკვინეთ დედასთან, მე ვეტყვი, ძალიან ინერვიულებს, შეიძლება გული გაუსკდეს-მეთქი. ამაზე დამცინეს – შენ თავი სასტუმროში ხომ არ გგონია, მომინდომა ბიჭმა ტელეფონზე დარეკვაო. ლისზე როდესაც ჩანთა და ტანსაცმელი გამიჩხრიკეს, ერთმა მითხრა, წამალი გიპოვეთ, დაგერხაო. სახლის ჩხრეკას როდესაც მორჩნენ, იარაღით ხელში შემოვიდა ერთ-ერთი. სახე მიმაბრუნებინა მისკენ კარგად რომ დამენახა და აი, რა ვიპოვე შენს სახლშიო. დაწერე, ნუღარ აჭიანურებ, თორემ სამუდამოდ ჩაგალპობთ ციხეშიო. ისე გიზამთ, რომ თავადვე შეგვეხვეწები, პასტა-ფურცელი მომეცითო, მაგრამ მერე უკვე გვიანი იქნებაო. ისე წამალი კი არა, სიგარეტიც არასდროს მომიწევია ცხოვრებაში. იარაღის სროლა იმდენად საერთოდ არ ვიცი, ვინმეს რომ ვესროლო, შეიძლება თავად გავირტყა.
შემდეგ, გამხადეს ტანსაცმელი – ეგ აქციაზე გეცვაო და საქმეში ჩააკერეს. სახლიდან დედას სხვა ტანსაცმელი გამოაგზავნინეს ჩემთვის. მათ შორის იყო ყვითელი ბოტასებიც. ეს რა ფერის ბოტასები გაქვს, ბიჭო, პიდარასტი ხარო? გვარამიამ გიყიდა ალბათ, ერთად იდექით რიგშიო? ეს ნახე რა პიდარასტი ყოფილაო. აბა, რა გგონია, იქ რანაირი ხალხი დგასო. ერთმანეთში დაიწყეს ასეთი დამცინავი ფრაზები ჩემზე და ხარხარებდნენ, ვითომ მაგარი რაღაცები თქვეს.
მერე გაიგეს სადაც ვმუშაობდი, ევოლუშენში, ბანქოს მჩეხავად. ამაზე ცალკე დამიწყეს ბულინგი. ეგ არ უთხრა პატიმრებს, თორემ გაგწეწავენ – ჯოჯოხეთად გექცევა იქ ყოფნაო. აუ, ეს ვერ გადარჩება იქ, ნახე რა არიფია. დაწერე, შვილო, რასაც გეუბნებით, ძალიან გინდა ცხრა წელი საკნის ხეხვაო? ცხრა წელი ვინ აკმარებს? – მეორე გამოეპასუხა.
ამ უნიჭო დაცინვებში ვინც მონაწილეობა, არის ჭუმბურა. აქ მოსასვლელი პირი არ ჰქონდა, არადა რომ მოსულიყო, ასეთ რაღაცას ვეტყოდი (ისე, რომ იცოდეთ, თავად პროფესიით არის მჩხრეკავი. ნუ, აქ ამას აკეთებდა), – ჭუმბურ, სხვას რანაირად დასცინი შესასრულებელ სამუშაოზე ან პროფესიაზე, როცა ყველაზე დაბალი დონის, გულის ამრევი სამსახური გაქვს? ყოველ დღე ათობით უცხო კაცის უკანალში უნდა გქონდეს შერგული ცხვირი და თვალები, ყოველ დღე მამაკაცების ასოს უნდა უსვა ხელები და ამოწმო, რამე ხომ არ აქვს დამალული იქ (შეიძლება მოგწონს კიდეც), იქ კი უმეტესად განავალს პოულობ-ხოლმე. უი, შენ ყვითელ ბოტასებზეც დამცინე, ხომ, და გეიდ მომიხსენიე, ეს რა გაცვიაო? აჰაჰა… აქ ალბათ იმიტომ არ მოსულხარ მოწმედ, რომ დრო არ გქონდა, ვიღაცის პენისი უნდა გაგეჩხრიკა.
კიდევ ერთი დიალოგი, რაც ცუდად ჩამრჩა, ყველაზე ცუდადაც მგონი იმიტომ, რომ ფილმები ჩემთვის წმინდაა. ტელევიზორს თუ უყურებ და რა ხდება ქვეყანაში იციო? (TV „იმედი” აქვთ ამ დროს ჩართული). არა, არ ვუყურებ, მე ფილმები მიყვარს და მე უმეტესად ფილმები მაქვს ჩართული. ქვეყანაში რაც ხდება ამისთვის ტელევიზორი რად მინდა, მე თვითონვე ვხედავ საკუთარი თვალით-მეთქი. ეს დებილი, გაუნათლებელი.. – სხვა უწმაწური სიტყვები მოაყოლეს, ნახეთ რა ფილმებს უყურებს, იმედს არა და ქვეყანაში რაც ხდება სულ ფეხზე ჰკიდიაო. თან რომ არც ხუმრობდა, რამხელა კატასტროფაა. გავხედე TV იმედს და თურქული სერიალი გადის.
მოკლედ, საღამოს ექვს საათამდე მაქსიმალურად მამუშავეს. ყველაფერი სცადეს. ბოლომდე გამომფიტეს და ექვსზე ძლივს მორჩა ეგ ჯოჯოხეთი. წამიყვანეს იზოლატორისკენ. მანქანაში ერთმა კეთილი პოლიციელის როლის მორგება სცადა – გვარად გეთიაშვილი იყო, იმ მავნებელ შენობაში როგორც მიმართავდნენ, როცა დამცინოდა. შვილო, ახალგაზრდა ბიჭი ხარ, ჯაფარიძის და გვარამიას გამო რატომ ინგრევ ცხოვრებას, შენი რა მიდისო.
კრიმინალური პოლიციის შენობაში ნახევარი დღის განმავლობაში უფრო მეტი დამნაშავე და ბოროტმოქმედი ვნახე, ვიდრე ციხეში ცხრა თვეში. ანომალიური ქვეყანა ვართ. გვაქვს უსამართლო სასამართლო და გვყავს კრიმინალი პოლიცია.
ჩემს გაკეთებულს სხვას არასდროს დავაბრალებ, როგორც არ უნდა დამემუქრონ ან რასაც არ უნდა შემპირდნენ. ჯერ ერთი, ქვეყნის სიყვარულის ჩემი წილი სხვას რატომ უნდა გავუყო და ვთქვა, ვინმეს დავალებით მიყვარს ქვეყანა-მეთქი. ან უდანაშაულო ადამიანს მოგონილი დანაშაული როგორ ჩავუწერო? ჩემთვის მსგავსი რამ წარმოუდგენელია. ვთქვათ, ამით ციხეს გაექეცი, მაგრამ საკუთარ თავს სად გაექცევი. ციხე უფრო სასჯელი რატომ გგონიათ, ვიდრე საკუთარი სინდისი?
ფილმ „უსახელო ნაბიჭვრებში“ ჰანს ლანდა ებრაელების მფარველ ფრანგს ეუბნება – აი, ახლა აქ ვირთხამ რომ გაიაროს, ხომ ზიზღით შეხედავ და თვალს მოარიდებ. შეიძლება რაღაც ესროლო თავიდან მოსაცილებლად. აი, ეგრე არიან ებრაელები ჩვენთვისო. რუსული რეჟიმის პირობებში, პოლიციამ მთლიანად შეიცვალა ფუნქცია და გახდნენ ფოსტალიონები, კრიმინალები, ტიტუშკები, მაროდიორები. აღარავინ სცემს მათ პატივს. პროფესია პოლიციელი თავადვე შეურაცხყვეს და სასაცილო გახადეს. ხალხი ისე უყურებს თითოეულ მათგანს, როგორც ჰანს ლანდა – ებრაელებს. სამწუხაროდ, უკვე იგივეა მანდატურებზეც. ყველა ადამიანის, არა თუ უფლება, არამედ ვალდებულებაა, არ მოითმინოს კორუფცია, ძალადობა და უსამართლობა. უწოდოს გამყიდველს – გამყიდველი, მონას – მონა, მოღალატეს – მოღალატე. ახლა კი რას ვხედავთ – ციხეში შეიძლება გამოგვკეტონ იმის გამო, რომ მოღალატეს თავისი სახელი დავუძახეთ. მე არც გარეთ ყოფნის დროს მეშინოდა, არც მით უმეტეს აქ და არც ამიერიდან შემეშინდება იმის, რომ დავარქვა ყველაფერს და ყველას ის, რაც ჰქვია. ჰო და, მირიან ქავთარაძე, შენ ხარ არაკაცი და გვარის შემარცხვენელი; მარიამ ლაშხი, მონა ხარ (წადი და მიჩივლე).
თქვენი აზრით, რატომ აკრძალეს ვიდეოგადაღებები პროცესებზე? იმიტომ ხომ არა, რომ ყველა ვაი მოწმემ სასაცილოდ გაიხადა თავი და ჩამოშალა საქმე? იმიტომ ხომ არა, რომ ჩვენმა ადვოკატებმა ყველა სათითაოდ გამოიჭირა ტყუილში? იმიტომ ხომ არა, რომ საკანში მყოფ ბრალდებულზე დარწმუნებით თქვა მოწმემ აქ არისო, აგერ ზისო? იმიტომ ხომ არა, რომ პროკურორი წერდა მოწმედ წოდებულს თუ რა ეპასუხა ადვოკატთა კითხვებზე? იმიტომ ხომ არა, რომ ვერცერთმა ხელი ვერ დაგვადო ვერავის და ერთსაც არ უპასუხია იმ მუხლზე, რასაც გვედავებიან? იმიტომ ხომ არა, რომ ერთი და იგივე მოწმეები, ორი, სამი და ათი სხვადასხვა საქმის პროცესზე ჩნდებოდნენ და ესეც არასერიოზული ჩანდა? იმიტომ ხომ არა, რომ აქ ნათქვამი სიტყვების მიხედვით, თავად „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებიც დარწმუნდნენ ჩვენს უდანაშაულობაში?
ჩემთვის ყველაფერი, ალბათ, 2022 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც ჩვენი და ზოგადად, სამყაროს, ზოგადად ყველაზე დიდი მტრის, რუსეთის ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ და აქაურმა სამარცხვინო მთავრობამ აშკარად მტერს დაუჭირა მხარი, ნაცვლად იმისა, რომ მტერთან მებრძოლ უკრაინას დასდგომოდა გვერდით. რუსეთის მოკავშირედ გვაქციეს ყველას თვალში და იმ თითზე ჩამოსათვლელ ქვეყნებს შორის დავდექით, ბელორუსის გვერდით, რომელთათვისაც თითქოს არაფერი მომხდარა ამ ომით და სანქციები არ დაუწესე დედამიწის მთავარ მეტასტაზს, მეტიც, ომს გამოქცეული რუსების თავშესაფარი გახადა საქართველო, რითაც ადგილობრივ მცხოვრებთა ყოფა ერთი ორად გაუარესდა. ღიად აცხადებდნენ, რომ არ სურდათ ქართველს რაიმე კავში ჰქონოდა იმ ომთან, რომელიც უკრაინის მერე ყველაზე მეტად, ჩვენ გვეხებოდა. მონობის და არგაღიზიანების რეჟიმზე გადასვლა მოგვთხოვეს თავად მოღალატე მონებმა. ეს უკვე ყველანაირი წითელი ხაზის გადაკვეთა იყო – შეკვრა მტერთან. ჩემთვის ეს აღმოჩნდა ბოლო წვეთი. მათთვისაც კი, ვისაც წინა მთავრობა სძულდა, ამ რუსეთის მსახურებთ ბრძოლა და მათი მოუსავლეთში გაშვება გახდა მათი მთავარი მიზანი.
როგორც ვიცი, ვისაც მიუსაჯეთ, ყველას უთხარით, შეგიძლიათ შეწყალება სთხოვოთ პრეზიდენტსო. მოდი, ამასთან დაკავშირებით კორექტულად ჩამოვაყალიბებ და ასე ვიტყვი – ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენ აქ ერთი წამითაც არ უნდა ვისხდეთ. საერთოდ არაფერი არსებობს ჩვენს წინააღმდეგ. მაგრამ, რასაც მომისჯით, იმას მოვიხდი პატიოსნად და აქედან თავაწეული გავალ. შეწყალების თხოვნა კი, 0.1%-თან არ განიხილება. ყველანაირად გამორიცხულია. არავის შეწყალება და, როგორც ანდრომ თქვა, არავის ჰუმანურობა ჩვენ არ გვჭირდება. ეს თქვენ დაგჭირდებათ მალე ჩვენგან თქვენ დააშავეთ ჩვენს წინაშე და არა პირიქით. ერთადერთი რაც ჩვენ გვჭირდება სამართლიანი სასამართლოა. იმის მიხედვით და იმის იმედით ნუ მიიღებთ უკანონო გადაწყვეტილებას, ქალბატონო მოსამართლე, რომ ჩვენ მერე თითქოს შეგიწყალებენ. ამ ტვირთით მოგიწევთ ცხოვრება. სხვა ვერ გამოგისწორებთ. შეწყალების ფურცელი რომ მომიტანონ, გადავხევ. დაცინვაა, დაგიჭირონ არაფრისთვის და მერე კიდევ აქეთ დაგაწყებინონ თხოვნები. ეს პირადად ჩემგან არასდროს მოხდება მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მენატრებიან მშობლები, ბებო, დაიკო და მეგობრები.
საკუთარი თავი დიდად არ მაღელვებს. ერთხელ ვთქვი კიდეც – მირჩევნია მომისაჯონ, თუ ეს ხალხს გამოაფხიზლებს და სახლიდან გამოიყვანს-მეთქი. გთხოვთ, ქვეყანას უშველეთ და გამოიხსენით რუსული რეჟიმის მსახურთა მარწუხებისგან. მჯერა, რომ ერთად დგომით და ერთიანი შეტევით ეს შეგვიძლია. ოღონდ, შეტევით და არა მხოლოდ დგომით. არანაირი კომპრომისი მოღალატეებთან. ჩახერგეთ გზები, უკან დასახევი. არ დაემსგავსოთ ლერწამს, რომელიც იქით გადაიხრება, საითკენაც ქრის ქარი. იყავით მტკიცენი, პრინციპულნი და ურყევნი. მიყვარხართ ყველა, ვისაც საქართველოს ბედი გადარდებთ. ქვეყანა, რომლისთვისაც ვიბრძვი, წარმომიდგენია იმ სითბოთი და სიყვარულით სავსე, რა სითბო და სიყვარულიც ტრიალებს ყოველ საღამოს რუსთაველის გამზირზე.
ზოგი ერთი გმირად გვთვლის და საერთოდ არ მინდა კამათი მოგივიდეთ ვინმესთან. მე პირადად, გმირად არ ვთვლი საკუთარ თავს. ვარ ჩვეულებრივი ადამიანი, ჩემი დადებითი და უარყოფითი თვისებებით და გავაკეთე ის, რაც მევალებოდა, რაც ყველა ქართველის ვალი იყო. ჩემი გმირები თქვენ ხართ, ვინც პირველი დღიდან დღემდე დგახართ რუსთაველზე, არ ნებდებით, კვლავ აგრძელებთ ბრძოლას მიუხედავად ბევრი წინაღობისა და იმედს მაძლევთ, რომ ქვეყანა გადარჩება. უსამართლობის წინააღმდეგ იბრძოლეთ ყველგან, ქუჩაში, სამსახურში, ტრანსპორტში. სწორედ დაუმორჩილებლობა და წინააღმდეგობაა წამალი უსამართლობის. როცა უსამართლობა ხდება კანონით, დაუმორჩილებლობა ხდება მოვალეობა.
ამბროსი ხელაია თავისი სასამართლო შემდეგი სიტყვებით დაასრულა და მეც სრულად ვიზიარებ მის პათოსს. ჩათვალეთ, ჩემი სიტყვები:
„მე, როგორც სიტყვის, ბეჭდვის, სინდისის, თავისუფლებისა და ერის თვითგამორკვევის მომხრეს, და ამასთან ერთად, მორწმუნე საქართველოს მამამთავარს და სულიერ მოძღვარს არ შემეძლო არ ამემაღლებინა ხმა იმაზე, რაც ქვეყანაში ხდებოდა. მე შევასრულე ჩემი მოვალეობა ღვთისა და მშობელი ერის წინაშე. და თუ ეს ჩამეთვლება დანაშაულად, მზად ვარ, საჯაროდ ვაგო პასუხი. ყოველ შემთხვევაში, როგორც ჩვენს წინაპრებს ტკბილად მიაჩნდათ სამშობლოსა და სარწმუნოებისთვის ტანჯვის მიღება, აგრეთვე ჩემთვისაც ტკბილი იქნება ის სასჯელი, რასაც მომისჯის სასამართლო მშობლიური ეკლესიისა და ერის თავისუფლების დაცვის მიზნით ხმის ამაღლებისთვის. ჩემგან ეროვნული ინტერესებისა და თავისუფლების დასაცავად ამაღლებული ხმა და ის მსჯავრი, რასაც დამადებენ, მონახავენ თავის ადგილს იმ ქართველთა გულში, ვისაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავს სარწმუნოებისა და სამშობლოს სიყვარული. ამითაც ბედნიერად ჩავთვლი ჩემს თავს. სული ჩემი ღმერთს ეკუთვნის, გული სამშობლო საქართველოს, ხოლო ლეში კი თქვენ დაგრჩეთ საჯიჯგნად, ჯალათებო“.
„ქართულ ოცნებას“ შემდეგ კითხვებს დავუსვამდი – რატომ ხარ შენ ის ნაგავი, რომლის გადაყრასაც მთელი მსოფლიო ცდილობს გარდა ერთადერთისა, გარდა რუსეთის? რა ჰქვია მთავრობას, რომლის ნაბიჯებსაც მხოლოდ ყველაზე დიდი მტერი აქებს და სხვა არავინ? წლების შემდეგ რა პასუხს გასცემთ შვილიშვილებს, შეგვეშინდა ბრძოლის, მონობა ვარჩიეთ და ამას მშვიდობა ვუწოდეთო? მონასაც ჰქონდა არჩევანი, თან ყველა მონას, შეიძლება სიკვდილსა და მონობას შორის, მაგრამ ხომ ჰქონდა? ჩემს გვერდით კი დგანან ადამიანები, რომელთაც მონობას სიკვდილი ურჩევნიათ. ამიტომ, ვერაფრით გაგვტეხთ, ვერ დაგვიმონებთ და არც ქვეყანას გაგარუსებინებთ, როგორც არ უნდა ეცადოთ. კი, რუსეთი გოლიათია, მაგრამ ყველა გოლიათს ჰყავს თავისი დავითი.
რამდენიმე დღეში შეიძლება მომისაჯონ, მე კი მისჯაზე მეტად ის მეწყინება, გარეთ დიდი რაოდენობით თუ არ გამოვა – ასი ათასი და მეტი. განა ჩემი დაჭერის გამო – უსამართლობას რომ არ მოვითმენთ იმის საჩვენებლად უნდა ვიყოთ ამდენი. ე.წ 11-კაციანი ჯგუფის განაჩენით კი ნოემბრის აქციაზე ტყუილად დაჭერილთა საქმეები მთავრდება და თუ ამაზეც არ გამოვიდა ხალხი და გავუტარეთ, მერე ხომ კვლავ იკადრებენ იმავეს და უარესსაც. არ აქვს მნიშვნელობა წლებს, რომც ჩამოგვაკლონ და თვეები მოგვიწიოს, მაინც არ უნდა ვიყოთ ამით კმაყოფილნი, ვინაიდან…
ერთი დღეც არ ვიმსახურებთ აქ ყოფნას. ძალიან გამიკვირდა მზიასთვის მისჯის შემდეგ მთელი ქვეყანა რომ არ გამოვიდა გასაპროტესტებლად. მოიცა, 2 წელი ტყვეობაში ფონა დაიმსახურა? ან თუნდაც 2 დღე? მადლობა ვუთხრათ 5-ის ნაცვლად 2 წელი რომ არ ჩამვსი, როცა არცერთი მეკუთვნოდა-თქო? სულ რომ სასამართლოდან გამიშვან მაინც არ ვიქნები რამეზე მადლობელი. ასერთოდ ჯალათი მადლობას არ იმასხურებს. სანამ მზია ერთი წამი მაინც ზის ციხეში, ნორმალურად ცხოვრების უფლება არ გვაქვს არავის. მოკლედ, სულ მალე განაჩენს გამომიტანენ და მომისჯიან, მე კი ის უფრო მეწყინება დიდი რაოდენობით თუ არ გამოვა ხალხი გარეთ.
ახლა მთელი დღე შემეძლო მოსამართლესთან მესაუბრა იმაზე, რომ თუ დღეს სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და არ გაყიდის სიმართლეს ფულზე და პრივილეგიებზე ამით საკუთარ მომავალს გააცოცხლებს, შავი ნაცვლად ოქროს ასოებით შევა ისტორიაში და ა.შ… ბლა ბლა ბლა, მაგრამ ეს ხომ ტყუილი იქნება. სამი თვის წინ შეიძლება ასე მოვქცეულიყავი, მაგრამ უკვე იმდენი არასწორი და არაკანონიერი ნაბიჯი გადადგით, უკვე იმდენი ცოვდვა დაგიგროვდათ, ჩვენ როგორც არ უნდა მოგვეპყრათ თქვენი საქმი მაინც წასულია, მაინც ჯოჯოხეთია თქვენი ბოლო ამ სკამის გავლით ახლა სადაც ვზივარ.
რობოტი არის კონტრუქცია, რომელიც სხვამ უნდა მართოს. სხვამ უნდა შთააგონოს რა გააკეთოს და სხვისი ნაბრძანები შეასრულოს. ესაა მისი ფუნქცია. თავად საკუთარი სურვილით მოქმედების უნარი არ გააჩნია. ბავშვობაში ჩემი საყვარელი მულტფილმი იყო „რობოტა და რობოტუნები“ და რას ვიფიქრებდი თუ ორი დეკადის მერე შემძულდებოდა, შემძულდა, რადგან აქ ყოფნა ყოველ მოსვლაზე მხვდებოდნენ რობოტა (მოსამართლე) და რობოტუნები (პროკურორები).
კაცების გათხოვების კი არ უნდა გვეშინოდეს, უნდა გვეშინოდეს ვაჟა თოდუას და ირაკლი დგებუაძისნაირი არაკაცების დაბადების. ვახო, შენ იმდენად არაფერი ხარ, ამ სიაშიც არ მოხვდი.
ბოლოს ჩემს საყვარელ სერიალს შევეხები და ამით დავამთავრებ. როცა სერსეი ლანისტერს ქმრის, რობერტ ბარათეონის უსაფუძვლო სილა ხვდება ასეთ რაღაცას ამბობს: „ამას პატივად მივიღებ და ისე ვატარებო“. ზუსტად იგივეს ვიტყოდი აქ გატარებულ დროზე და სამშბოლოს დაცვისთვის მოსჯილ წლებზე – ამას პატივად მივიღებ და ისე ვატარებ! როგორც არია სტარკმა თქვა: „თუ ერთ მგელს მაინც დატოვებთ ცოცხალს, ფარა ვერასდროს იქნება მშვიდად“ და დამერწმუნეთ თქვენ სიმშვიდე არ გიწერიათ! შეგაკვდებით და ამ ქვეყნის განადგურებას არ დაგანებებთ.
სენდრო კლიგანი, რომელსაც ქოფაკს ეძახდნენ, მტარვალი და ტირანი მეფის პირადი მცველი იყო და მის ყველა საშინელ ბრძანებას უსიტყვოდ ასრულებდა. ჩაგვრა და ძალადობა იყო ძირითადად მისი მოვალეობა. ერთხელაც მიხვდა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და ოდესღაც უნდა დასრულებულიყო ამდენი უმსგავსო ქმედბა, თან სხვის გამო ჩადენილი. მიუყარა აბჯარი, ხმალი და ყველანაირი აღჭურვილობა და ისე წამოვიდა. დიდი იმედი არ მაქვს, მაგრამ იქნებ ამ რეჟიმის მსახურებით მოეგოთ ოდესმე გონს, იქნებ დღესაა ის დღე ქალბატონო ნინო.
ახლა მგონია, რომ „სამეფო კარის თამაშების“ მეოთხე სეზონში ვართ, მაგრამ მეექვსე სეზონიც მალე მოვა. მეოთხე სეზონში იყო ტირიონის უსამართლო სასამართლო, მეექვსეში კი არის ჯონ სნოუს და სერსეის შურისძიებები.
ბოლოს კი ტირიონის სიტყვებით დავასრულებ: „I wish I was the monster you think I am”, ანუ, ნეტა მართლა ის მონსტრი ვიყო, რად ყოფნასაც მაბრალებთ“.
თავისუფლება საქართველოს!
რეზო კიკნაძე.
29.08.2025