საგანგებო მდგომარეობის, მაგალითად, ორი კვირით გახანგრძლივება სწორი იქნება - ცერცვაძე

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ისაუბრა. ჟურნალისტის შეკითხვაზე – რას ფიქრობს 21 აპრილის შემდეგ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შენარჩუნების საჭიროებაზე – უპასუხა, რომ რაღაც დროით, მაგალითად, ორი კვირით საგანგებოს მდგომარეობის გახანგრძლივება სწორი იქნება.

„ჩემი პოზიცია ასეთია, რომ დღევანდელ სიტუაციაში ალბათ უფრო სწორი იქნება გარკვეული დროით, მაგალითად, ორი კვირით საგანგებო სიტუაციის გახანგრძლივება. რაც უფრო მკაცრად დავიცავთ შეზღუდვებს და რეკომენდაციებს, რომელიც აქვს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, რაც უფრო ზედმიწევნით დავიცავთ, მით უფრო ჩქარა გავივლით პიკს და გავუშვებთ ეპიდემიას დაღმავალი გზით. მით უფრო ჩქარა მოიხსნება საგანგებო მდგომარეობა და გაიხსნება და გაცოცხლდება ქვეყნის ეკონომიკა.

მთავარია, ეკონომიკის რეცესია არ გახდეს ისეთი ღრმა, რომ ეპიდემიამ გაიაროს და ეკონომიკის აღორძინება და აღდგენა ვერ მოხერხდეს, რადგან ეს არანაკლები გამოწვევა იქნება და შეიძლება უფრო სერიოზულიც, ვიდრე თვითონ ვირუსი და ეპიდემიაა. რაც უფრო მკაცრად შევასრულებთ შესრულების რეკომენდაციებს, მით უფრო ჩქარა გავთავისუფლდებით ამ შეზღუდვებისგან. არ უნდა შევეცადოთ, რომ კარგი ამინდი გამოვიდა და მოდი შევიკრიბოთ, გავერთოთ. ეს უცილობლად გამოიწვევს ამ მდგომარეობის გახანგრძლივებას. რა გვირჩევენია, გავიჭირვოთ ცოტა მეტად და დამთავრდეს მოკლე დროში, თუ გავიჭირვოთ ნაწილობრივ და ეს გაგრძელდეს დიდხანს, მე მგონი პასუხი ნათელია“, – განაცხადა ცერცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.