ადვოკატი ზოდელავაზე: პოლიტიკური პატიმარია, არ არსებობს არანაირი სამართლებრივი არგუმენტი მისი დაკავების

პუბლიკა

ადვოკატმა მოინახულა დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მურთაზ ზოდელავა, რომელიც 11 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. ბექა ბასილაიამ მედიასთან თქვა, რომ არ არსებობს მისი დაკავების არანაირი სამართლებრივი არგუმენტი.

„მურთაზი არის, რა თქმა უნდა, მხნედ, დაკავების საფუძველი არის აბსურდული და მისი დაკავება ნათლად მეტყველებს, რომ რეჟიმი არის შეშინებული. რეჟიმი პირველ რიგში არის შეშინებული იმით, რომ შიდა რღვევის პროცესი შეინიშნება, ინფორმაციების არა მხოლოდ გაჟონვა, ინფორმაცია მიედინება, ამის დასტური იყო დღეს რაც განახორიცელეს.

რაც შეეხება უშუალოდ პროცედურულ საკითხს, ჩვენ ყველას გვესმის, ამაზე ვისაუბრეთ მე და მურთაზმა და მურთაზს ესმის, თუ ვინმეს ეს მის ეს საკითხი, იურიდიულ კაზუისტიკას, მტკიცებულებებს, სისხლის სამართლის კოდექსს და ასე შემდეგ, მნიშვნელობა ამ ქვეყანაში დაკარგული აქვს, როდესაც პოლიტიკურ შეკვეთას აქვს ადგილი. ის არის პოლიტიკური პატიმარი და არანაირი სამართლებრივი არგუმენტი მისი დაკავების და მისი დევნის, არ არსებობს“, – თქვა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

სუს ამბობს, რომ მურთაზ ზოდელავამ სცადა გაქცევა, რა დროსაც  ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს და იძალადა ერთ-ერთ მათგანზე.

„ლევან ხაბეიშვილის დაკავებისას მასთან ერთად დააკავეს მურთაზ ზოდელავა, რომელსაც ხაბეიშვილმა დაკავებისთანავე მიაწოდა თავისი მობილური ტელეფონი. ზოდელავამ კი აღნიშნული ტელეფონის გადამალვის მიზნით, გაქცევა სცადა, რა დროსაც გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს და იძალადა ერთ-ერთ მათგანზე. მისი ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით კვალიფიცირდება, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განაცხადეს სუსში.