„4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის“ წევრებს ბრალდება წარედგინათ - რას ამბობენ ადვოკატები

პუბლიკა

„4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის“ დაკავებულ წევრებს – პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს, მურთაზ ზოდელავას, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა. მათ 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ადვოკატის განცხადებით, ამ ეტაპზე პაატა ბურჭულაძე დუმილის უფლებით სარგებლობს.

„სამი მუხლით არის ბრალდება წარდგენილი. თუმცა ბრალდების ოქმს კიდევ უფრო მეტად სიღრმისეულად შესწავლა სჭირდება, მათ შორის იმის გამო, რომ მტკიცებულებები ჯერ არ გადმოგვცემია. როგორც გამომძიებლისგან გავიგეთ, დღეს იქნება მტკიცებულებების გადმოცემის ნაწილიც და შესაძლოა, სავარაუდოდ, დღესვე ჩაინიშნება აღკვეთის ღონისძიებაც. პოზიციას რაც შეეხება, ჯერჯერობით დუმილის უფლებას იყენებს. დანარჩენს უკვე მას შემდეგ გეტყვით და თვითონაც პოზიციასაც შეაჯერებს, როდესაც უკვე მტკიცებულებები გადმოგვეცემა“, – თქვა პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა, ლევან ყაველაშვილმა.

მურთაზ ზოდელავასა და პაატა მანჯგალაძის უფლებებს ბექა ბასილაია იცავს. მისი განცხადებით, მანჯგალაძისთვის ბრალდების წარდგენის არანაირი საფუძველი არ არსებობს:

„რაც შეეხება პაატა მანჯგალაძისთვის წარდგენილ ბრალდებას, არ არსებობს არანაირი საფუძველი მისთვის ბრალდების წარდგენის, იმიტომ, რომ არ არსებობს ეთერი, არ არსებობს რაიმე წერილობითი ინტერვიუ, არ არსებობს არაფერი პაატასთან დაკავშირებით, არ არსებობს არანაირი მოწოდება, რაიმე ტიპის ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისკენ, მით უმეტეს, არ არსებობს რაიმე ფაქტი ამ მოქმედების ხელმძღვანელობისა პაატა მანჯგალაძის მხრიდან“.

რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, ადვოკატი ამბობს, რომ წარდგენილი ბრალდებები მისთვის იურიდიული შინაარსის მატარებელი არაა:

„ნებისმიერი მოქმედება საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში დასაბრუნებლად, ეს არის არა სისხლის სამართლის დანაშაული, არამედ თითოეული მოქალაქის ვალდებულება, იმისთვის, რომ საქართველომ კვლავ განაგრძოს ევროპული მისწრაფება.
შესაბამისად, წარდგენილი ბრალდებები იურიდიული შინაარსის მატარებელი არ არის მურთაზ ზოდელევასთვის და ეს არის რეალურად პოლიტიკური მანიფესტაცია, „ქართული ოცნება“ აგრძელებს საქართველოს პატრიოტების პოლიტიკურ ტყვეობას“, – თქვა ბექა ბასილაიამ.

ლაშა ბერიძის ადვოკატი, რამაზ ჩინჩალაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალად წარდგენილ ქმედებას არ აღიარებს:

„შემიძლია გითხრათ აღიარების კუთხით, მას არანაირი პოზიცია, რომ აღიარებს ბრალად წარდგენილ ქმედებას, არ დაუდასტურებია. მხოლოდ და მხოლოდ ერთი თხოვნა აქვს ის, რომ ამ ეტაპზე არ გავაკეთოთ არანაირი სახის კომენტარი“.

ირაკლი ნადირაძის ადვოკატმაც განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ ცნობს:

„გამართლდა, რა თქმა უნდა, ჩვენი ვარაუდი, რომ არანაირი განსაკუთრებული სისხლის სამართლებრივი საქმე ამ შემთხვევაშიც ჩვენ არ გვაქვს, რეალურად გვაქვს მორიგ ჯერზე ხელისუფლების პოლიტიკური მცდელობა აქციის დისკრედიტაციის, აქციის ჩახშობის…
გავეცანით ბრალის დადგენილებას, გავაკეთეთ შენიშვნა, რომ ის თავს არ ცნობს დამნაშავედ წარმოდგენილ ბრალდებებში… როდესაც გადმოგვეცემა მასალები შემდგომ გვეცოდინება, კონკრეტულად რა მტკიცებულებებია წარმოდგენილი, ვინ არიან ის მოწმეები, რომლებიც ჩვენებებს იძლევიან… თავად აქციის დაკავებული 5 ადამიანის საჯარო განცხადებებია მთავარი მტკიცებულებები თითქოს ამ საქმეში“, – თქვა ირაკლი აბესაძემ.


4 ოქტომბერს თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.

დაახლოებით 19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე გაშლილი სცენიდან პაატა ბურჭულაძემ თქვა, რომ „ამ წუთიდან ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს”, „ენმ-ის” წევრმა, მურთაზ ზოდელავამ კი შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდა, პრეზიდენტის რეზიდენციისკენ გადაენაცვლათ, რომელიც თავისუფლების მოედანთან ახლოს მდებარეობს.

„მორჩა ლაილაი აქციებზე, მორჩა ბოდიალი, მორჩა ბიძინას მონობა, მორჩა ჩმორობა. ყველას გთხოვთ, გამოირჩეს მამაკაცური ძალა. ქალბატონები აქ უნდა იდგეთ, არ უნდა დაიშალოთ. საქართველო, დაგვემატეთ, გამოდით. მამაკაცური ძალა ბარათაშვილის მხარეს გამოვალთ და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს. ეს იქნება პირველი ნაბიჯი”. – თქვა მურთაზ ზოდელავამ სცენიდან.

მისი ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში მოქალაქეების ნაწილი ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან იყო.

აქციის მონაწილეების ნაწილმა შეანგრია პრეზიდენტის რეზიდენციის ჭიშკარი და ღობე და ეზოში შეიჭრა. მალევე ეზოში გამოჩნდა სპეცრაზმი. სპეცრაზმმა დემონსტრანტები წიწაკის სპრეის, წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. გამოიყენეს ე.წ გაზის კაფსულაც.

აქცია 16:00 საათიდან იყო დანიშნული. დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე პაატა ბურჭულაძემ „4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის” წევრები დაასახელა: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე.

4 ოქტომბრის დემონსტრაციისთვის მზადება დაახლოებით 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. „ენმ-ის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებდა, რომ 4 ოქტომბერს რევოლუცია მოხდებოდა. ხაბეიშვილი 13 სექტემბერს დააკავეს. „4-ში ვიწყებთ, 4-ში დავამთავრებთ” და „მშვიდობიანი დამხობა” იყო აქციის ორგანიზატორების სლოგანი.

4-5 ოქტომბრის ღამით დააკავეს აქციის „საორგანიზაციო კომიტეტის” ხუთივე წევრი.

პროკურატურა აცხადებს, რომ ზოდელავა, ბურჭულაძე, ნადირაძე და ლაშა ბერიძე იყვნენ იმათ შორის, ვინც შეიჭრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში.

პროკურატურამ მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალი 3 მუხლით წარუდგინა: სსკ-ის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად); 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) და 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ).

ლაშა ბერიძეს ბრალი წარედგინა 2 მუხლით: სსკ-ის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა).

პაატა მანჯგალაძეს – 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება).