კობახიძემ ანდრეი ბაბიშს ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში ჩეხეთის ყოფილ პრემიერ ანდრეი ბაბიშს და მოძრაობა ANO-ს გამარჯვება მიულოცა.

„ვულოცავ ანდრეი ბაბიშს და მოძრაობა ANO-ს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას. ვუსურვებ მას წარმატებებს ძლიერი და ეფექტიანი მთავრობის ჩამოყალიბებაში, რომელიც ხელს შეუწყობს ჩეხი ხალხის პროგრესსა და კეთილდღეობას. მოუთმენლად ველი პარტნიორობის განახლებულ ეტაპს და ჩვენს ერებს შორის უფრო ღრმა კავშირს“, – წერს ირაკლი კობახიძე X-ზე.

ბაბიში და მისი პარტია ANO 4 წლის განმავლობაში ოპოზიციაში იყვნენ.

ანდრეი ბაბიში წარსულში ბიზნესმენი იყო და მილიარდერია. ის არის ევროსკეპტიკოსი და პოპულისტი პოლიტიკოსი, რომელიც ხშირად აკრიტიკებს ევროკავშირის ზოგიერთ პოლიტიკას, განსაკუთრებით მიგრაციის ნაწილში.

ბაბიში აცხადებს, რომ მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს, მაგრამ ნაადრევად მიიჩნევს უკრაინის ევროკავშირში გაწევრებას, სანამ ომი გრძელდება. მისი ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტა იყო.

ჩეხეთში საპარლამენტო არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართა.

არც ირაკლი კობახიძეს, არც „ქართული ოცნების“ სხვა წევრებს არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცავთ მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსა და მისი პარტიისთვის.