საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან „ოცნების“ მიერ მიღებულ კანონს, რომლითაც აიკრძალება პოლიტიკური პარტიები და, ამასთანავე, ცალკეულ ადამიანებს აეკრძალებათ პოლიტიკური საქმიანობა.
ორგანიზაციების შეფასებით, ეს ცვლილებები არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და მიზნად ისახავს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კონკურენტების პოლიტიკური საქმიანობიდან ჩამოშორებას.
„ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ პარტია „ქართული ოცნება“ იყენებს სახელმწიფო ინსტიტუტებს საიმისოდ, რომ ხელისუფლებაში გრძელვადიანი ყოფნა უზრუნველყოს“. – აცხადებენ ორგანიზაციები.
„ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებით, ისინი აპირებენ, შეიტანონ კონსტიტუციური სარჩელი და მიღებული კანონის საფუძველზე მოითხოვონ 10-მდე პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება.
ამავე დროს მომზადდება იმ პირთა სია, რომლებსაც პარტიული და პოლიტიკური საქმიანობა აკერძალებათ.
შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი „ოცნებამ” დაჩქარებული წესით, 3 დღეში დაამტკიცა.
ცვლილებებით ნებისმიერი პირს, რომელიც გამოცხადდება აკრძალულ პარტიასთან „დაკავშირებულ პირად“, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, ხელმძღვანელობა, პოლიტიკური პარტიის წევრობა, საპარლამენტო ან თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობა, სახელმწიფო თანამდებობის დაკავება, პოლიტიკური შეწირულობის განხორციელება.
ცვლილებებით, პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება ავტომატურად გამოიწვევს ამ პარტიის წარდგენით არჩეული პარლამენტის ან საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას და პარტიული სიის გაუქმებას.
ორგანიზაციების შეფასებით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები უკიდურესად საგანგაშოა შემდეგი გარემოებების გამო:
- კანონი არ განსაზღვრავს რაიმე კრიტერიუმს, ან გარემოებას, რომლის საფუძველზეც შეიძლება მოქალაქე აკრძალულ პარტიასთან „დაკავშირებულ პირად“ გამოცხადდეს და პოლიტიკური უფლებები ჩამოერთვას.
- „ქართული ოცნების“ განცხადებით, დაკავშირებული პირი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, მიუხედავად იმისა, არსებობდა ან არსებობს თუ არა ასეთ პირსა და პარტიას შორის პოლიტიკურ-სამართლებრივი კავშირი. ასეთი კრიტერიუმების უქონლობა ნოყიერ ნიადაგს უქმნის „ქართულმა ოცნებას“ ნებისმიერ არასასურველ ოპონენტს პოლიტიკური საქმიანობა თვითნებურად აუკრძალოს;
- „ქართული ოცნება“ პარტიას და პარტიასთან „დაკავშირებულ“ პირებს პოლიტიკურ საქმიანობას სამუდამოდ უკრძალავს. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი არ ითვალისწინებს რაიმე ვადას, რომლის გასვლის შემდეგ პირის მიმართ დაწესებული აკრძალვა გაუქმდება, ან პირობებს, რომლის აღმოფხვრის შემდეგ პირს შეეძლება აღიდგინოს კონსტიტუციური უფლებები. შესაბამისად, ცვლილებების პაკეტი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პრინციპებს და კანონის განჭვრეტადობის და სამართლებრივი სიცხადის საერთაშორისო სტანდარტს.
- წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები კონსტიტუციასთან შეუსაბამოა, რადგან კონსტიტუციაში ცვლილებების გარეშე აფართოებს საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატს. საქართველოს კონსტიტუციის 60-ე მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას და ფიზიკური პირებისთვის პოლიტიკური აქტივობების და პოლიტიკური უფლებების ჩამორთმევა საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციურ კომპეტენციაში არ შედის.
- გაუქმებული პარტიის ყოფილ წევრებს არ მიეცემათ უფლება, ჩაერთონ პოლიტიკურ საქმიანობაში, შექმნან პარტია ან იყვნენ სხვა პარტიის წევრები. კანონი არ მიუთითებს, უკვე აკრძალული პარტიის ყოფილ წევრთაგან სხვა პარტიაში ან პარტიულ სიაში რამდენი პირის ყოფნაა საკმარისი იმისათვის, რომ ეს სხვა პარტიაც აიკრძალოს; ან იქნება თუ არა ამისათვის საკმარისი თუნდაც ერთი ასეთი პირის ყოფნა პარტიაში ან პარტიულ სიაში.
- „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე აკრძალული პარტიის მსგავსი პარტიის გაუქმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისთვის მხოლოდ 14 დღე მისცა, ასეთ მოკლე ვადაში რაიმე სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი გონიერ, მიუკერძოებელ და ობიექტურ დამკვირვებელს არ შეიძლება ჰქონდეს.
აკრძალული პარტიების ამომრჩევლები არჩევანის გარეშე დარჩებიან. ან არაკონსტიტუციური ცვლილებების საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში რეალური არჩევანის გარეშე დარჩება ასობით ათასი, შესაძლოა, მილიონი ამომრჩეველი, რაც ნებისმიერ მომავალ არჩევნებს აზრს დაუკარგავს.
ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ საკანონმდებლო აქტებში შეტანილი ცვლილებები ზღუდავს კონსტიტუციით გარანტირებულ პოლიტიკურ უფლებებს, საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციით საქართველოს მოქალაქეთა მიერ გაცხადებულ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილების პრინციპს, ეწინააღმდეგება და აზრს უკარგავს საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლით დადგენილ დემოკრატიული მმართველობას, პოლიტიკურ პლურალიზმს, თანასწორობას და დისკრიმინაციის აკრძალვას.
„წარმოდგენილი ცვლილებებით შექმნილი მოდელი მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ საშუალებას აძლევს გააუქმოს მისთვის არასასურველი ოპოზიციური პარტიები და უფლებრივად გაანეიტრალოს მასთან „დაკავშირებულად“ გამოცხადებული ნებისმიერი პირი.
ამრიგად, აღნიშნული ცვლილებები მიზნად ისახავს თვითნებურად აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა პოლიტიკურ პარტიებსა და პირთა განუსაზღვრელ წრეს, ჩამოაშოროს ისინი პოლიტიკური პროცესებისგან, მოახდინოს მათი პოლიტიკური აზრის და აქტივობის კრიმინალიზება და ამით ჩაახშოს პოლიტიკური პროცესი და განსხვავებული აზრი ქვეყანაში.
შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონების საფუძველზე „ქართული ოცნების“ მიერ დაწყებული დავა საკონსტიტუციო სასამართლოში ანტიკონსტიტუციური, უფლებაშემზღუდველი და საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებთან შეუსაბამო იქნება“. – ნათქვამია განცხადებაში.