მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმაურება ჟურნალისტებისთვის სასამართლო პროცესების გაშუქების შემზღუდავ ინიციატივებს და აცხადებს, რომ ეს არა მხოლოდ უხეშად არღვევს ჟურნალისტების უფლებებს, არამედ საზოგადოებას ართმევს შესაძლებლობას, იყოს ინფორმირებული სამართლის აღსრულებაზე”.
მედიაკოალცია საუბრობს „პუბლიკის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა 17 ოქტომბერს შპს „ავესთან“ გააფორმა 91 700 ლარის ღირებულების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, თბილისის საქალაქო, სააპელაციო და სხვა სასამართლოებში (სულ 19 სასამართლოში) დამონტაჟდება საკეტით აღჭურვილი ასობით სათავსო, მობილურებისთვის.
აღნიშნული შესყიდვა ეფუძნება მიმდინარე წლის ზაფხულში მიღებულ დადგენილებას, რომელიც მანდატურებს აძლევს უფლებას, არ დაუშვან მობილური ტელეფონებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების შეტანა სასამართლო დარბაზებში.
ამ წესის ჟურნალისტებზე გავრცელების შემთხვევაში, ის დამატებით შეუზღუდავს ჟურნალისტებს ინფორმაციის შეგროვებისა თუ გაშუქების შესაძლებლობას.
მანამდე, 2025 წლის ივნისში „ქართული ოცნების” პარლამენტმა აკრძალა ფოტო და ვიდეოგადაღება სასამართლოს ეზოსა და შენობაში.
მედიაკოალიცია წერს, რომ სასამართლო ხელისუფლება, რომელიც სამართლიანობის გარანტი უნდა იყოს, გადაიქცა „ქართული ოცნების“ ზეგავლენის ქვეშ მყოფ უსამართლობის სიმბოლოდ – იქ, სადაც კანონი აღარ იცავს, არამედ დევნის.
„ჟურნალისტები და აქტივისტები ხშირად ხდებიან სასამართლოსა და „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული ზეწოლის, დევნისა და ძალადობის სამიზნე. „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დირექტორი მზია ამაღლობელი, პოლიტპატიმარია „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, ხოლო სასამართლო ამ დევნაში მოქმედებს როგორც დამსჯელი უწყება. უფრო მეტიც, სასამართლო მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკური ძალადობისა და შეურაცხყოფის ადგილიც გახდა. მედიისა და აქტივისტების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის ფაქტები კი კვლავ დაუსჯელი რჩება – გამოძიებები არ ტარდება.
მედიისთვის სასამართლო სხდომების გაშუქების შეზღუდვა არა მხოლოდ უხეშად არღვევს ჟურნალისტების უფლებებს, არამედ საზოგადოებას ართმევს შესაძლებლობას, იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, თუ როგორ აღსრულდება სამართალი.
მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოხატავს სოლიდარობას ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც ყოველდღიურად, მძიმე და მტრულ გარემოში აგრძელებენ მუშაობას სიმართლისა და საზოგადოებრივი ინტერესის დასაცავად. მათზე ზეწოლა და თავდასხმა არის პირდაპირი შეტევა დემოკრატიასა და საზოგადოების უფლებაზე – იცოდეს სიმართლე”. – ნათქვამია მედიაკოალიციის განცხადებაში.