„ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“ წევრები სააგენტოს ახალ თავმჯდომარესთან საჯარო შეხვედრას მოითხოვენ

პუბლიკა

„ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“ წევრები, რომელთა პროტესტი უკვე 750 დღეზე მეტია, გრძელდება, 11 ნოემბერს თბილისში ჩამოვიდნენ, რათა პირისპირ, საჯაროდ  შეხვედროდნენ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ახალ თავმჯდომარეს ბესიკ ამირანაშვილს.

როგორც მოძრაობის წევრები ამბობენ, ჩამოსვლამდე, 2 კვირით ადრე თავმჯდომარესთან შეხვედრის მოთხოვნით წერილი გაგზავნეს სააგენტოში, მაგრამ პასუხი არ მიუღიათ, ამიტომ გადაწყვიტეს თბილისში ჩამოსვლა და სააგენტოს ოფისში მისვლა, თავმჯდომარესთან შეხვედრის მოთხოვნით.

როგორც მოძრაობის წევრები ამბობენ, თითქმის 2 წელია, უშედეგოდ მოითხოვენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში არსებული კორუფციული სქემის გამოძიებას. 29 ნოემბერს ბალდის კანიონის იჯარის ხელშეკრულებას ვადა ეწურება და  ადგილობრივი მოსახლეობა „კორუფციული და ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი ხელშეკრულების“ განახლების წინააღმდეგ გამოდის.

დღეს დილიდან მოძრაობის წევრები ისევ მივიდნენ სააგენტოს ოფისში და თავმჯდომარესთან საჯარო შეხვედრა მოითხვეს. მათივე სურვილია, ამ შეხვედრაზე დაშვებული იყოს ლაივ- ან ვიდეოგადაღება. ადგილზე მისულებს ფოიეში შეხვდათ სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მიქელაძე, რომელმაც მათ უთხრა, რომ შეხვედრის პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ საჯაროობასთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ შედგა.

„როგორც ჩანს არ უნდათ, ფართო საზოგადოებამ გაიგოს სააგენტოში არსებული კორუფციული სქემის შესახებ და საჯარო შეხვედრებს გაურბიან. ცდილობენ, კარს მიღმა დაითანხმონ ჩვეულებრივი მოსახლეობა, ცრუ დაპირება მისცენ, გააჩუმონ ან დააშინონ, ამაზე ხალხი არაა თანახმა. პასუხი არის ის რომ საჯარო არა, მაგრამ პირადად 2-3 კაცით შესაძლებელია შეხვედრა, ჩვენ ამაზე არ ვართ თანახმა“, – უთხრა „პუბლიკას“ მოძრაობის წევრმა,  სალომე სიმონიამ.

ცოტა ხნის წინ დაცული ტერიტორიების სააგენტომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სააგენტო „მიუღებლად მიიჩნევს ულტიმატუმების ენით კომუნიკაციას და კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, იმუშაოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან პროფესიულ, საქმეზე ორიენტირებულ ფორმატში.“

„29 ნოემბერს ინვესტორ კომპანიას რომელსაც 40 წლით, კორუფციული სქემით გადაეცა ბალდის კანიონი, გასდის ვადა. მას  სამი წლის ვადაში უნდა ჩაებარებინა ეს პროექტი, რასაც ვეღარ მოახერხებს და გვინდოდა ამ თემაზე საუბარი. ასევე გვინდოდა საუბარი იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებიც ინვერსტორმა კომპანიამ ჩაიდინა ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ, დანაშაულებზე რომლებიც ბუნების ძეგლზე ჩაიდინეს“, – ამბობს მოძრაობის წევრი ცოტნე თვარაძე.

მისივე თქმით, მიუხედევად იმისა, რომ აქამდე მოძრაობის წევრები უკვე შეხვდნენ ახალ თავმჯდომარეს, შეხვედრისას თითქმის არ ყოფილა მასთან კომუნიკაცია, ის მოძრაობის წევრების პოზიციებს ისმენდა, მაგრამ არ დაუფიქსირებია პირადი აზრი.

„წინაზე თუ მან თქვა, რომ რაღაც პერიოდი სჭირდებოდა  აზრის გამოსახატავად, ამ პერიოდმა უკვე გაიარა. მას შეუძლია, დააფიქსიროს თავისი აზრი; ვალდებულია, დააფიქსიროს თავისი აზრი, რადგან საჯარო სამსახურში იმყოფება, ზუსტად ამისთვის ჩამოვედით ჩვენ აქ…

რა პრობლემა შეიძლება იყოს ხალხთან საუბარი? რა აქვს დასამალი? რატომ გვაძლევს პირობას და მერე რატომ გადათქვამს, ახოლმე? ასე არაადამიანურად რატომ ეპყრობა ადგილობრივ მოსახლეობას რომელიც ამხელა გზაზე ჩამოვიდა?

მოუწევს, რომ პასუხები გასცეს კითხვებზე, რომლებზეც ვალდებულია, რომ პასუხი ჰქონდეს, რადგან საჯარო მოხელეა. საჯაროდ დააფიქსიროს სააგენტოს პოზიცია და გააკეთოს კომენტარები იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც გამოიწვია კორუფციამ…  ძალიან დიდი კორუფციული სქემა აქვთ, რომელსაც სასწრაფოდ სჭირდება გამოძიება და რეგირება.

ამ თემასთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობა უკვე 750 დღეა, მშვიდობიანად გამოხატავს პროტესტს, ცდილობს, დაიცვას ბუნება განადგურებისგან, დაიცვას საკუთარი უფლებები და ამას ვახერხებთ ისევ და ისევ ჩვენი ჯანმრთელობის ფასად, ჩვენი პირადი ცხოვრების გვერდზე გადადების ფასად, ბევრი ტანჯვა-წამების ფასად და ამ ყველაფრის ფონზე, ამხელა გზას რომ გამოვივლით და მოგვატყუებენ შეხვედრის პირობით, გვალოდინებენ და მერე აღარ გვხვდებიან ეს ადამიანობაში არ წერია“, – ამბობს ცოტნე თვარაძე.