400-ლარიანი ჯებირის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით 1 წლისა და 6 თვის ციხეში გატარების შემდეგ 20 წლის ომარ ოკრიბელაშვილი და 24 წლის საბა მეფარიშვილი თავისუფლები არიან.
მათ პენიტენციური დაწესებულებები დღეს, 14 ნოემბერს, დატოვეს.
ომარ ოკრიბელაშვილსა და საბა მეფარიშვილს ბრალად ედებოდათ 2024 წლის 14 მაისს რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე შსს-ს კუთვნილი 400-ლარიანი ჯებირის ჯგუფურად დაზიანება. ბრალი წარდგენილი ჰქონდათ 187-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
მათ საპროცესო შეთანხმება ჰქონდათ გაფორმებული – სასჯელის მოსახდელად განესაზღვრათ 2 წელი და 6 თვე, რომლიდანაც 1 წელი და 6 თვე მოიხადეს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 1 წელი ჩაეთვალათ პირობითად.
ომარ ოკრიბელაშვილმა საპატიმროს დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ მხარს უჭერს სინდისის პატიმრებს და მათ მალე გათავისუფლება უსურვა.
„ყველას განაჩენი არასამართლიანია. [ჯებირი] დავაზიანე, მაგრამ ვამაყობ, რომ ხალხის გვერდით ვიყავი, ვამაყობ, რომ ყველას გვერდით ვიდექი და სხვაგან მარტო არ ვიყავი და უკან არ ვიდექი. მეამაყება ასეთ ადამიანებთან დგომა, კარგ და პატიოსან ხალხთან. მართლა მიხარია, რომ გამოვედი. ყოველდღე 4 კედელს ვუყურებდი და მტანჯველია, როცა სხვა არავინ გყავს საკანში. სხვათა შორის, კარგად და პატივისცემით მექცეოდნენ…
პატიმრებს ვურჩევ, რომ გამაგრდნენ, მალე გამოსულიყვნენ და ვინც გამოვა, მეც გვერდში დავუდგები და დავხვდები გარეთ…. შენ როცა გაქვს პროტესტი და გარეთ დგომისთვის გიჭერენ, ეს არ არის სამართლიანი“, – თქვა ოკრიბელაშვილმა.
კომენტარი გააკეთა საბა მეფარიშვილმაც, რომელმაც თქვა, რომ გაჩერებას არ აპირებს და პროევროპული აქციების აქტიურ მონაწილეებს ბრძოლისკენ მოუწოდა.
„[აქციაზე ისევ გნახავთ?] რა თქმა უნდა, გაჩერებას არ ვაპირებ არანაირად. სახლში ვინც ზის, მოვუწოდებ გამოსვლისკენ, ვინც სახლშია, ნათელია, რომ არის მთავრობის მხარდამჭერი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გარეთ უნდა იდგეს, როგორც ყველა.
ვინც გარეთაა, მოვუწოდებ ბრძოლისკენ. არ უნდა გაჩერდეს არავინ. შეიძლება დაგიჭირონ, მაგრამ არავინ უნდა შეუშინდეს დაჭერას იმიტომ, რომ სამუდამოს მაინც არავინ მოგცემს, ადრე თუ გვიან გარეთ მაინც გამოხვალ, ამიტომ მოვუწოდებ ყველას ბრძოლისკენ“, – თქვა მეფარიშვილმა.
დაცვის მხარის მიერ 400-ლარიანი ზიანი ჯერ კიდევ სასამართლო განხილვების ეტაპზევე ანაზღაურებული იყო. მათ თავდებში დაუდგა 66 პირი. ადვოკატებმა არაერთხელ დააყენეს შუამდგომლობა პატიმრობის გირაოთი შეცვლის მოთხოვნით, თუმცა სასამართლომ არცერთ შემთხვევაში არ გაითვალისწინა დაცვის მხარის არგუმენტები.