NBC News-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიმდინარე კვირაში დაამტკიცებს რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის დამყარების 28-პუნქტიანი გეგმას, რომელიც საიდუმლოდ შემუშავდა თეთრ სახლში რუსეთის სპეციალურ წარმომადგენელ კირილ დმიტრიევთან და უკრაინელ ოფიციალურ პირებთან კონსულტაციით.
NBC-ის ცნობით, გეგმის შემუშავებაში მონაწილეობდნენ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი.
პენტაგონის მაღალი თანამდებობის პირები უკრაინაში ჩავიდნენ, ხოლო აშშ-ის არმიის მდივანი დენ დრისკოლი დღეს, 20 ნოემბერს კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
მანამდე გამოცემებმა Axios, Financial Times და Reuters გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აშშ-მა და რუსეთმა შეიმუშავეს გეგმა, რომელიც ითვალისწინებს მთელი დონბასის რუსეთისთვის გადაცემას, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში ფრონტის ხაზის გაყინვას და უკრაინის შეიარაღებული ძალების განახევრებას. ასევე, რუსული ენის უკრაინის სახელმწიფო ენად გამოცხადებას.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთისთვის ტერიტორიების გადაცემა გამორიცხა.
გუშინ, 19 ნოემბერს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთსა და უკრაინაში, სტივ უიტკოფი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ამ ახალი „სამშვიდობო გეგმის“ განსახილველად ვოლოდიმირ ზელენსკისთან და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან სამმხრივ შეხვედრას გეგმავდა. თუმცა, შეხვედრა არ შედგა, ვინაიდან, Axios-ის წყაროს ცნობით, ზელენსკი არ არის დაინტერესებული აშშ-ის აღნიშნული გეგმით.
ამავე დრო, თეთრი სახლის წარმომადგენელმა BBC-ს დაუდასტურა, რომ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში, კიტ კელოგი, თანამდებობას იანვარში დატოვებს. მედიები მას უკრაინის მთავარ მოკავშირედ მოიხსენიებენ.