მიქანაძის თქმით, 2026 წელს არაქართულენოვანი მოქალაქეებისთვის ქართული ენის გამოცდა ჩატარდება, შედეგების მიხედვით კი გაიცემა ენის ფლობის შესაბამისი დონის სერტიფიკატი
„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის თქმით, გამოცდისთვის რეგისტრაცია 24 ნოემბერს დაიწყება და 1 დეკემბერს დასრულდება პლატფორმაზე online.naec.ge.
მიქანაძე ამბობს, რომ „ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უცხოელი სტუდენტებისთვის, საჯარო სამსახურში მუშაობის უფლების მქონე უცხოეთის მოქალაქეებისთვის, უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვისა და ბიზნესსექტორში დასაქმებული არაქართულენოვანი კადრებისთვის“.
„სახელმწიფო ენის გამოცდა წელიწადში რამდენჯერმე ჩატარდება და ოთხი კომპეტენციის შემოწმების შესაძლებლობას მოგვცემს. ესენია: მოსმენა, კითხვა, წერა და ლაპარაკი. ამ ეტაპზე განსხვავებული სირთულის ორი ტესტირება ჩატარდება: პირველი განსაზღვრავს ქართული ენის ფლობის A1 და A2 დონეებს, მეორე – B1 და B2 დონეებს. დონეების დიფერენცირება იმის მიხედვით მოხდება, თუ რამდენ ქულას დააგროვებს აპლიკანტი”. – თქვა გივი მიქანაძემ.
მისივე თმით, „ქართული ოცნების“ განათლების სამინისტრო 2030 წლიდან, A1, A2, B1 და B2 დონეებთან ერთად, C1 და C2 დონეების განმსაზღვრელ გამოცდებსაც გეგმავს.