რას ამბობს გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი ტაძრის დროებითი გადახურვის გათბობის სისტემაზე

პუბლიკა

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი განცხადებას ავრცელებს 22 დეკემბერს „ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებლის, თორნიკე ბარათაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც გელათის მთავარი ტაძრის დროებითი გადახურვის გათბობის სისტემას ეხებოდა. კომიტეტი ამბობს, რომ „გავრცელდა სუბიექტურ და კერძო შეხედულებებზე დაფუძნებული ცრუ განცხადებები“.

ბარათაშვილის შეფასებით, რისკებს წარმოადგენს ის, რომ „PVC ფირის ჰერმეტულობა ქმნის თერმული ჯიბეების და მიკროკლიმატის დესტაბილიზაციის სერიოზულ რისკს, განსაკუთრებით გუმბათის ზონაში, სადაც სივრცე შეზღუდულია“.

მისივე განცხადებით, ვინტილაციის, ღიობების გარეშე უკუეფექტი გარდაუვალია, რადგან გადახურვაზე გამოყენებული ფირი: „არ სუნთქავს; არ ატარებს ორთქლს; არ აქვს ზემოთ აშკარა გამწოვი ღიობები. შესაბამისად: სითბო შედის სწრაფად, გამოდის ნელა, გათიშვის შემდეგ იწყება უკუქცევითი კონდენსაცია“.

ბარათაშვილმა დაწერა, რომ ჰაერი თბება ძალიან სწრაფად, ქვა თბება ნელა, შედეგად კი ზედაპირი და ჰაერი სხვადასხვა ტემპერატურაზეა, წარმოიქმნება „თერმული დაძაბულობა მიკრონულ დონეზე“, გრძელ ვადაში კი, ეს ბზარების, მარილების მიგრაციისა და პიგმენტის დაზიანების საფუძველია. მისივე განცხადებით, ვენტილაციის სისტემა ამ პროექტს საერთოდ არ აქვს გათვალისწინებული, რაც მისი შეფასებით, კატასტროფაა.

კომიტეტის განცხადებით:

„რეალობა კი შემდეგში მდგომარეობს:

ა) ტაძრის ერთიანი გადახურვის სტრუქტურის სპეციფიკა, პროექტის შესაბამისად, მოითხოვს, რომ გადახურვის ზედაპირის ფართობზე დადებული თოვლის სიმაღლე არ აღემატებოდეს 20 სანტიმეტრს, სწორედ ამ ტექნიკურმა მონაცემმა განაპირობა დროებითი გადახურვის შეთბობის საჭიროება. გათბობა-ვენტილაციის სისტემის ჰაერსატარები იმგვარადაა მოწყობილი, რომ დროებითი გადახურვის ფენილების ქვედა მხრიდან შეთბობის მეთოდით დროებითი გადახურვის ზედაპირზე თოვლის ეფექტური დნობა  გამოიწვიოს.

ბ) ზამთრის პერიოდში, აღნიშნული გათბობა-ვენტილაციის სისტემის ფუნქციონირება, მხოლოდ მაშინ არის გათვალისწინებული, როდესაც ერთიანი დროებითი გადახურვის საფარზე დადებული თოვლის სისქე 20 სმ-ს მიაღწევს. დღევანდელი კლიმატური რეალობის გათვალისწინებით, შესაძლოა, აღნიშნული გათბობის სისტემის ჩართვა ზამთრის კონკრეტულ სეზონებზე საერთოდ არ გახდეს საჭირო, ან მისი ჩართვების საჭიროება ერთეული რაოდენობებით შემოიფარგლოს (ისიც რამდენიმესაათიანი ციკლებით), რათა მაღალტექნოლოგიური საფარი მასალა დადებული თოვლის მასისგან განთავისუფლდეს.

გ) სამუშაოების ფარგლებში, განხორციელდა გელათის კლიმატური ზონის შესწავლა და განისაზღვრა სტრუქტურის გადახურვის, მაღალტექნოლოგიური მატერიის, ქვედა სიბრტყის, გათბობის ტემპერატურული დიაპაზონი.

სპეციალისტების ჩართულობით დადგინდა, რომ გადახურვის მაღალტექნოლოგიური მატერიის გათბობა უნდა მოხდეს  ან +2c-დან +4c-მდე (რაც თოვლის საფარის ეფექტური დნობის კუთხით სარისკოდ მიიჩნიეს), ან +9c-ის ზევით. შესაბამისად, სპეციალისტებმა საუკეთესო ტემპერატურულ დიაპაზონად +9c-დან +14c -მდე ტემპერატურა  მიიჩნიეს.

აღნიშნული ტემპერატურული დიაპაზონი (+9c – +14c)  აზღვევს გადახურვის მაღალტექნოლოგიური მატერიის ქვედა მხარეს ნამის წარმოქმნისგან, ვინაიდან დადგინდა, რომ +5c- დან +8c-მდე ტემპერატურაზე მატერიის ქვედა მხრიდან წარმოიქმნებოდა ნამი (იხილეთ საფარის გათბობისა და ვენტილაციის პროექტი და სამშენებლო კლიმატოლოგიის დაპროექტების ნორმების ცხრილები).

რაც შეეხება კრიტიკოსების მხრიდან წამოჭრილ საკითხს გათბობის სისტემის პერიოდული ფუნქციონირების შედეგად ტაძრის ფასადზე ნამის წარმოქმნის თაობაზე, ან როგორც დაასკვნეს, ტაძრის 140 სმ-იანი კედლების შიგნით, +14c-ის გავლენით, კედლის მხატვრობის დაზიანების საკითხს, ეს მოსაზრება ლოგიკის მიღმაა და ამაზე  აღარ შევჩერდებით.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ დამონტაჟებულ აგრეგატებს, გარდა ჰაერის შეთბობის ფუნქციისა (რომელიც ჩვენს შემთხვევაში მიმართულია კონსტრუქციის გადახურვის მატერიის ძირის შეთბობისთვის და თოვლის დნობისთვის) აქვთ შეუმთბარი/არსებული ჰაერის დაბერვის ფუნქციაც, რაც საჭიროების შემთხვევაში, ზაფხულის პერიოდში არსებული სივრცის ვენტილაციისთვის იქნება გამოყენებული.

დ) კრიტიკის მცდელობას წარმოადგენდა გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროცესში გარემო პირობების ე.წ. კლიმატის სპეციალისტის თითქოს არყოფნა და ამ კუთხით პროცესის არა სანდოობაც.

გვინდა საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის პარტნიორი და მხარდამჭერი უმაღლესი რანგის საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობითა და დახმარებით, პროექტში მის გუნდთან ერთად მონაწილეობს და გარემო პირობების კუთხით სამეცნიერო ხელმძღვანელობას ახორციელებს, დასავლეთ ევროპაში გარემო პირობების კვლევის, შესწავლისა და მონიტორინგის სტანდარტების ერთ-ერთი მთავარი ფუძემდებელი, პროფესორი – ბატონი დარიო კამუფო, რომლის სამეცნიერო ნაშრომები მსოფლიოში სასწავლო სამეცნიერო სტანდარტად არის მიჩნეული“.

კომიტეტი ეხმაურება სამუშაოების ვადებსაც და აცხადებს, რომ მკაცრად იცავენ „რთული და კომპლექსური პროექტის განხორციელებისათვის საჭირო თანამიმდევრულობას“. მათივე განცხადებით, 25 ივნისს, საზოგადოებას ეცნობა ერთიანი დროებითი გადახურვის სტრუქტურული მშენებლობისა და არა მისი თანმდევი კომპონენტების დასრულების შესახებ.

„გვინდა, დავარწმუნოთ საზოგადოება, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც ჩვენი ერისთვის დიდი საკრალური მნიშვნელობისაა და ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის უტყუარ ბეჭედს წარმოადგენს, უფლის წყალობით, მაღალი საერთაშორისო პრინციპების თანახმად იქნება რეაბილიტირებული“, – წერია განცხადებაში.