ავარიული შენობები, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა და სხვა - ომბუდსმენის ანგარიში

პუბლიკა

სახალხო დამცველმა საქართველოში სოციალური საცხოვრისების, თავშესაფრებისა და მსგავსი დაწესებულებების მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველოში კვლავ არ არსებობს სოციალური საცხოვრისებისა და თავშესაფრების მოწყობის ერთიანი სამართლებრივი და სტანდარტიზებული ჩარჩო, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს სათანადო საცხოვრებლის უფლების ეფექტიან რეალიზაციას.

ომბუდსმენის მიხედვით, მონიტორინგის შედეგად საცხოვრისების ნაწილში გამოიკვეთა არაერთი სერიოზული გამოწვევა. მათ შორის, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ შენობებში ადამიანების ხანგრძლივი ცხოვრება, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების სერიოზული დარღვევები, კლიმატური პირობებისგან დაუცველი საცხოვრებელი გარემო, საცხოვრებელი სივრცის სიმცირე, სერვისისა თუ მენეჯმენტის არარსებობა და სხვა.

ანგარიშში ასევე წარმოდგენილია დადებითი მაგალითები, სადაც სოციალური საცხოვრისებისა და თავშესაფრების პირობები ძირითადად შეესაბამება სათანადო საცხოვრებლის საერთაშორისო სტანდარტებს.

„პუბლიკა“ გთავაზობთ ძირითად მიგნებებს ანგარიშიდან:

  • უსაფრთხო საცხოვრებლის კონცეფცია

„აღნიშნული კრიტერიუმი მოიცავს შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების ცალკეულ კომპონენტებს, როგორიცაა შენობის ჭერის, კედლების, გეგმარებისა და შენობის სხვა ცალკეული კომპონენტების უსაფრთხოება.

ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით საყურადღებოა ავარიულობის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობებში ცხოვრების ფაქტი. თუმცა, ფიზიკური უსაფრთხოების პრობლემები შეიძლება მაშინაც წამოიჭრას, როცა შენობას ოფიციალურად არ აქვს ავარიულობის სტატუსი, თუმცა მასში ცხოვრება მაინც იყოს დაკავშირებული სიცოცხლის/ჯანმრთელების ხელყოფის რისკებთან.

ფიზიკური უსაფრთხოების კომპონენტთან დაკავშირებით საგულისხმოა, მაგალითად, ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე შენობა, რომელიც რამდენიმე წელია გამოიყენება საცხოვრისად შესაბამისი საჭიროების მქონე პირების მიერ. მართალია, ოფიციალურად მას არ აქვს მინიჭებული სოციალური საცხოვრისის სტატუსი, თუმცა წლებია ამგვარი ფუნქცია აქვს შეთავსებული.

საცხოვრებლის ფიზიკური მდგომარეობა იმდენად კრიტიკულია, რომ დაწესებულება არ შეიძლება ჩაითვალოს ე.წ. ჭერის მქონედ. შენობის გარკვეული ნაწილი მთლინად ჩამოშლილია, მარჯვენა ფლიგელს პრაქტიკულად არ აქვს კედლები და ფანჯრები. ჭერი დაზიანებულია ან პრაქტიკულად არც არსებობს, ოთახებში არსებობს სამშენებლო მასალების ჩამოვარდნის საშიშროება. შენობა ერთი შეხედვითაც კრიტიკულ მდგომარეობაშია და მასში ყოფნა ნებისმიერ დროს სიცოცხლისთვის სახიფათოა.

ქუთაისში, ნიკეას N40-ში მდებარე სოციალური საცხოვრისი წარმოადგენს ყოფილი ავტომატური სატელეფონო სადგურის ხუთსართულიან შენობას.

შენობის საერთო მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი და კრიტიკულია. მაცხოვრებლებმა განმარტეს, რომ შენობა ავარიულია, თუმცა აღნიშნულ საკითხზე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მოწოდებული ინფორმაცია ავარიულობის სტატუსზე ინფორმაციას არ შეიცავს. შენობაში რამდენიმე ადგილას ჭერი დაზიანებულია და მაცხოვრებელთა განმარტებით, ყოფილა მისი ჩამონგრევის შემთხვევები. ამასთან, მაცხოვრებელთა განმარტებით, დაფიქსირებულთა ხანძრის შემთხვევებიც. შენობაში არ არის მოწყობილი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა.

შენობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, სერიოზულ კითხვებს აჩენს ქ. ტყიბულში, გურამიშვილის N56 მდებარე სოციალური საცხოვრისი, რომელსაც ოფიციალურად არ გააჩნია სოციალური საცხოვრისის სტატუსი, თუმცა აღნიშნულ შენობაში პირები და ოჯახები რამდენიმე ათეული წელია ცხოვრობენ. შენობას აღენიშნება ბზარები, ჩამოშლილი ფასადი, სინესტე. შენობის მდგრადობა კითხვის ნიშნებს აჩენს. ჭერიდან ცვივა სამშენებლო მასალა და რჩება ღიად.

ამის შედეგად, საცხოვრის ჭერზე რამდენიმე ადგილას არის ცარიელი ადგილები, ასევე, არსებობს საშიშროება ჭერის დარჩენილი ნაწილის ჩამოქცევის. აივნების მდგომარეობა კრიტიკულია.

უსაფრთხოების თვალსაზრისით, კრიტიკულია ვითარება საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სოციალური საცხოვრისში, რომელიც მდებარეობს კახეთის გზატკეცილ 19-ში. დაწესებულებაში არსებული საცხოვრებელი პირობები ღირსების შემლახავია და მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების მხრიდან გადაუდებელ რეაგირებას საჭიროებს. შენობაში არის დაბზარული, დაობებული და ალაგ-ალაგ ჩამონგრეული კედლები, ჩამოშლილი ბათქაში, მორყეულია ან არ არსებობს დამცავი მოაჯირები, ასევე, პერიოდულად ფასადიდან მოსაპირკეთებელი მასალის ცვენა საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ პირებს.

დაბა ადიგენში, ვაჟა ფშაველას N5-ში მდებარე სოციალური საცხოვრისი არის ორსართულიანი, კორიდორული ტიპის მრავალბინიანი შენობა. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 8 შენობა უკვე მოძველებულია, შემოწმებულია ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ და არსებობს შესაბამისი დასკვნა. მერიამ აგრეთვე განმარტა, რომ საცხოვრებელი აშენდა 80-იან წლებში, და ძველია“.

  • კლიმატური პირობებისგან დაცვა

„საცხოვრისის ვარგისიანობის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი სწორედ კლიმატური პირობებისგან (ქარი, წვიმა, და .შ.) დაცვაა.

ამ თვალსაზრისით, კრიტიკული შეუსაბამობები ვლინდება 5 (ხუთი) სოციალურ საცხოვრისში/მსგავს დაწესებულებაში. ხშირ შემთხვევაში, აღნიშნულ შენობებში ჭერი ვერ აკავებს წყალს, მცხოვრებლები იყენებენ ბრეზენტებს, ხშირია ქარისგან დაუცველობის შემთხვევაც.

წინამდებარე თავში ჩამოთვლილი დაწესებულებების გარდა, კლიმატური პირობებისგან დაცვის თვალსაზრისით, შეუსაბამობები ვლინდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ საცხოვრისებში, (ჟღენტის ქუჩაზე და სოფელ მერიაში მდებარე საცხოვრისები) სადაც წვიმის დროს შიდა კედლები სველდება, ჭერის ნაწილი დაზიანებულია და შეინიშნება წყლის ჩამოსვლის კვალიც“.

  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა

„აღნიშნული კრიტერიუმი მათ შორის, გულისხმობს ნებისმიერი იმგვარი საფრთხისგან დაცვას, რომელსაც ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შესაძლებლობა გააჩნია და სახიფათოა.

მაგალითად, საკანალიზაციო სისტემის გამართულობა, მაცხოვრებლების დაცვა ნესტისგან, მძაფრი და არასასიამოვნო სუნისგან და ა.შ. აღნიშნული კრიტერიუმის თვალსაზრისით, კრიტიკული მდგომარეობა გამოვლინდა 7 (შვიდი) საცხოვრისში/მსგავს დაწესებულებაში.ძირითადად, გაუმართავია კანალიზაციის სისტემა, შეინიშნება სინესტის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი, სიბინძურე და ანტისანიტარია სარდაფში და ა.შ.

განსაკუთრებით რთულია ვითარება ბოლნისის მუნიციპალიტეტ სოფელ კაზრეთსა და სიონის N1 ში მდებარე სოციალურ საცხოვრისებში, სადაც კედლები სინესტისგან გაშავებულია, გაჟღენთილია წყლით და იგრძნობა სინესტის გაუსაძლისი სუნი. ზოგიერთ საცხოვრისში სველი წერტილები ან გაუმართავია ან საერთოდ არ არის.

დაფიქსირდა შემთხვევა, (საგარეჯოს სოციალური საცხოვრისი) როცა კანალიზაციის მილებიდან ნარჩენების გადმოდინება იქვე, საცხოვრისის ტერიტორიასთან ახლოს ხდება, რაც ტერიტორიაზე გაუსაძლის სუნს იწვევს.

კრიტიკული ვითარებაა სოციალური საცხოვრისების ნაწილის სარდაფებშიც, სადაც ანტისანიტარიასთან ერთად, ზოგ შემთხვევაში, წყალიც გროვდება (დაბა კაზრეთის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, ტყიბულის მუნიციპალიტეტის, ქ. გორის, ქ. ქუთაისში ნიკეას ქუჩასა და აბაშიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრისები/მსგავსი დაწესებულებები)“.

  • ადგილმდებარეობა და პერიმეტრი

„საცხოვრებლის პერიმეტრი უნდა იყოს უსაფრთხო, მიმდებარე ტერიტორია არ უნდა იყოს დაბინძურებული, უნდა გამოირიცხოს უარყოფითი ზეგავლენის მქონე ფაქტორები — მაგალითად, ხმაური, ინდუსტრიული დაბინძურება, და ა.შ. აღნიშნულ კრიტერიუმთან მიმართებით, შეინიშნება რამდენიმე კრიტიკული შეუსაბამობა.

მაგალითად, საგარეჯოს სოციალურ საცხოვრისში, კანალიზაცია ეზოში გადმოედინება, ეზო მოუწესრიგებელია, არის სიბინძურე და გაუსაძლისის სუნი. ქ. რუსთავის სოციალური საცხოვრისების მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნება დიდი ბალახები და ტერიტორია მოუვლელია, დაბინძურებულია გორის სოციალური საცხოვრისის მიმდებარე ტერიტორიაც, სადაც ნაგვის ნარჩენები ყრია.

ზოგადი შეფასებითაც, საცხოვრებელთა უმეტესობაში მიმდებარე ტერიტორია მოუვლელია, ნაწილში არ არის ხელმისაწვდომი განათება, ზოგიერთ საცხოვრისში კი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის პრობლემებს ვხდებით.

ზოგიერთ მუნიციპალიტეტში საცხოვრისი არის გზასთან ახლოს და მაცხოვრებლები უთითებენ ავტომობილების სწრაფ მოძრაობასა და სიჩქარის შემზღუდველი ბარიერების არარსებობაზე. (ქ. ქუთაისის ნიკეას ქუჩაზე მდებარე საცხოვრისი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის სოციალური საცხოვრისი).

მონიტორინგის დროს დადებითი მაგალითის შემთხვევებიც გამოვლინდა, კერძოდ, რამდენიმე სოციალურ საცხოვრისებში არსებული მდგომარეობა, მცირე გამოწვევების გათვალისწინებით, დამაკმაყოფილებლად და სტანდარტების შესაბამისად შეიძლება იქნეს მიჩნეული. მაგალითად, ქ. ზუგდიდის, მარტვილის და ბოლნისის მუნიციპალიტეტში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სოციალური საცხოვრისები. აღნიშნულ საცხოვრისებში უსაფრთხოების ან/და ვარგისიანობის ცალკეულ კომპონენტებთან კრიტიკული შეუსაბამობა არ ფიქსირდება“.

  • საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილება

„სოციალური საცხოვრისების აბსოლუტურ უმრავლესობაში ბენეფიციარები არ ყოფილან უზრუნველყოფილი პირველადი საჭიროებებით (ავეჯი, ტექნიკა), და აღნიშნულის შეძენა/მოწყობა მათ საკუთარი ხარჯით მოუწიათ.

მეორე მხრივ, სოციალური საცხოვრისების ნაწილში დღემდე არის ბუნებრივი აირისა და წყლის წვდომასთან დაკავშირებული სირთულეები.

გამოიკვეთა დადებითი მაგალითების შემთხვევებიც, სადაც ამგვარი საჭიროებები შესახლების მომენტში ან შემდგომში დაკმაყოფილდა (მაგალითად, ბოლნისში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრისი, ოზურგეთი, ჟღენტის ქუჩაზე მდებარე სოციალური საცხოვრისი, ზუგდიდისა და მარტვილის სოციალური საცხოვრისი). ამასთან, სოციალური საცხოვრისების უმეტესობაში, დადებითი ტენდენციაა კომუნალური გადასახადების სუბსიდირებასთან მიმართებითაც“.

  • საცხოვრებელი სივრცის საკმარისობა

„თითქმის ყველა სოციალურ საცხოვრისში ვხდებით აღნიშნულ პრობლემას. ძირითად შემთხვევაში, აღნიშნული გამოწვეულია ოჯახის წევრთა რაოდენობის ზრდით (შობადობა, ქორწინება), თავისუფალი ადგილები სოციალურ საცხოვრისების აბსოლუტურ უმრავლესობაში არ არის“.

  • მფლობელობის სამართლებრივი გარანტიები და სერვისის გარდამავალი ბუნება

„ამ თვალსაზრისით, გაანალიზდა სოციალურ საცხოვრისებში განთავსებულ პირებსა და მერიის შესაბამის სამსახურებს შორის ურთიერთობის მოწესრიგების მექანიზმები, რომელიც ძირითადად ხელშეკრულების გაფორმებაში ვლინდება, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ხელშეკრულებები პერიოდულად არ ახლდება, ან აღნიშნულ საკითხზე ბენეფიციარები არ ფლობენ ინფორმაციას.

სოციალური საცხოვრისების აბსოლუტურ უმრავლესობაში ვერ ხორციელდება საჭიროებების მქონე პირთა ჩანაცვლება და საცხოვრისებში ისევ ის ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც თავდაპირველად შესახლდნენ.

გამომდინარე იქიდან, რომ ამგვარი საჭიროებები ხსენებული პირების შემთხვევაში ისევ მწვავედ დგას, სოციალური საცხოვრისები სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების საფუძვლით, მხოლოდ ერთეულ შემთხვევაში დაუტოვებიათ.

ამ მხრივ, ისიც აღსანიშნავია, რომ ბენეფიციართა ნაწილმა დატოვა საცხოვრისი სხვა სახის მიზნობრივ პროგრამაში ჩართვის საფუძვლით. ბენეფიციართა უმრავლესობა ჩართულია სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამებშიც“.

  • სერვისის მონიტორინგი და მენეჯმენტი

„ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია, რომ ზოგადად, სოციალურ საცხოვრისებში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება ბენეფიციარებს საკუთარი ძალითა და ხარჯით უწევთ, მერიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან მსგავსი ღონისძიებები ან არ ხორციელდება ან ფრაგმენტული ხასიათი აქვს.

მიუხედავად აღნიშნული ზოგადი დაკვირვებისა, გამოიკვეთა რამდენიმე დადებითი მაგალითის შემთხვევაც. უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში სოციალური საცხოვრისების ზოგადი მენეჯმენტის პირდაპირი, ქმედითი და ეფექტური, ერთიანი მექანიზმი არც არსებობს. რაც შეეხება, საჭიროებების გადამოწმებას, აღნიშნული საკითხი, როგორც წესი, ხელშეკრულებით არის მოწესრიგებული და უკავშირდება საცხოვრისის მიტოვების ფაქტს ან და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას“.

  • ქვეყანაში არსებულ თავშესაფრებში არსებული რეალობა და ტენდენცია

„ქვეყანაში არსებულ თავშესაფრებთან მიმართებით, (ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური თავშესაფარი (ლილო) და ა(ა)იპ ქ. ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს დროებითი მუნიციპალურ თავშესაფარი) უნდა ითქვას, რომ თავშესაფრების ზოგადი მდგომარეობა, არსებული პირობები და პრაქტიკა სრულად შეესაბამება არსებულ სტანდარტებს. ორივე თავშესაფარში დაცულია საცხოვრებლის უსაფრთხოებისა და ვარგისიანობის ყველა ძირითადი კრიტერიუმი.

დაწესებულებათა შენობები რეაბილიტირებულია, და უზრუნველყოფილია ხანძარსაწინააღმდეგო და ევაკუაციის სისტემებით. დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. თავშესაფრებში არ ფიქსირდება სივრცის ნაკლებობის ან/და გადატვირთულობის პრობლემა. ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი არიან ორჯერადი უფასო კვებით, საკვების ხარისხი პერიოდულად მოწმდება. თავშესაფრების ადმინისტრაციული პერსონალი მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც სამედიცინო, ისე სოციალურ მუშაკებს, დასუფთავების, უსაფრთხოების თანამშრომლებს და ტექნიკურ პერსონალს.

დაწესებულებებში ტარდება სოციალურ-კულტურული ხასიათის ღონისძიებები. არსებობს ადმინისტრაციისა და ბენეფიციარებს შორის კომუნიკაციის ფორმალური მექანიზმები, მათ შორის, საჩივრის წარდგენის შესაძლებლობაც“, – ნათქვამია ანგარიშში.


ომბუდსმენის ცნობით, ანგარიში 2025 წელს განხორციელებულ მონიტორინგს ეფუძნება და 12 მუნიციპალიტეტში მდებარე 18 სოციალური საცხოვრისის, მსგავსი დაწესებულებისა და თავშესაფრის შეფასებას მოიცავს. ანგარიშის ფარგლებში დაწესებულებები შეფასებულია შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: უსაფრთხოება, ვარგისიანობა, სანიტარულ-ჰიგიენური პირობები, კლიმატური პირობებისგან დაცვა, საცხოვრებელი სივრცის საკმარისობა, საბაზისო სერვისებზე ხელმისაწვდომობა, სერვისის მენეჯმენტი და ბენეფიციართა სამართლებრივი გარანტიები.

ანგარიშს სრულად გაეცანით ბმულზე.