ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ჭიათურის პროტესტის მონაწილეთა საქმის განხილვა დასრულდა.
მოსამართლე თამარ მაზანაშვილი სათათბიროდ გავიდა. ის განაჩენს 20 იანვარს გამოაცხადებს.
საქმე ეხება 2025 წლის 28 აპრილს, ჭიათურის პროტესტის მონაწილეებსა და შუქრუთის მაღაროს დირექტორს შორის მომხდარ ინციდენტს. გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულები შუქრუთის მაღაროს დირექტორს, თენგიზ კობერიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.
16 იანვრის პროცესზე ორმა ბრალდებულმა, არჩილ ჭუმბურიძემ და თენგიზ გველესიანმა თქვეს საბოლოო სიტყვები.
„პუბლიკა“ გთავაზობთ თენგიზ გველესიანის სიტყვას:
„პირველ რიგში დავიწყებ მადლობით. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისი დამსახურებითაც სასამართლო მინიმუმ ამ მდგომარეობაში იმყოფება, თუმცა ეს საკმარისი არ არის, რადგან 9 თვის განმავლობაში სრულიად უდანაშაულოდ ვიყავი ციხეში.
სამწუხაროდ, სასამართლომ ვერ მოძებნა შესაბამისი მუხლი, რომ ეს უსამართლობა აღეკვეთა, რომ მინიმუმ ციხეში არ ვყოფილიყავით და საქმე ისე გაგრძელებულიყო. ამიტომ ეს მდგომარეობა საკმარისი არ არის. მადლობას სასამართლოს ვერ გადავუხდი მხოლოდ ამ მიზეზით.
თანაბარ პირობებში ვერ ვიმყოფებოდით იმიტომ, რომ როდესაც ჩვენ ციხეს ვტოვებთ და მოვდივართ სასამართლოს შენობაში, ქვევით არის მოსაცდელი ოთახი, რომელიც ეკუთვნის სასამართლოს და იქ ისეთ პირობებში გვიწევდა გაჩერება, რომ იქიდან გამოსულმა ადამიანმა გამორიცხულია რაიმე ლოგიკურ სამართლიან პროცესში მიიღოს მონაწილეობა. ეს მარტივად შესაცვლელია და მინიმუმ სასამართლომ ამაზე უნდა იფიქროს და იზრუნოს. იქიდან გამოსული ადამიანი უბრალოდ ბედნიერია, რომ იქ აღარ არის.
ამის შემდეგ მადლობას გადავუხდი საბადრაგო სამსახურს. მართალია, ხელზე ბორკილებდადებულს მატარებდნენ, მაგრამ ეს მათი სამსახურია და ჩვენ პატივს ვცემთ მათ სამსახურს. თუმცა მადლობას გადავუხდი იმის გამო, რომ ღირსეული დამოკიდებულება ჰქონდათ მთელი ამ 9 თვის და 39 სხდომის განმავლობაში. ამიტომ მადლობა ამ ადამიანებს, რომ ღირსეულად გვექცეოდნენ და სწორი დამოკიდებულება ჰქონდათ მიუხედავად ჩვენი ბრალდებულის სტატუსისა.
მადლობას გადავუხდი ადვოკატებს, რომლებმაც მართლაც ბევრი შრომა გასწიეს. ეს მათი პროფესიაა, თუმცა იმის გამოც გადავუხდი მადლობას, რომ ეს მათი პროფესიაა და სიმართლის სადარაჯოზე დგანან. 39 სხდომის განმავლობაში ისინი ჩამოდიოდნენ ქუთაისში იმისთვის, რომ ჩვენი სიმართლე დაეცვათ.
სანამ პროკურორებს მადლობას გადავუხდი, იქამდე ერთი გულდასაწყვეტი ფაქტი იყო, რომელიც შეურაცხმყოფელი იყო ჩემთვის და უნდა ვთქვა – როდესაც მათ რეპლიკისთვის მოითხოვეს სხდომა, მოვიდნენ დაწერილი ტექსტით და იმ ტექსტში ვერ გაიგებდით, ვინ იყო ბრალდებული და ვინ – მოწმე. მინიმუმ იმდენ პატივს უნდა გვცემდნენ, რომ იცოდნენ ციხეში 9 თვის განმავლობაში ვინ ჰყავდათ გამოკეტილი, ვინ არიან ბრალდებულები და ვინ – დაზარალებული.
მადლობას გადავუხდი მათ იმისთვის, რომ პირნათლად გვაჩვენეს, რაც ხდება ჭიათურაში, ვის იმედზე არიან ის ადამიანები, ვის ეყრდნობიან და ვისი იმედი აქვთ საბოლოოდ. ამ დიდ დანაშაულს ვერ ჩაიდენდნენ ისე, ზურგს რომ არ უმაგრებდეთ… არ ვიცი, ვინ არიან ეს ადამიანები, თუმცა პროკურატურამ ნათლად წარმოგვიდგინა, გვაჩვენა, თუ როგორი არჩევითია დანაშაული და როგორი შერჩევითი.
არჩევითია იმიტომ, რომ ჩვენ გვედავებიან ვიღაცის ჯანმრთელობის დაზიანებას მაშინ, როცა ჭიათურის მოსახლეობის 80% ონკოლოგიურად დაავადებულია და ამის დამნაშავეებიც იცით ვინც არიან. ეს არის ზუსტად ჯგუფურად ორგანიზებული დანაშაული, რომელსაც სჩადიან ჭიათურის მოსახლეობის წინააღმდეგ.
კიდევ გვედავებიან ნივთის დაზიანებას გაურკვეველ ვითარებაში, გაურკვეველ გარემოებაში მაშინ, როდესაც გიორგი ნეფარიძეს [ბრალდებული] საკუთარი სახლ-კარი დაუზიანა კომპანიამ და ამის გამო მთელი სოფელი და ნახევარი ჭიათურა განადგურებულია და ეს კარგად იცის პროკურატურამ, როდესაც ჩვენ აქ ვართ ბრალდებულები და გვედავებით ისეთ რაღაცას… იმის ნაცვლად, რომ მტკიცებით ფორმაში ყოფილიყავით, თავდაცვის რეჟიმში იყავით. ამას ჩემი თქმა არ სჭირდება, ეს უბრალოდ ფაქტი იყო“, – თქვა გველესიანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ერთ მხარეს არიან საქმეში დაზარალებულად ცნობილი კობერიძე, მისი მეგობრები და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლები, რომლებსაც არ ადარდებთ ჭიათურის მდგომარეობა და მეორე მხარეს არიან კომპანიის მიერ დაზარალებული და მათ გვერდში მდგომი ადამიანები.
თენგიზ გველესიანმა ბოდიში მოუხადა ოჯახებს, „რომ ჩვენ გამო უწევდათ ამდენი უსამართლობის ატანა, თუმცა აქ არაფერი სრულდება, ღმერთი არის ჩვენი მფარველი”.
თენგიზ გველესიანი ჭიათურაში პროტესტის 3 მონაწილესთან – გიორგი ნეფარიძესთან, მერაბ სარალიძესთან და აჩიკო ჭუმბურიძესთან ერთად 29 აპრილს დააკავეს.
მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს ედავებიან შუქრუთის მაღაროს დირექტორზე ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, ხოლო არჩილ ჭუმბურიძესა და თენგიზ გველესიანს – ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილეობას.
გიორგი ნეფარიძემ და მერაბ სარალიძემ საბოლოო სიტყვის უფლებით 12 იანვარს ისარგებლეს.
საქმე ეხება 2025 წლის 28 აპრილს, ჭიათურის პროტესტის მონაწილეებსა და შუქრუთის მაღაროს დირექტორს შორის მომხდარ ინციდენტს. გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულები შუქრუთის მაღაროს დირექტორს, თენგიზ კობერიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.
საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა 2025 წლის 30 აპრილს მათ ბრალი დაუმძიმდათ.
მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, ხოლო აჩიკო ჭუმბურიძეს და თენგო გველესიანს მხოლოდ მონაწილეობას ედავებიან.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6-დან 9 წლამდე. ხოლო მასში მონაწილეობა – თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 6 წლამდე.