თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძემ არ დააკმაყოფილა „ტროტუარის საქმეზე“ ლაშა სონგულიას საჩივარი, რომლითაც ის პირველ ინსტანციაში თავისი საქმის შეწყვეტასა და რეაგირების მიზნით შსს-სთვის გადაცემას ასაჩივრებდა.
სონგულიას ტროტუარზე დგომისთვის, შესაძლოა, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს.
რას ედავებიან ლაშა სონგულიას და რას მოითხოვს ის?
შსს ლაშა სონგულიას 2025 წლის 17 დეკემბერს პარლამენტთან ტროტუარზე ხალხის გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავება. 8 იანვრის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყვიტა და შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო შემდგომი რეაგირებისთვის საქმე შსს-ს გადასცა.
ლაშა სონგულია ზემდგომ ინსტანციაში მოითხოვდა, გაუქმებულიყო პირველი ინსტანციის სასამართლოს ეს დადგენილება.
სონგულია ასევე მოითხოვდა საქმის წარმოების შეჩერებას კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე და სააპელაციო პალატის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვას.
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულმა პალატის მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ საჩივარი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა.
2026 წლის 10 თებერვლის დადგენილებაში მურუსიძე წერს, რომ სააპელაციოს ადმინისტრაციული პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ ლაშა სონგულიას საქმე, შესაძლოა, შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს.
„პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად შეწყვიტა ლაშა სონგულიას მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული დარღვევის საქმისწარმოება და შემდგომი რეაგირებისთვის სწორად გადასცა შინაგან საქმეთა სამინისტროს.
…საჩივრის ავტორმა ვერ დაძლია მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივარში აღნიშნული მოსაზრებები გასაჩივრებული დადგენილების უკანონობასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და ვერ გახდება გასაჩივრებული დადგენილების სამართლებრივი საფუძველი“, – აღნიშნულია მურუსიძის დადგენილებაში.
მურუსიძე წერს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა სააპელაციო სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილებაა. ამასთან, აღნიშნავს, რომ საჩივრის ავტორის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერებასა და საკონსტიტუციოსთვის მიმართვის თაობაზე მოკლებულია ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს.
„სასამართლო საკუთარი მიხედულებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში წყვეტს, არსებობს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლები. კონსტიტუციური წარდგინების აუცილებლობამდე სასამართლო დამოუკიდებლად მიდის და არა პროცესის მონაწილეთა შუამდგომლობების დაკმაყოფილების გზით“, – წერს მურუსიძე.
რატომ გადაეცა სონგულიას ადმინისტრაციული საქმე „შემდგომი რეაგირებისთვის“ შსს-ს
ადმ. სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილი, რომელიც ტროტუარზე დგომას ზღუდავს, ასევე აერთიანებს საავტომობილო გზის ხელოვნურად გადაკეტვასაც.
სწორედ საავტომობილო გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით იყო ლაშა სონგულია წარსულში სახდელდადებული. მას პირველ ჯერზე 5000-ლარიანი ჯარიმა ჰქონდა დაკისრებული, ხოლო შემდეგ – 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.
ტროტუარზე დგომის გამო დაწყებული ადმინისტრაციული სამართალწარმოება სასამართლომ ამ მუხლის განმეორებით დარღვევად მიიჩნია.
„ოცნების“ მიერ კანონში შეტანილი რეპრესიული ცვლილებით, 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილის განმეორებით დარღვევა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს.
ლაშა სონგულია „პუბლიკას“ ეუბნება, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების კონსტიტუციურობა სასამართლოში ორ მოსარჩელესთან ერთად გაასაჩივრა.