საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო ანა ბდეიანის, ლიზი უბილავასა და ლაშა სონგულიას სარჩელი, რომელიც ე.წ. ტროტუარების საქმეს უკავშირდება. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მათ მიმართ დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები – ღირსების ხელშეუვალობა (მუხლი 9), შეკრების თავისუფლება (მუხლი 21, პუნქტი პირველი) და კანონის უკუძალის აკრძალვა (მუხლი 31, პუნქტი 9).
ავტორები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმები, რომლებიც მოქალაქეებს შეეხოთ ან მომავალში შეეხებათ და ამასთანავე აქვს „მსუსხავი ეფექტი“, ზღუდავს შეკრების უფლებას. ამიტომ მოითხოვენ, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით:
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მეორე პუნქტი: 2. შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ: ე) განზრახ შექმნან დაბრკოლებები ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის, მათ შორის, დაარღვიონ ამ კანონის 11 პრიმა მუხლის მოთხოვნები;
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლის შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა. ნაწილი 10.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2პუნქტის „ა2 “, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და 11 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა – გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის „მუხლი 347. შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევა:
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლის მე-9 ან მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილებით განსაზღვრული რომელიმე ქმედების ჩადენა − ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ერთ წლამდე.
იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორ წლამდე.
მოქალაქეთა წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში ანა ფირცხალაშვილია. უფლებადამცველმა ის ნორმები გაასაჩივრა, რომლებიც ძალაში შევიდა 2025 წლის 10 დეკემბრის ცვლილებებით, კერძოდ, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში აიკრძალა შეკრებისას გადაადგილებისთვის დაბრკოლებების შექმნა, მათ შორის, ტროტუარზე ქვეითთა შეუფერხებელი მოძრაობის ხელშეშლა, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრა 174¹ მუხლით, ხოლო განმეორების შემთხვევაში სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს სსსკ-ის 347-ე მუხლით.
მოსარჩელეებმა საკონსტიტუციო სასამართლოს ორი შუამდგომლობით მიმართეს. ერთი, რომ საქმის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედება შეჩერდეს და მეორე, მოწმის სახით პროცესზე გამოიკითხოს ადვოკატი მარიკა არევაძე.
„მოწმის სახით უნდა გამოიკითხონ ის იურისტები/ადვოკატები, რომლებიც სადავო ნორმებთან დაკავშირებით სასამართლო პროცესებზე იცავდნენ მოსარჩელეებს, მათ შეუძლიათ, კარგად წარმოადგინონ, თუ როგორ განიმარტება, ერთი მხრივ, შსს-ს მიერ, და მეორე მხრივ, საერთო სასამართლოს გადაწყვეტილებებით სადავო ნორმები პრაქტიკაში” – წერია სარჩელში.
სარჩელის ავტორები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმები კონსტიტუციის მუხლებთან შეუსაბამობაშია.
უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ სადავო ნორმით დადგენილი „ხალხის სავალი ნაწილი“ განუსაზღვრელი ხასიათისაა: „პარკი, ნებისმიერი ტროტუარი და ყველა ის ადგილი, რომელიც არ არის ტრანსპორტის სავალი ადგილი, არის ხალხის გადაადგილებისთვის გათვალისწინებული“. სწორედ ამიტომ, მოსარჩელის თქმით, „ამგვარი განუსაზღვრელი მოქმედებისთვის“ მკაცრი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი სახდელი და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოსარჩელეების მიმართ კონსტიტუციის რამდენიმე მუხლის დარღვევას იწვევს და ასევე, ზოგადად, იმ პირებისთვის, რომლებიც მომავალში გამოხატვისა და შეკრების კონსტიტუციური თავისუფლებით ისარგებლებენ.
დოკუმენტის მიხედვით, მომჩივანი მხარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმების მოქმედება მოსარჩელეთა მიმართ ქმნის გამოუსწორებელი ზიანის რეალურ საფრთხეს. განსაკუთრებით ანა ბდეიანის მიმართ, რომელიც სამი შვილის, მათ შორის ორი არასრულწლოვანის დედაა. მისთვის სისხლის სამართლებრივი პატიმრობის შეფარდება არა მხოლოდ დედის, არამედ შვილებისთვისაც გამოუსწორებელი ზიანის მომტანი იქნება.
„ქმედებისთვის განსაზღვრული სისხლის სამართლებრივი სასჯელი არის ყველაზე მკაცრი ზომა და მისი გამოყენება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც დანაშაულთან სხვაგვარად ბრძოლა ან მისი აღმოფხვრა შეუძლებელია“, – ნათქვამია სარჩელში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმები მათ [მოსარჩელეებს] არ აძლევთ უფლებას, პირადი შეხედულებისამებრ გამოხატონ პროტესტი და აღნიშნული რეგულაცია არ ემსახურება საზოგადოებრივ და საჯარო ინტერესს:
„ის [კანონი]არის მხოლოდ დაშინების მიზნით შექმნილი, ხოლო მოსარჩელეებს იყენებს დაშინების ობიექტად სხვათა მიმართ. შესაბამისად, იგი იჭრება საქართველოს კონსტიტუციით დაცულ სიკეთეში და ახლო მომავალშივე უქმნის 1 წლამდე პატიმრობის მყისიერ საფრთხეს მოქალაქეებს“.
დოკუმენტში წერია, რომ შეკრებას სწორედ ქუჩაში აქვს მნიშვნელობა, სადაც ადამიანები გადაადგილდებიან:
„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ქუჩაში, სადაც ადამიანები, თანამოქალაქეები გადაადგილდებიან, აქვს მნიშვნელობა შეკრებას და აზრის გამოხატვას. სახლში, ტყეში, უკაცრიელ კუნძულზე თუ ველად აზრის გამოხატვისა და შეკრების კონსტიტუციური უფლება კარგავს თავის მნიშვნელობას. შესაბამისად, მისთვის ადგილის შერჩევის უფლების გამოცლა იწვევს ამ უფლების შინაარსისგან დაცლას. მით უმეტეს, თუ ქუჩაში, ტროტუარზე მშვიდობიანი შეკრებისათვის, აზრის გამოხატვისთვის დასჯა და მით უმეტეს პატიმრობით დასჯა იქნება შემოღებული, კანონმდებელი რეალურად საერთოდ აუქმებს ამ უფლებას, რადგან შეუძლებელს ხდის უფლების განხორციელებას“.
ამავე სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმა არ ითვალისწინებს, სამართალდარღვევა [ხალხის სავალი ნაწილის გადაკეტვა] ხდება მშვიდობიანი აქციის დროს თუ არა, აღნიშნული სტანდარტი კი არის „ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეფასების კრიტერიუმი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის“.
ბდეიანიც, უბილავაც და სონგულიაც ხშირად გამოხატავენ პროტესტს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და პარლამენტის მიმდებარედ გამართულ აქციებშიც მონაწილეობენ. ყველა მათგანი უკვე სახდელდადებულია – 2025 წლის დეკემბრამდე მიღებული დადგენილებებით ისინი ადმინისტრაციული წესით ერთხელ უკვე დააკავეს.
მოსარჩელე მხარე ამბობს, რომ ახალი დადგენილებები, რომლებიც უკვე 2025 წლის 10 დეკემბერს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების შემდგომ გამოიცა და განმეორებით იმავე ქმედების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ადგენს, არ უნდა გავრცელდეს ძველ საქმეებზე, როდესაც ქმედება მისი ჩადენისას სამართალდარღვევად არ მიიჩნეოდა და შესაბამისად, არც პასუხისმგებლობა იყო გათვალისწინებული.
აღსანიშნავია, რომ „ტროტუარების საქმესთან“ დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს ცოტა ხნის წინ სხვა მოქალაქემაც მიმართა. 5 თებერვალს სასამართლომ წარმოებაში მიიღო სარჩელი – „სანდრო მირცხულავა საქართველოს პარლამენტის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, მომჩივანი ასაჩივრებს შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რადგან მიიჩნევს, რომ ისინი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-9, მე-11, მე-13, მე-15, მე-17 და 21-ე მუხლებით გარანტირებულ უფლებებს – აწესებს წინასწარი ნებართვის რეჟიმს, არაპროპორციულ სანქციებსა და სახის ამომცნობი ტექნოლოგიებით იდენტიფიცირების წესს, რაც, მისი შეფასებით, არაკონსტიტუციურ და დისკრიმინაციულ შეზღუდვას წარმოადგენს.
საკონსტიტუციო სასამართლოში ჯერ არ დარეგისტრირებულა, თუმცა 20 იანვარს სახალხო დამცველმაც მიმართა სასამართლოს სარჩელით. ლევან იოსელიანმა გაასაჩივრა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმები, რომლებიც კრძალავს სახის დაფარვას, ადგენს ჯარიმებს და აწესებს უალტერნატივო პატიმრობას. სარჩელი ასევე ეხება განმეორებითი ქმედების შემთხვევაში დაწესებულ პასუხისმგებლობას, რომელიც ორგანიზატორებისა და მონაწილეების, მათ შორის არასრულწლოვანების, თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
2026 წლის იანვრიდან მოყოლებული ე.წ ტროტუარების საქმეებზე სასამართლომ 20-მდე მოქალაქე ცნო სამართალდამრღვევად: ნაწილს სიტყვიერი შენიშვნა მისცეს, ნაწილი კი ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვეს.